ელენე ოთარაშვილი: „წარმატებისთვის აუცილებელია, მუდმივად საინტერესო იდეები გქონდეს“

PR კლუბი

6 ივნისი 19:10, 2016 წელი
82

წლების წინათ ძალიან პოპულარული გოგონათა ჯგუფ „რონდოს“ წევრი ელენე ოთარაშვილი ამჟამად კომპანია „შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და თავის საქმეში სერიოზული მიღწევები აქვს...


- ელენე, ფართო საზოგადოება  ჯგუფრონდოდანგიცნობდარა გამოცდილებით მოხვედითშატო მუხრანში“?


- ალბათ, ბევრმა არ იცოდა, რომ „რონდოს“ პარალელურად სხვადასხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ვიღებდი უმაღლეს განათლებას. ჯერ იყო კონსერვატორიის ხანა, სადაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საინტერესო პროფესიას დავეუფლე - მუსიკათმცოდნე გახლავართ. კონსერვატორიამ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. კლასიკური მუსიკა თავისთავად ისეთი სფეროა, შედევრებთან და სრულყოფილებასთან გაქვს საქმე. ის ძალიან ხვეწს ადამიანის გემოვნებას, გაჩვევს მძიმე შრომას, ავითარებს შემოქმედებით უნარებს. იცი, როგორ ჟღერს სრულყოფილება. სწავლის პერიოდში საზოგადოებრივ არხზე გადაცემა „ინტერმეცოს“ წაყვანა შემომთავაზეს, რომელიც ცნობილ მუსიკოს შემსრულებლებს ეძღვნებოდა. ნახევარი წლის განმავლობაში ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლდით. მაშინ, სულ რაღაც, 19 წლის ვიყავი და ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო.


 კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე მაგისტრატურაში სწავლა გამეგრძელებინა იმ მიმართულებით, რაც საშუალებას მომცემდა მაქსიმალურად მომეხდინა საკუთარი უნარების რეალიზაცია. 2001 წელს ჩავაბარე GIPA-ში სახელმწიფო მართვის სკოლაში. აქ მივიღე შესანიშნავი თეორიული ცოდნა მენეჯმენტში. ლექციებს მიკითხავდნენ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების პროფესორები. აქედან ჩემი კარიერა აქტიურად ვითარდება. მუშაობა დავიწყე სახელმწიფო უზრუნველყოფის ფონდში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტში . ამ დროს ჯგუფი „რონდო“ ზენიტში იყო. გვქონდა უამრავი კონცერტი და გასტროლი, ვმონაწილეობდით სხვადასხვა  საერთაშორისო ფესტივალზე. პარალელურად კი ვსწავლობდი და ვმუშაობდი. დღე-ღამეში 3-4 საათი მეძინა.


შემდეგ იყო „McCann Erickson Georgia“, სადაც საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში დიდი გამოცდილება მივიღე.


 5 წელი IT კომპანია „ბიზნეს ინტელექტუალურ ტექნოლოგიებში“ ვიმუშავე, რაც ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. Microsoft-ისა და მსოფლიოს სხვა წამყვანი IT ბრენდების საკომუნიკაციო სტრატეგიის გაზიარებამ, მსხვილი IT პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობამ ბევრი რამ მასწავლა.  შემდეგ გარკვეული ხნით ვიმუშავე არასამთავრობო სექტორში, კერძოდ, „USAID“ -ის პროექტ IREX Georgia-ში, რომელიც მედიის განვითარებას ისახავდა მიზნად.


- „შატო მუხრანშიმუშაობა როდის დაიწყეთ?


- „შატო მუხრანში“ 2011 წლიდან ვმუშაობ. აქ „თი ბი სი ბანკის“ გავლით მოვხვდი. 7-ეტაპიანი რთული კონკურსი გავიარე, ტესტირებებითა და გასაუბრებებით. საბოლოოდ მე შემარჩიეს. ამ პერიოდში „შატო მუხრანის“ დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს კომპანიაში დაეარსებინათ ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც ამ მიმართულების განვითარებას და პოზიციონირებას მოახდენდა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად მე დამნიშნეს.


- გამოდის, ნულიდან მოგიწიათ დაწყება?


- არაჩვეულებრივი მოცემულობა დამხვდა. „შატო მუხრანი“ საოცარი ადგილია! ერთი ნახვით გიყვარდება! თავიდანვე მოწიწებით და სიამაყით აღგავსებს და გაგრძნობინებს, რომ ქართველი ხარ. 1873 წელს ივანე მუხრანბატონმა ფრანგი არქიტექტორები, მევენახეები და მებაღეები სპეციალურად მოიწვია და ეს საოცარი ადგილი მათი დახმარებით დააპროექტა. პირველი მოოქროვილი იტალიური ავეჯი, პარკეტი, ჭაღები, როიალი და ბილიარდი ამ სასახლეში იყო. „შატო მუხრანში“ იკრიბებოდა იმ პერიოდის ელიტა. ივანე მუხრანბატონი ხშირად მასპინძლობდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა და პოეტებს. იმართებოდა სალონური შეხვედრები და თეატრალური პრემიერები, აქ წყდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ისტორიული ფოტოც გვაქვს, სადაც ივანე მუხრანბატონი ილია ჭავჭავაძეს მასპინძლობს. სასახლის პომპეზურობას კიდევ უფრო უთქვავდა სახელს აქაური საუცხოო ღვინოები. ი. მუხრანბატონმა პირველმა დაამტკიცა, რომ ქართულ ღვინოს ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიოში აღიარებულ ღვინოებს შორის. 1898 წელს პარიზში გაგზავნილი მისი ღვინო `მუხრანული~ ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამ ვენახების გამშენებელს თავად ი. მუხრანბატონს კი საპატიო მევენახის წოდება გადაეცა.


 აქ რომ მოვედი, სასახლის და მიწისქვეშა მარნების რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა. მუხრანბატონის მეურნეობის განახლების იდეა დაიბადა 2002 წელს. დამფუძნებელთა ჯგუფმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და შვედმა ბიზნესმენმა ფრედერიკ პოლსენმა ხელი მოკიდეს ამ ურთულეს საქმეს. გაშენდა ვენახები 100 ჰექტარ ფართობზე, აშენდა ულტრა თანამედროვე ღვინის ქარხანა, რომელიც უახლესი იტალიურ-გერმანული აპარატურით დაპროექტდა,  აღდგა სასახლის ფასადი.


სასახლის სრული რეკონსტრუქციით მოხდება ახალი კულტურულ-ტურისტული ცენტრის შექმნა. გვექნება 3000-კაციანი ამფითეატრი, სადაც მოვაწყობთ დიდ ფესტივალებს, პრემიერებს და სხვა ლამაზ ღონისძიებებს. იმის შეგრძნება, რომ შანსი მომეცა ამ ისტორიულ პროექტში ჩემი წვლილი შევიტანო, მთავარი მოტივატორია.


 ტურიზმის დეპარტამენტი დავაკომპლექტეთ ივენთმენეჯერების, ღვინის კონსულტანტების და გიდების  ძლიერი გუნდით. დავამუშავეთ სხვადასხვა მიზნობრივი სეგმენტისთვის მიმზიდველი ტურისტული პაკეტები. მას მერე მუდმივად ვცდილობ სეზონურად გავამრავალფეროვნოთ ჩვენი შეთავაზებები. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში პირველ ეროვნულ დაჯილდოების ცერემონიაზე გავიმარჯვეთ კატეგორიაში BEST MARKETING CAMPAIGN IN TOURISM WINERIES.


- კერძოდ, რას სთავაზობთ ტურისტებს?


- ჩვენი ტურისტული პაკეტები მოიცავს სხვადასხვა სახის ღვინის ტურებს, ღვინის დეგუსტაციისა და კულინარიის მასტერკლასებს. ჩვენი სტუმრები ათვალიერებენ ივანე მუხრანბატონის სასახლეს, ბაღებს, ღვინის უნიკალურ მარნებს, საჯინიბოს, ვენახებს და თანამედროვე ღვინის ქარხანას.  ეცნობიან ღვინის დეგუსტაციის ეტიკეტს, სხვადასხვა სახის ღვინის ამოცნობის საიდუმლოებებს, შატოს ღვინის დაყენების ხელოვნებას, საჭმლისა და ღვინის შეხამებას და ა.შ.


 გვაქვს კუთხე, სადაც ტურისტებს ავთენტურ პირობებში ვაჩვენებთ ქართულ აქტივობებს - ჩურჩხელების ამოვლებიდან დაწყებული, პურის ცხობითა და ჭაჭის გამოხდით დასრულებული. გვაქვს ასევე საჯინიბო თავისი საცხენოსნო კლუბით და საუკეთესო ინგლისური და არაბული ცხენებით, რაც საშუალებას გვაძლევს სტუმრებს საცხენოსნო ტურები შევთავაზოთ.


 ტყე-პარკში, სასახლის წინ მუხრანბატონისეული შადრევანი გვაქვს, რომელშიც, როგორც ისტორიკოსებისგან ვიცით, ცქრიალა ღვინო გადმოჩქეფდა. გვინდა, რომ ეს ტრადიციაც აღვადგინოთ. ჩვენი სტუმრები აღტაცებაში მოდიან ამ იდეით.


- ტურისტების რა რაოდენობას მასპინძლობთ?


- ჩვენი ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შედარებისთის გეტყვით, რომ 2011 წელს ვუმასპინძლეთ 1000 ვიზიტორს, ხოლო 2015 წელს უკვე 14 000 -ს. წელს ბევრად მეტს ველოდებით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ივენთების სრულ მენეჯმენტს - იდეიდან განხორციელებამდე. თვეში საშუალოდ 200 ღონისძიების ორგანიზება გვიწევს, რაც დიდ შრომას და თავდადებას მოითხოვს. ეს ის სფეროა, სადაც შვებულების დროსაც კი ჩართული უნდა იყო.


- კონკრეტულად რა სახის ღონისძიებებს მასპინძლობთ?


- ბიზნეს და სამთავრობო შეხვედრებს, დიპლომატიურ ღონისძიებებს, კონფერენციებს,  თიმბილდინგებს, კორპორატიულ საღამოებს, ქორწილებს...  ჩვენთან ყველანაირი ღონისძიების მოწყობაა შესაძლებელი. თუ თქვენ ეძებთ არაორდინალურ საღონისძიებო ადგილს ეს სწორედ „შატო მუხრანია“.


 ღონისძიებების შემდეგ ვიღებთ უამრავ სამადლობელ წერილს. უცხოელი სტუმრები პოზიტიურ კომენტარებს გვიტოვებენ TripAdvisor-ზე. ეს ყველაფერი ჩვენი შრომის შედეგია. ჩვენი გუნდი უმაღლეს შედეგებზეა ორიენტირებული.


- დიდი ღონისძიებებისთვის რა ტერიტორია გაქვთ გამოყოფილი?


- არაერთი ლოკაცია გვაქვს - ღია ცის ქვეშ სასახლის წინ მდებარე პარკი, კაკლების ხეივანი, ვარდების ან კედრების ბაღი, მწვანე მოლი; დახურულ სივრცეში - რესტორანი, მარნები, სადეგუსტაციო დარბაზი, სასახლის პირველი სართული. ღონისძიების მთლიან პროგრამას, დეკორს და მუსიკალურ გაფორმებას ჩვენ უზრუნველვყოფთ, მომხმარებელმა ამ საკითხშიც დიდი ნდობა გამოგვიცხადა.


- შატო მუხრანშიმოსულ სტუმარს ღვინის რამდენ სახეობას სთავაზობთ?


- „შატო მუხრანი“ აწარმოებს უმაღლესი სტანდარტის პრემიალურ ღვინოებს. შეთავაზებაში გვაქვს 14 სახეობის ღვინო და ჭაჭა. მათ შორის ყველაზე მოთხოვნადია: გორული მწვანე, რქაწითელი, თავკვერი, საფერავი, შავკაპიტო, მუსკატი, ჭაჭა... „შატო მუხრანის“ ყოველი წვეთი ჩვენი ვენახებიდან  მოდის. ჩვენმა კომპანიამ აღადგინა ის უძველესი ჯიშები, რომლებიც თითქმის დავიწყებული იყო: გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო -   ყოველ  ჯიშს თავისი საიდუმლო აქვს. დღეს კომპანია „შატო მუხრანის“ მიერ წარმოებული ღვინოები ამშვენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ მაღაზიებსა და რესტორნებს.


 ჩვენს კომპანიას სათავეში უდგას საფრანგეთიდან მოწვეული მეღვინე პატრიკ ჰონეფი. მასთან მუშაობა და ევროპული გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესოა.


 წარმატებისათვის აუცილებელია იყო პროფესიონალი, გქონდეს მუდმივად საინტერესო იდეები და უნარი იმისა, რომ მაქსიმალურად იხარჯებოდე საქმისათვის, რომლესაც აკეთებ.  ჩემი საქმიანობა ძალიან დინამიკური და გამოწვევებით სავსეა. ეს საქმე სცდება ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს და ემსახურება ქართული ღვინის, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტის დამკვიდრებას მსოფლიო ბაზარზე. ღვინის ტურიზმი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული საშუალებაა ბრენდის წარმოსაჩენად.


- რა სიახლეები გაქვთ?


- გავხსენით რესტორანი „სამეფო მარანი 1878“. ამისთვის დიდხანს ვემზადებოდით. მენიუ საგანგებოდ შევარჩიეთ. გვყავს არაჩვეულებრივი მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი, რომელმაც მე-19 საუკუნის რეცეპტები გააცოცხლა და თანამედროვე სახით წარმოაჩინა. რესტორნის კერძები მუხრანში მოყვანილი ნატურალური პროდუქტებით მზადდება. რესტორნის გუნდი მენიუს მრავალფეროვნებასა და დახვეწილობაზე მუდმივად მუშაობს. თარიღი 1878 ივანე მუხრანბატონის მიერ პირველი მუხრანული ბოთლის ღვინის ჩამოსხმას უკავშირდება.


- სამომავლოდ რას გეგმავთ?


- უახლოესი მნიშვნელოვანი გეგმა ისაა, რომ გვინდა წლევანდელი ტურისტული სეზონი საუკეთესო შედეგებით დავასრულოთ. ვემზადებით ასევე „შატო მუხრანის“ ღვინის კლუბის პროექტის განსახორციელებლად. მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასახლის ინტერიერის დიზაინის კუთხით. გადაწყდა, რომ ამ მიმართულებით იმუშავებს ცნობილი ფრანგი დიზაინერი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ძველი ფრანგული შატოების აღდგენაში. გარდა ამისა, ვგეგმავთ დიდი ორანჟერეის აშენებას, რომელიც ისეთ ადგილას განთავსდება, საიდანაც გამოჩნდება სასახლე და ვენახები.


 უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველ ოქტომბერს ვაკეთებთ წლის შემაჯამებელ მასშტაბურ საიმიჯო ღონისძიებას - რთველის დღესასწაულს, სადაც ვეპატიჟებით დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებს, ცნობილ არტისტებს, მწერლებსა და მხატვრებს, ჩვენს ვიპ მომხმარებლებსა და პარტნიორებს. წელსაც გვინდა, რომ ეს ღონისძიება ისეთივე დაუვიწყარი იყოს ჩვენი სტურებისთვის, როგორც წინა წლებში.


- „შატო მუხრანშიტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტატუსი სიმღერისთვის დროს თუ გიტოვებთ?


- ჩემი საქმიანობა შორიდან ძალიან ლამაზად ჩანს. სინამდვილეში კი ყოველდღიურად თავდაუზოგავი შრომა მიწევს და ღამითაც ხშირად ვმუშაობ, ვინაიდან დღის განმავლობაში შეხვედრებსა და კომუნიკაციას დიდი დრო მიაქვს. 12 წლის ნიკოლოზი და 6 წლის ლიზა მყავს. შვილებს ძილის წინ აუცილებლად ვუმღერი. უკვე დიდები არიან, მაგრამ ტრადიცია მაინც გრძელდება. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო მეხვეწებიან ვუმღერო ან მათ საყვარელ მუსიკას ერთად მოვუსმინოთ. ყოველდღიური ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე „რონდო“ შეკრებას იშვიათად ვახერხებთ, მაგრამ ეს ყოველთვის დიდი დღესასწაულია ჩვენთვის.