საჭირო ინგრედიენტები:
ინდაურის ხორცი - 1 კგ;
ხახვი - 600 გრ;
ქინძი - 2 საშუალო კონა;
ნიგოზი - 300 გრ;
ნიორი - 2-3 კბილი;
მარილი, შავი პილპილი და თეთრი ღვინის ძმარი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
გასუფთავებულ ინდაურს გააცალეთ კანი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად ისე, რომ ხორცი ძვალს არ მოაშოროთ;
დაჭრილი ხორცი მოათავსეთ ქვაბში.
ჩაამატეთ გარჩეული ხახვი დაუჭრელად და გარეცხილი ქინძის მთლიანი კონები. დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს.
შედგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და მოხარშეთ;
როგორც კი ხორცი მოიხარშება, ქვაბიდან ფრთხილად ამოიღეთ მთლიანი ხახვი და ქინძის კონა. შემდეგ კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზთან და ნიორთან ერთად;
მოხარშული ხორცი ამოიღეთ ქვაბიდან, ოდნავ შეაგრილეთ და გააცალეთ ძვლები. შემდეგ კი, გატარებულ ინგრედიენტებთან ერთად, ჩააბრუნეთ ნახარშში. დაუმატეთ ძმარი, მარილი, შავი პილპილი და წამოადუღეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში.
კერძი მზად არის.
შენიშვნა:
ინდაურის ეს ნიგვზიანი კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ასევე, ცივად;
სურვილის შემთხვევაში, ინდაურის ხორცს პირველი ნახარში წყალი შეგიძლიათ გადაუწუროთ. შემდეგ დაამატეთ ანადუღარი წყალი და მომზადება მოცემული რეცეპტის მიხედვით განაგრძეთ;
კერძის მოსამზადებლად 50 წუთი საკმარისია.
გემრიელად მიირთვით!