ბზა შეგიძლიათ, ქოთანშიც გაახაროთ

მებაღის რჩევები

23 აპრილი 12:00, 2016 წელი
688

ბზა ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, რომელიც, მართალია, ღია გრუნტისთვისაა განკუთვნილი და, ძირითადად, ბაღების, ეზოებისა და გაზონების გასამწვანებლად იყენებენ, თუმცა შეგიძლიათ, ნელი ზრდის გამო საკმაოდ დიდხანს ქოთანშიც გქონდეთ.

ბზა (ლათ. Buxus) - ბზისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარე, რომელიც 100-მდე ბუჩქოვან და ხისებ სახეობას აერთიანებს და ძირითადად, გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში - ვესტ-ინდოეთში, მადაგასკარსა და აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება ბზის ორი რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (ლათ. Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (ლათ. Buxus hyrcana). გარდა ამისა, საქართველოში მოშენებულია ბზის უცხოური სახეობებიც: ჩვეულებრივი, ანუ მარადმწვანე ბზა (ლათ. Buxus sempervirens), წვრილფოთოლა ბზა (ლათ. Buxus microphylla), იაპონური ბზა (ლათ. Buxus japonica) და ბალეარული ბზა (ლათ. Buxus balearica).
ბზა არ არის ოთახის მცენარე - მას, ძირითადად, ბაღების, ეზოებისა და გაზონების გასამწვანებლად იყენებენ, თუმცა რადგან ნელა იზრდება და ფორმირებასაც კარგად იტანს, შეიძლება რამდენიმე წელი  ქოთანშიც გქონდეთ.


განათება

ბზა სინათლის მოყვარული მცენარეა, თუმცა გაფანტული შუქი სჭირდება, ამიტომ კარგი იქნება, ზაფხულის ცხელ დღეებში შუადღის მწველი მზე ფარდით მოუჩრდილოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ბზას ეზოში ახარებთ, უმჯობესია, ის დარგოთ მაღალი ბუჩქების ან ხეების ჩრდილქვეშ.

ტემპერატურა
გაზაფხულსა და ზაფხულში ბზას ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურა სჭირდება, თუმცა უკეთესი იქნება, თუ გაზაფხულიდან (როგორც კი დათბება) მცენარეს სუფთა ჰაერზე გამოიტანთ, აივანზე, ან ეზოში მოათავსებთ და იქ შემოდგომის დადგომამდე დატოვებთ.
ზამთარში მცენარე შედარებით გრილ ოთახში - 16-18 გრადუსზე გამოაზამთრეთ, თუმცა ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ და ტემპერატურა 12 გრადუსს არ ჩამოსცდეს.
არსებობს ბზის ყინვაგამძლე სახეობებიც, რომლებიც ზამთარში ღია გრუნტში უნდა დატოვოთ, მხოლოდ სპეციალური შეფუთვა გაუკეთეთ.

ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობის მიმართ მცენარე მაინცდამაინც მომთხოვნი არ არის, თუმცა პერიოდულად ფოთლებზე წყლის შესხურებაც არ აწყენს.

მორწყვა
ზაფხულობით მცენარე რაც შეიძლება უხვად მორწყეთ, ზამთარში კი ტემპერატურიდან გამომდინარე - თუ ოთახში ცივა, მაშინ იშვიათად, ხოლო თუ შედარებით მაღალ ტემპერატურაზე აზამთრებთ, მაშინ შედარებით ხშირად მორწყეთ.

განოყიერება
მარტიდან აგვისტოს ბოლომდე მცენარე ყოველ 2 კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ. გასანოყიერებლად აზალიებისთვის განკუთვნილი სასუქები გამოგადგებათ.

ნიადაგი და გადარგვა
ბზას გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება. უმჯობესია, ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.
ნიადაგი უცილებლად ნეიტრალურად მჟავე მოამზადეთ - 1 წილი წიწვოვანი მიწა, 2 წილი ფოთლოვანი მიწა და 1 წილი ქვიშა ერთმანეთში გადაურიეთ. კარგი იქნება, ცოტაოდენ არყის ხის ნახშირის ნატეხებსაც თუ დაამატებთ.

გამრავლება
ბზა შეგიძლიათ, გაამრავლოთ ტოტით და თესლით, თუმცა თესლით გამრავლება ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამიტომ მას იშვიათად მიმართავენ.
რაც შეეხება ტოტით გამრავლებას, მარტივი არც ეს გახლავთ, მაგრამ მთავარია, წესები იცოდეთ - მოაჭერით მცენარეს 7-8 სმ-ის სიგრძის ნახევრად გახევებული ტოტი, ქვედა ფოთლები მოაცალეთ და ფხვიერ ნიადაგში (თანაბარი რაოდენობის ტორფისა და ბაღის მიწის ნარევში) მოათავსეთ. კარგი იქნება, თუ ტოტს ნიადაგში ჩარგვამდე სპეციალური ფიტოჰორმონებით (კორნევინი, ჰეტეროაუქსინი) დაამუშავებთ. დასაფესვიანებელ ტოტს ზემოდან აუცილებლად შუშის ქილა, ან პოლიეთილენის ბოთლი დააფარეთ. რეგულარული (ყოველდღე ან დღეგამოშვებით) მორწყვით ტოტი დაახლოებით 3-4 კვირაში დაფესვიანდება, რის შემდეგაც გადარგეთ ქოთანში ან ბაღში (სურვილისამბერ) და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.

გასხვლა
ბზა გაზაფხულზე (აპრილში ან მაისის დასაწყისში) უნდა გაისხლას, რა დროსაც მას შეგიძლიათ, მისცეთ ნებისმიერი ფორმა - ოთხკუთხედი, კონუსის, მრგვალი და ა.შ., ან შედარებით „კორექტულად“ გასხლათ და მხოლოდ ნორჩი ყლორტები შეაჭრათ რამდენიმე სანტიმეტრზე.  

მავნებლები
მცენარის ყველაზე საშიში მტერია ბზის ალურა, რომელიც ანადგურებს ბზის არა მარტო ნაზ, არამედ მოუხეშო ფოთლებსაც. ამიტომ როგორც კი შენიშნავთ მავნებელს, მცენარე სპეციალური პრეპარატებით - კარბოფოსით ან ფუფანონით შეწამლეთ. თუ ერთი შეწამვლით მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, პროცედურა 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ.
ბზას შეიძლება ზოგჯერ ფოთლებზე ლაქები გაუჩნდეს, ასეთ დროს კარგი იქნება თუ დაზიანებულ ადგილებს ფუნგიციდებით, რამდენიმეჯერ დაამუშავებთ.
გარდა ამისა, მცენარე შესაძლოა, ბზის კიბოთიც დაავადდეს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მცენარეს სასწრაფოდ მოაჭრათ დაზიანებული ტოტები, ჭრილობები კი ფუნდაზოლით დაუმუშავეთ.