ნეოფინეტია (ლათ. Neofinetia) - ორქიდეების ოჯახის მინიატურული წარმომადგენელი, რომელიც ლიტოფიტი და ეპიფიტი მცენარეა და ძირითადად, გავრცელებულია იაპონიის კუნძულებზე, ჩინეთსა და კორეაში, სადაც ხავსით დაფარულ კლდეებსა და მსხვილ, დატოტვილ ხეებზე იზრდება.
ნეოფინეტია ძალიან პატარა ზომისაა - სიმაღლეში მხოლოდ 15 სმ-მდე აღწევს. მოკლე ყვავილედებზე რამდენიმე (2-7) ყვავილია განლაგებული, რომლებიც უპირატესად თეთრი შეფერილობისაა, თუმცა გამოყვანილია მცენარის ჰიბრიდული სახეობებიც, რომლებსაც ყვავილები მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი ან იისფერი აქვს. ყვავილები არომატულია, და ეს არომატი განსაკუთრებით საღამოობით მძაფრდება. ბუნებაში მცენარე ზაფხულობით და შემოდგომაზე ყვავის, ოთახის პირობებში კი შესაძლოა, დამატებით გაზაფხულზეც აყვავდეს.
განათება
ნეოფინეტია სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ კარგად განათებულ ადგილას მოათავსეთ. ზამთრის პერიოდში აუცილებელია დამატებით ხელოვნური განათებაც მოუწყოთ.
ტემპერატურა
კარგი განვითარებისა და უხვი ყვავილობისთვის მცენარეს ზომიერი, ოდნავ გრილი ტემპერატურა სჭირდება. ზაფხულში - 20-24 გრადუსი, ზამთარში კი - 15-18 გრადუსამდე. ზაფხულობით სასარგებლოა მცენარის ბაღში გატანაც, სადაც შუადღის მზისგან მოფარებულ ადგილზე მოათავსებთ.
ჰარის ტენიანობა
ნეოფინეტიასთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ საჭიროა, მშრალი ჰაერის პირობებში მცენარეს სასურველი გარემო ხელოვნურად შეუქმნათ. ამისთვის ორქიდეა ქოთნით ფართო ლანგარზე უნდა მოათავსოთ, რომელზეც კენჭები, ნიჟარები და სხვა დეკორატიული მასალა ეყრება. კენჭებიან ლანგარზე წყალს ისე დაასხამთ, რომ ქოთანი წყალს არ ეხებოდეს.
ასე, დროთა განმავლობაში, ქვემოდან აორთქლებული წყალი მცენარეს ტენიან მიკროკლიმატს შეუქმნის და საარსებო გარემოს გაუუმჯობესებს.
მორწყვა
მორწყვის სწორი რეჟიმი აუცილებელია იმისთვის, რომ ნეოფინეტიამ თავი კარგად იგრძნოს. გაზაფხულსა და ზაფხულში ის რეგულარულად უნდა მორწყოთ, ისე, რომ მორწყვათა შორის სუბსტრატი ოდნავ გამოუშრეს. ზამთარში კი მორწყვა საერთოდ შეუწყვიტეთ და წყალი მხოლოდ მიწასთან მოფენილ ხავსზე დააპკურეთ.
განოყიერება
მცენარე მაისიდან ივლისის ჩათვლით, 2-3 კვირაში ერთხელ უნდა გაანოყიეროთ. ამისთვის საჭიროა მოსარწყავ წყალში ნახევარი დოზა ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქი ჩაამატოთ. დოზირებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან დოზის მცირედით გადაჭარბებამაც კი შესაძლოა, მცენარეზე დამღუპველად იმოქმედოს.
ნიადაგი
ნეოფინეტია სპეციალურ სუბსტრატში უნდა ჩარგოთ (დაუშვებელია ჩვეულებრივი მიწის ან ტორფის გრუნტის გამოყენება).
სუბსტრატის ძირითადი შემადგენელია ხის ქერქის (ქოქოსის, ფიჭვის, მუხის და ა.შ.) ნამტვრევები, რომელსაც ცოტაოდენი ნახშირი, კერამზიტი, კორპის ნამცეცები, თიხის ნამტვრევები და კაკლის ნაჭუჭი უნდა დაამატოთ. დროთა განმავლობაში სუბსტრატის შემადგენელი ნაწილები იშლება და ქოთნიდან გამოირეცხება, ამიტომ საჭიროა, ზემოჩამოთვლილი ნაწილები ქოთანში თქვენ თვითონ ჩაამატოთ.
გამრავლება
სახლის პირობებში ნეოფინეტია შეგიძლიათ, ბუჩქის დაყოფის გზით გაამრავლოთ.
ეს შეგიძლიათ, მცენარის გადარგვისას მოახდინოთ.
ამისთვის საჭიროა: დედა ბუჩქი რამდენიმე ნაწილად გაყოთ (ისე, რომ ყოველ ახალ ეგზემპლარზე 4-5 ყლორტი მაინც იყოს), გადასარგავ მცენარეს გადაჭრის ადგილზე დაფხვნილი ხის ნახშირი უნდა მოაყაროთ, შემდეგ ცალკე ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.