„ბრაუნი“ - შოკოლადის ტორტის კიდევ ერთი, განსხვავებული რეცეპტი

კულინარია

5 თებერვალი 12:00
130

თუ შოკოლადისა და შოკოლადისგან დამზადებული დესერტების მოყვარული ხართ, მათ შორის „ბრაუნი“ აუცილებლად იქნება. დღეს ამ პოპულარული დესერტის განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ.

ცომისთვის დაგჭირდებათ:

ნიგოზი - 150 გრ.
შავი შოკოლადი - 100 გრ.
ფქვილი - 225 გრ.
კაკაო -20 გრ.
ცომის გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
შაქარი - 100 გრ.
ყავისფერი შაქარი - 100 გრ.
მზესუმზირას ზეთი - 225 მლ.
ვანილი - 1 შეკვრა,
მარილი - ნახ. ჩ/კ
კვერცხი - 3 ცალი 
რძე - 2 ს/კ.


კრემისთვის დაგჭირდებათ:


თეთრი შოკოლადი - 175 გრ.
არაჟანი - 150 გრ.
ფორთოხლის ცუკატები - 50 გრ


ტორტის მოსართავად დაგჭირდებათ:


შავი შოკოლადი - 100 გრ.
ნიგოზი - 100 გრ.
მომზადების წესი:



ტორტისთვის კრემი წინასწარ უნდა მოამზადოთ.
შოკოლადი დატეხეთ. მოათავსეთ ლითონის ჯამში არაჟანთან ერთად და  დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე გაადნეთ. მასა მეორე ჯამში გადაიტანეთ და მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ.

ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო აურიეთ და გაცერით. ცომის დანარჩენი ინგრედიენტები ნიგვზისა და შოკოლადის გარდა, დაუმატეთ და ჯერ მინიმალური, შემდეგ მაქსიმალური სიჩქარით, დაახლოებით, 5 წუთი თქვიფეთ. ბოლოს ნიგოზი და შოკოლადი მსხვილად დაჭერით და ცომს დაუმატეთ.

დაახლოებით, 20 სმ. დიამეტრის ფორმას კარაქი წაუსვით. სასურველია, თუ ფორმის ძირზე ცხიმწასმულ კულინარიულ ქაღალდს ჩააფენთ. ცომი ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე, დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

ფორმა კარგად რომ გაცივდება, ტორტის ბისკვიტი ამოიღეთ და კრემის მომზადება დაიწყეთ.

წინა დღეს მომზადებული და გაციებული არაჟნის კრემი კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ დაჭრილი ცუკატები და ბისკვიტს წაუსვით.

ტორტის მოსართავად, შოკოლადი დატეხეთ, პატარა ჯამში ჩაყარეთ და დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე გაადნეთ. გამდნარი შოკოლადი წვრილთავიან მოსართავ ფორმაში გადაიტანეთ და ტორტი ზოლებით მოხატეთ. სანამ შოკოლადი გაცივდება, ტორტის ზედაპირზე ნიგვზის ლებნები ლამაზად მოაწყვეთ. გემრიელად მიირთვით.

შენიშვნა:
„ბრაუნის“ ბისკვიტი ხანგრძლივად და კარგად ინახება, ამიტომ შეგიძლიათ, დაგეგმილ წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხოთ და ალუმინის ფოლგაში გაახვიოთ. შესაძლებელია, მისი გაყინვაც.
თუ გამდნარი შოკოლადის მასაში რამდენიმე წვეთ რომს დაუმატებთ და კარგად აურევთ, გაცილებით პრიალა კონსისტენციის მინანქარს მიიღებთ.