ციმბიდიუმი - ყველაზე მარტივად მოსავლელი ორქიდეა

მებაღის რჩევები

20 აპრილი 14:00, 2016 წელი
92

ციმბიდიუმი, სხვა ორქიდეებისგან განსხვავებით, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და შეგიძლიათ, ჩვეულებრივ ოთახის პირობებშიც გამოზარდოთ.


ციმბიდიუმი (ლათ. Cymbidium)
- ორქიდეასებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც, სხვა ორქიდეებისგან განსხვავებით, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და შეგიძლიათ, ჩვეულებრივ ოთახის პირობებშიც გამოზარდოთ.
ბუნებაში ციმბიდიუმის 60-ზე მეტი სახეობა არსებობა, რომლებიც, ძირითადად, ინდოეთის ტროპიკულ ტყეებში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იაპონიაში, მცირე არქიპელაგის კუნძულებზე და ინდოჩინეთისა და ავსტრალიის ცივ მთიან ადგილებშია გავრცელებული.
ციმბიდიუმს ვიწრო და გრძელი ფოთლები აქვს, რომელიც შეიძლება იყოს წვეტიანი ან მომრგვალებული. თითოეულ მყარ, მწვანე „ფსევდოტოტზე“ რვა ფოთოლია შეკრული. შესაბამის პირობებში, ციმბიდიუმზე ფოთლები შეგიძლიათ, 3 წლამდეც კი შეინარჩუნოთ. 3 წლის შემდეგ ძველი ფოთლები თანდათან ჭკნობას იწყებს და მათ ახალი, ნორჩი ფოთლები შეცვლის.
ციმბიდიუმის ყვავილები არომატული და სურნელოვანია. ისინი ყვავილედზე ძლებს დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში. ყვავილების შეფერილობა შეიძლება იყოს ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი, წითელი და ვარდისფერი.
რაც შეეხება ყვავილობის პერიოდს, ციმბიდიუმის სხვადასხვა სახეობები სხვადასხვა დროს ყვავის, რაც საშუალებას იძლევა, წელიწადის ნებისმიერ დროს დატკბეთ მცენარის ყვავილობით.
მემცენარეობაში განსაკუთრებით პოპულარულია ციმბიდიუმის მინიატურული ჰიბრიდები, რომლებიც, როგორც წესი, იაპონიიდან და ჩინეთიდანაა შემოტანილი.

განათება
ციმბიდიუმი სინათლისმოყვარული ორქიდეაა, მხოლოდ ზაფხულობით მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. ზამთარში სასურველია, სპეციალური ლამპებით გაანათოთ. სასარგებლოა განიავებაც, ოღონდ არა - ორპირი ქარი.



ტემპერატურა
ციმბიდიუმს სიგრილე უყვარს, მაგრამ, რადგან არ გააჩნია მოსვენების პერიოდი, ამიტომ ყველაზე კარგი იქნება, მუდმივად 16-20 გრადუსზე ამყოფოთ. კარგი იქნება ტემპერატურის მონაცვლეობა დღე-ღამის განმავლობაში, ანუ ღამით ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით დაუკელით. წელიწადის თბილ დროს სასარგებლოა მცენარის გამოტანა სუფთა ჰაერზე - ეზოში, ან აივანზე.

მორწყვა
გაზაფხულიდან შემოდგომამდე მცენარე უხვად მორწყეთ ისე, რომ მიწა ქოთანში მუდმივად ტენიანი იყოს. მოსარწყავად აუცილებლად გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი. მორწყვის შემდეგ ქოთნის სადგამზე დარჩენილი წყალი მაშინვე გადაღვარეთ. ზამთარში მცენარე შედარებით იშვიათად მორწყეთ, თუმცა  ნიადაგის გამოშრობაც დაუშვებელია.

ჰაერის ტენიანობა
ციმბიდიუმი ჰაერის მაღალი ტენიანობის მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ არის და საშუალო (50-60%) ტენიანობაც სრულიად საკმარისია მისთვის. ასეთი ტენიანობის შესანარჩუნებლად კი ფოთლებზე წყლის შესხურება საჭირო არ გახლავთ და საკმარისია მხოლოდ ქოთნის სადგამზე დაყაროთ სველი კენჭები, ან კერამზიტი.

განოყიერება
კვირაში 2-ჯერ ციმბიდიუმი უნდა გაანოყიეროთ თხევადი მინერალური სასუქებით. ყველაზე კარგია ორქიდეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქის გამოყენება. განოყიერება აუცილებლად განაგრძეთ ზამთარშიც, მხოლოდ წელიწადის ამ დროს ნაკლებად აზოტიანი სასუქები  უნდა გამოიყენოთ.

გადარგვა
სხვა ორქიდეების მსგავსად, ციმბიდიუმიც ცუდად რეაგირებს გადარგვაზე, ამიტომ, თუ ძალიან აუცილებელი არ არის, საერთოდ ნუ გადარგავთ. აჯობებს მცენარეს ყოველწლიურად მხოლოდ მიწის ზედა ფენა შეუცვალოთ - ძველი მიწა ფრთხილად ამოიღეთ და მის ნაცვლად ორქიდეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სუბსტრატი ჩაყარეთ.

ნიადაგი
ციმბიდიუმისთვის სპეციალურად ორქიდეებისთვის განკუთვნილი ნიადაგი უნდა შეიძინოთ, ან შეგიძლიათ, შესაბამისი სუბსტრატი ფიჭვის ქერქით, სფაგნუმით, ხის ნახშირით, ვერმიკულატით, კერამზიტით, მსხვილი ქვიშითა და ფოთლოვანი მიწისგან მოამზადოთ.

გამრავლება
ციმბიდიუმი ყველაზე მარტივად ბუჩქის დაყოფით მრავლდება. ბუჩქის დაყოფა შეგიძლიათ, ადრიან გაზაფხულზე განახორციელოთ, ან მას შემდეგ, რაც მცენარე გადაიყვავილებს. ახალგადარგული მცენარე 1-2 თვის მანძილზე ზომიერად უნდა მორწყოთ, ხოლო როგორც კი ზრდა-განვითარებას დაიწყებს, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.