პროექტის წესების თანახმად, თითოეულ „ლაივზე“ მონაწილეებიდან ფინალში სამი კონკურსანტი გადადის: ერთს მაყურებელი ირჩევს ზარების საშუალებით, ერთს - ჟიური, ერთიც გენერალური სპონსორის რჩეული ხდება. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმების 43,6 პროცენტი მეგი მიშელიძისა და გიორგი გიგაურის წყვილმა მიიღო, მათ ცეკვა „მთიულური“ შეასრულეს.
კახა ხერხაძე, მეგისა და გიორგის ქორეოგრაფი:
- ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოვიდა და, სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვი მეპარებოდა, რომ გადავიდოდით, მაგრამ ნომერი შედგა, რადგან ხალხს მოეწონა და შედეგიც სახეზეა.
გიორგი გიგაური:
- ვცდილობდი, არ მენერვიულა, რადგან ეს ცეკვაში ხელს შემიშლიდა. თანაც ფეხბურთის გამო ტრავმა მაქვს, ფეხი მტკიოდა, მაგრამ მაინც ვიცეკვე.
მეგი მიშელიძე:
- ძალიან გამიხარდა ფინალში მოხვედრა. მეშინოდა, რა იქნებოდა, მაგრამ ... დიდი მადლობა კახას, მისი დამსახურებაა ეს წარმატება.
ჟიურის რჩეული მომღერალი ნინო წულაია გახდა. არაჩვეულებრივი შესრულებით ნინომ დარბაზისა და ჟიურის წევრების ოვაციები დაიმსახურა. „ასეთი ნომერი ამ კონცერტზე არ ყოფილა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ნინო წულაია:
- გამოსვლის წინ ისე ვღელავდი, როგორც არასდროს, ასეთი რამ სხვა დროს არ დამმართვია. შემდეგ ვიტირე კიდეც, ალბათ, ბედნიერებისგან. მგონი, მამაჩემიც ძალიან ტირის. ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. უღრმესი მადლობა ჟიურის წევრებს, „რუსთავი 2“-ს და ყველა იმ გულშემატკივარს, ვისაც ჩემი ნამღერი მოეწონა.
„ზედაზენის“ რჩეული კი მოცეკვავეთა ჯგუფი Swaggers გახდა.
Swaggers:
- ჩვენ მართლა მაქსიმალური გავაკეთეთ. ძალიან ბედნიერები ვართ, სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. ჯერ არ ვიცით, ფინალში მოვხვდებით თუ არა, ეს მაყურებლის მოწონებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ ბევრად უფრო მაგარი გამოსვლა გვექნება.
პროექტის გენერალური პროდიუსერი გიორგი ხაბურძანია პირველ „ლაივს“ დადებითად აფასებს:
- პირველი „ლაივი“ ყველაზე სანერვიულოა. მით უმეტეს, როცა კასტინგი კარგად მიდის, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ მაყურებელს მოლოდინი გაუმართლო. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სანახაობრივი, სახალისო და შთამბეჭდავი შოუ გაგვეკეთებინა და, მგონი, ფაქტიც სახეზეა. ჟიურის ბოლოს მართლა გაუჭირა არჩევა, ვინ უნდა გადაეყვანა, რამდენიმე ნომერი ძალიან ძლიერი იყო.
- რუსკა მაყაშვილი ჟიურიში დაბრუნდა, არადა თავიდან ითქვა, რომ „ლაივებისთვის“ ჟიურის მეხუთე წევრი შეიცვლებოდა.
- თავიდან არ ვაპირებდით, მაგრამ რუსკა იმდენად ჩაჯდა პროექტის ფორმატში და იმდენად განუყოფელი ნაწილი გახდა, რომ, ალბათ, სხვანაირად არ შეიძლებოდა, ამიტომაც ის ჟიურიში დარჩება.
- რაც შეეხება უცხოელ მონაწილეებს, სამწუხაროდ, ორივე მათგანმა დატოვა პროექტი, ამის შესახებ რას იტყვით?
- ჩემი სუბიექტური აზრით, ევას შემთხვევაში პირველი ნომერი ბევრად ეფექტური იყო, ვიდრე ეს. გენადის რაც შეეხება, ჩვენ მოგვეწონა მისი გამოსვლა და მას ჟიური ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავდა, მაგრამ რას ვიზამთ... როცა ერთმანეთზე უკეთესი ნომრებია, ვიღაც ყოველთვის დარჩება გარეთ, თუმცა გენადის შემთხვევაში მართლა გულდასაწყვეტია.
„ნიჭიერი“ ეკრანს მომდევნო ორშაბათს დაუბრუნდება.