თავიდანვე შეგახსენებთ რამდენიმე ნიუანსს, რომლებზეც გამოცხობის დროს ყურადღების გამახვილება გმართებთ:
- იმისთვის, რომ ტკბილი და საფუარიანი ცომი კარგად აფუვდეს, სამზარეულოში არ უნდა იყოს ორპირი ქარი.
- პასკები გამოაცხვეთ თბილ ოთახში;
- წინასწარ მოამზადეთ ცომი და გააჩერეთ, მინიმუმ, 8 საათი.
- ისარგებლეთ ხარისხიანი საფუარით.
- ცომის მოზელა დაიწყეთ საღამოს. დილას გადაზილეთ ცომი და დაიწყეთ პასკის ცხობა.
- რეცეპტში მითითებული პროდუქტების რაოდენობის მიხედვით მიიღებთ, დაახლოებით, 6 ცალ ხუთასგრამიან პასკას.
- ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელსა და პასკების ზომებზე. დაარეგულირეთ ტემპერატურა ისე, რომ პასკები არ დაიწვას.
- გამომცხვარია თუ არა პასკა, შეამოწმეთ ხის ჩხირით.
ახლა კი მასალა ცომისთვის:
შაქარი - 500 გრ
კვერცხი - 6 ცალი
რძე - 500 მლ
კარაქი - 300 გრ
საფუარი - 50 გრ
ფქვილი უმაღლესი ხარისხის - 1,5 კგ
მარილი - 1 ჩ/კ
ვანილი - 1 ჩ/კ
ქიშმიში და ცუკატი - 150 გრ
ზეთი - ფორმებზე წასასმელად
მომზადების წესი:
1. თბილ (არა ცხელ) რძეში გახსენით საფუარი.
2. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, სანამ სქელ ქაფს არ მიიღებთ.
3. კარაქი გაალღვეთ, გააგრილეთ და შემდეგ, გაგრილებული და დამდნარი კარაქი გადაიტანეთ რძიან და საფუარიან თასში.
4. იქვე დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და შაქარი. ყველაფერი კარგად გადაურიეთ, გადააფარეთ ტილო და დადეთ თბილ ადგილას. ცომის მომზადება დასრულებულია.
5. დილით გადაზილეთ ცომი, დაამატეთ მარილი და ვანილი, შემდეგ მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და კვლავ შეფუთეთ.
6. ქიშმიში დაალბეთ თბილ წყალში. შემდეგ გადაიტანეთ ტილოზე გასაშრობად, და მხოლოდ ამის შემდეგ მოაყარეთ ცომს. ცომი ზილეთ, მინიმუმ, 20 წუთი (სასურველია, მეტი), სანამ ცომი ადვილად არ მოგშორდებათ ხელიდან.
7. გადაანაწილეთ ცომი ფორმებში. ჩაასხით თითოეულ ფორმაში ცომი ისე, რომ ფორმის 1/3 შეავსოთ. სანამ ცომს გადაიტანთ, ფორმებს მცენარეული ზეთი წაუსვით. თუკი ქაღალდის ფორმებს იყენებთ, მათ წინასწარ ზეთის წასმა არ სჭირდება.
8. დადგით ფორმები თბილ ადგილას 1,5-2 საათით, რათა ცომი კარგად მოერგოს ფორმას. როგორც კი შენიშნავთ, რომ ცომი საკმარისად აფუვდა, დროა, ცომიანი ფორმები ღუმელში მოათავსოთ. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
სცადეთ, ნამდვილად უგემრიელესი და არომატული პასკა გამოგივათ.
ბრწყინვალე აღდგომის დამდეგ დღესასწაულს გილოცავთ!