კლეროდენდრუმი - „ბედისწერის ხე“

მებაღის რჩევები

8 ივნისი 14:00, 2016 წელი
272

ეს ულამაზესი ყვავილოვანი მცენარე, იავანური ლეგენდის მიხედვით, ადამიანისთვის ბედნიერების მომტანია.


კლეროდენდრუმი (ლათ. Clerodendrum)
- მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ხისებრი ან ბუჩქისებრი მცენარე, რომელთა უმრავლესობა ხვიარა ფორმისაა და ბუნებაში, ძირითადად, აზიისა და აფრიკის ტროპიკებსა და სამხრეთ ამერიკაში ხარობს.
კლეროდენდრუმი ქართულად „ბედისწერის ხეს“ ნიშნავს და იავანური ლეგენდის მიხედვით, ადამიანისთვის ბედნიერების მომტან მცენარედ მიიჩნევა.
კლეროდენდრუმის ფოთლები სადაა, გულის ფორმისა და ამობურცული ზედაპირით. ტოტები დრეკადი და ნორჩი აქვს, თუმცა ძალიან მალე ხევდება. კლეროდენდრუმის სახეობათა უმრავლესობას არომატული ყვავილები და ფოთლები აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან თავისი საკუთარი, განუმეორებელი სურნელით გამოირჩევა.
საოთახო მემცენარეობაში კლეროდენდრუმი სწორედ ულამაზესი ყვავილების გამო ფასობს, რომლებიც თითქმის ყველა სახეობას პეპლისებური ფორმის აქვს. მხოლოდ რამდენიმე სახეობას, მაგალითად, Clerodendrum philippinum-სა და Clerodendrum bungei-ს გააჩნია სხვა, არანაკლებ საინტერესო ფორმის ყვავილები, რომლებიც ეგზოტიკურ თაიგულს მოგვაგონებს და ძალიან ლამაზი სანახავია.
კლეროდენდრუმის ყველაზე გავრცელებული სახეობები
ტომსონის კლეროდენდრუმი (ლათ. Clerodendrum thomsoniae)
- ხვიარა ფორმის სწრაფადმზარდი ლიანა, რომელსაც დრეკადი ტოტები აქვს. მცენარის ეს სახეობა ფოთოლმცვენია და ზამთარში ფოთლების ნაწილი სცვივა. მასში ყველაფერი ლამაზია: შესანიშნავი თეთრ-წითელი ყვავილები (ყვავილები თეთრი ფერისაა, ბოლოებში  წითლად დაწინწკლული), უზარმაზარი ფოთლები. ოთახის პირობებში ტომსონის კლეროდენდრუმი მარტიდან ივნისამდე ყვავის (ზოგჯერ ყვავილობა შემოდგომითაც მეორდება) და გამოირჩევა უხვი ყვავილობით.
უმშვენიერესი კლეროდენდრუმი (ლათ. Clerodendrum speciosissimum) - მარადმწვანე მცენარე, რომელიც იზრდება 3 მ-მდე ბუჩქის ფორმით და აქვს ოთხნაწილიანი ფოთლები. ფოთლები მოზრდილი ზომისაა, ბრჭყვიალა, რბილი და გულისებური. მუქი წითელი შეფერილობის ყვავილები კენწეროზეა განლაგებული. ეს სახეობა ყვავის უხვად, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.
სურნელოვანი კლეროდენდრუმი (ლათ. Clerodendrum fragrans) - მარადმწვანე ბუჩქი 1-2 მ. სიმაღლისა და ქვემოთ დაშვებული ტოტებით. ფოთლებიც, ტოტების მსგავსად, ქვემოთ აქვს დაშვებული. ყვავილები თეთრი ფერის აქვს, ალაგ-ალაგ ვარდისფერი და მძაფრი სურნელით (იისა და ციტრუსების სურნელით). კლეროდენდრუმის ეს სახეობა პრაქტიკულად მთელი წელი ყვავის.
უგანდური კლეროდენდრუმი (ლათ. Clerodendrum ugandense) - ნახევრად ბუჩქისებური ლიანა, რომელიც გამოირჩევა ფართო, ლანცეტისებური ფოთლებითა და მოცისფრო ან ლილისფერი პეპლის ფორმის ყვავილებით. ეს სახეობა თითქმის შეუსვენებლად ყვავის.
ფილიპინური კლეროდენდრუმი (ლათ.Clerodendrum philippinum) - ამ სახეობას ძალიან მძაფრი და სასიამოვნო არომატი აქვს, რომელიც ჟასმინის სუნს მოგვაგონებს და განსაკუთრებით ძლიერდება საღამოსა და ღამის საათებში. მცენარე გამოირჩევა მოვარდისფრო-თეთრი ყვავილებით, რომლებიც განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება ხავერდისებური, ფართო და მუქი მწვანე ფოთლების ფონზე.

განათება
კლეროდენდრუმი სინათლის მოყვარული მცენარეა, მაგრამ აჯობებს, მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ კარგად განათებულ ადგილას მცენარე გაცილებით უხვად და ხანგრძლივად ყვავის.

ტემპერატურა
გაზაფხულიდან შემოდგომამდე ოპტიმალური ტემპერატურა 18-25 გრადუსია, ზამთარში კი უმჯობესია, მცენარე 15-18 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსოთ.


ჰაერის ტენიანობა
კლეროდენდრუმი მგრძნობიარეა მშრალი ჰაერის მიმართ და წყლის რეგულარულ შესხურებას საჭიროებს. ეს უმჯობესია, საღამოობით გააკეთოთ, შესასხურებლად კი ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.

მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარის ყველა სახეობა უხვად უნდა მორწყათ, ისე, რომ ნიადაგის ზედა ფენა მუდმივად ტენიანი ჰქონდეს. ზამთარში მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ, თუმცა ეცადეთ, ნიადაგი ძალიანაც არ გამოაშროთ.

განოყიერება
აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე მცენარე ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით გაანოყიერეთ.


ნიადაგი და გადარგვა
კლეროდენდრუმის სუბსტრატი ნაკლებად მჟავე უნდა იყოს და მის შემადგენლობაში ფოთოლდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი მიწა, ქვიშა და ვერმიკულატი უნდა შედიოდეს.
გადარგვა უმჯობესია, გაზაფხულობით განახორციელოთ. გადარგვისას, ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაგავიწყდეთ.

გასხვლა
მოზრდილი ეგზემპლარები აუცილებლად უნდა გასხლათ, ეს უმჯობესია, ადრიან გაზაფხულზე გააკეთოთ. გასხვლა საკმაოდ მარტივია, ამისთვის კლეროდენდრუმის ტოტები მხოლოდ 1/3-ზე უნდა დაამოკლოთ. ეს ხელს შეუწყობს მცენარის უფრო გახშირებას და უხვ ყვავილობას.

გამრავლება
კლეროდენდრუმის ყველა სახეობა კარგად ფესვიანდება წყალში, გაზაფხულზე - უფრო სწრაფად, ზამთარში კი - შედარებით ნელა.
გარდა ამისა, მცენარე შეგიძლიათ, ფესვით წანაზარდის საშუალებითაც გაამრავლოთ.