თინათინ ხაფავა: „აპრიორი“ ნომერ პირველი სილამაზის ცენტრი იქნება...

PR კლუბი

15 ნოემბერი 14:30, 2016 წელი
128

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მისი ბექგრაუნდი საკმაოდ მდიდარია. კარიერა პრომო გოგონას პოზიციიდან დაიწყო. ამბობს, რომ ხშირად მდგარა სერიოზული გამოწვევების წინაშე, თუმცა ამას არასდროს დაუბრკოლებია.დღეს PR-კლუბი წარმოგიდგენთ სილამაზის ცენტრ „აპრიორის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროს თინათინ ხაფავას...


- თინათინ, „აპრიორში“ რა გამოცდილებით მოხვედით?

- სილამაზის სფეროში 17 წლიდან ვმუშაობ. ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება „ლაბელ მედიქალს“ უკავშირდება. გასაუბრებით პრომო გოგონას პოზიციაზე მოვხვდი, დაახლოებით, ერთ თვეში კი პიარმენეჯერის პოზიციაზე დავწინაურდი. მათგან ეს დიდი რისკი იყო, ჩემთვის კი - გამოწვევა. რაღაც ძალიან დიდს ვეჭიდებოდი, რომლის შესახებაც მხოლოდ თეორიულად ვიცოდი, თუმცა ჩვენი ერთწლიანი თანამშრომლობა შედგა. შემდეგ იყო „Mix style“, რომელიც კიდევ უფრო რთული გამოწვევა აღმოჩნდა. ასე ვთქვათ, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი და მეამაყება, რომ  „Mix style“-ის სახით ნამდვილი ბრენდი შევქმენით.


- რატომ აირჩიეთ „აპრიორი“?
- „აპრიორთან“ ორი თვეა, ვთანამშრომლობ... ჩემი აქ მოსვლის მიზეზია ქალბატონი თამარ რობიტაშვილი - ამ ცენტრის ხელმძღვანელი. ჩვენ ერთად ვაყალიბებთ იმ გუნდს, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ „აპრიორი“ ნომერ პირველი სილამაზის ცენტრი გახადოს.


- და მაინც, რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

- პირველ რიგში, ის, რომ „აპრიორში“ ვმუშაობთ არა შერეულ პროდუქციაზე, არამედ  ბრენდებზე... ისეთ მსოფლიო ბრენდებზე, როგორიცაა: თმის მოვლაში - „ლორეალი“, ფრჩხილის მოვლაში - „სიენდი“. აპრიორი არის ინოვატორი ბრენდი რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს მსოფლიოს არც ერთ სიახლეს, ამის მაგალითია „ოლაპლექსი“, რომელიც თმის მოვლაში ახალი სიტყვაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები - კოსმეტოლოგი იულია კუტიშევა, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობდა და სტილისტი რამინ დურსუნოვი, რომელიც „ლორეალის“ გამოცდილი კოლორისტია. ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბრენდთან. სულ მალე გვექნება ამ ბრენდის აპარატი, რომლის საშუალებითაც არაერთი ესთეტიკური პროცედურის ჩატარებას შევძლებთ, ეს იქნება სიახლე ქართულ ბაზარზე. ასევე, ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას... ასე რომ, წინ დიდი მიზნები გვაქვს და მოსადუნებლად არ გვცალია...


- როგორია პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის დღის რეჟიმი?
-
ჩემი დილა იწყება 8-ის ნახევარზე და არასდროს სრულდება (იცინის)... მართალია, მაქსიმალურად ვცდილობ, დრო თანაბრად გადავანაწილო სამსახურზე, სწავლაზე, ოჯახსა და მეგობრებზე, მაგრამ ახლობელი ადამიანები ხშირად მსაყვედურობენ, რომ მათთვის ვერ ვიცლი. მართალია, მათთან ურთიერთობის დეფიციტს მეც განვიცდი, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი განვითარებისთვის ამ ეტაპზე ასეა საჭირო. ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. „საქართველოს უნივერსიტეტში“ ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ვაპირებ, სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „აპრიორს“ მივატოვებ - სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად ვიქნები ჩართული „აპრიორის“ საქმიანობაში და მის განვითარებაზე ვიზრუნებ. ვაპირებ, ვიყო მარადმწვანე სტუდენტი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ განათლება და ცოდნა წარმატების ერთადერთი საწინდარია.