დავით მესხიშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი მძღოლების მოსაზრებები“

რჩევები ავტომოყვარულებს

31 მაისი 22:00, 2016 წელი
69

„არის კომპანიები, რომლებიც მძღოლებს აიძულებს, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით ისარგებლონ, ან მუდმივად უზრდის მოსაკრებელს და ამით უბიძგებს, 12 საათიც კი შეუსვენებლად იმუშაონ... ჩვენი მიზანი ყველა იმ მომენტის წამოწევაა, რომელიც მძღოლთა გაფიცვების მიზეზი ხდება“, - „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ასოციაციის ახალ ერთობლივ პროექტზე საუბრობს...

- ბატონო დავით, რა მიმართულებით აპირებს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრობლობას?
- „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორი გახდა და ჩვენ ერთობლივად ვიწყებთ მძღოლთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხის აქტიურ კვლევასა და შესწავლას. ამისთვის კი საჭიროა:
1. კვლევის ჩატარება ფოკუსჯგუფებში. სამიზნე ჯგუფებია: ტაქსები, მიკროავტობუსები, ავტობუსები, მეტროს (მატარებლის) მემანქანეები;
2. კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციების განხილვა სამუშაო ჯგუფებში; 
3. მძღოლთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
4. მძღოლთა ინფორმირებულობის გაზრდა მათივე უფლებების შესახებ;
5. რეკომენდაციების მომზადება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული კომპანიებისთვის წარდგენა/განხილვა, მათი შემდგომი დანერგვის მიზნით.


- ამ თანამშრომლობის შედეგად რას ელოდებით?
- ჩვენთვის მთავარი შედეგი იქნება, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მძღოლთა შრომითი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დოკუმენტის შექმნა. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, კომპანიებთან, ექსპერტებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და, უბრალოდ, დაინტერესებულ პირებთან ერთად, ვაპირებთ ვორქშოპების გამართვას და დასკვნით ეტაპზე კონფერენციის ჩატარებას, სადაც ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციას გავეცნობით და იმ სტრატეგიასაც შევიმუშავებთ, რომლითაც მძღოლი უფრო დაცული იქნება.


ხომ არ ელოდებით წინააღმდეგობას სატრანსპორტო კომპანიების მხრიდან?
-
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიების ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე რადიკალურ წინააღმდეგობას არ წავაწყდებით და მძღოლთა უფლებების დაცვის მიზნით, ყველა შესაძლო ცვლილებას ერთად გავატარებთ. თუმცა ვიცით, რომ არის ისეთი კომპანიებიც, რომლებიც მძღოლებს აიძულებს, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით ისარგებლონ, ან მუდმივად უზრდის მოსაკრებელს და ამით უბიძგებს, შეუსვენებლად, 12 საათიც კი იმუშაონ. ეს მძღოლის უფლების დარღვევაა და სწორედ ასეთ ქმედებებს მივყავართ ფატალურ შედეგებამდე. რა თქმა უნდა, ასეთ დამქირავებლებთან უფრო რადიკალური მიდგომა გვექნება. პროფკავშირები მძღოლების უფლებებს ხმაურიანი აქციებით იცავენ. ჩვენი მიზანი კი ყველა იმ მომენტის წამოწევაა, რომელიც მძღოლთა გაფიცვების მიზეზი ხდება. გვინდა, ეს პრობლემები სიღრმისეულად გავაანალიზოთ და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით შესაბამის უწყებებს წარვუდგინოთ. აქვე დავამატებდი, რომ ეს არის სფერო, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლია. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის შედეგად გვინდა, საჭესთან წყნარი და დამშვიდებული ადამიანი იჯდეს და არა გაღიზიანებული და ანერვიულებული, თუნდაც იმის შიშით, რომ სამსახურს დაკარგავს, რადგან ეს შემდგომში ჩვენს საგზაო უსაფრთხოებაზე ძალიან ცუდად აისახება. ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობა ჩვენთვის საუკეთესო საშუალებაა საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენთვის ევროპული ფასეულობების დანერგვას ნიშნავს.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ კარი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მზად ვართ, განვიხილოთ თქვენი წინადადებები და იდეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია. განსაკუთრებით კი - პროფესიონალი მძღოლების მოსაზრებები, რეალური შემთხვევები, ფოტომასალა, ვიდეომასალა ან სხვ.



გვეკონტაქტეთ „ფეისბუქის“ გვერდზე: მძღოლთა უფლებების დამცველი