რა უნდა შეამოწმოთ მეორადი ავტომობილის შეძენისას?

რჩევები ავტომოყვარულებს

19 ივლისი 22:00, 2016 წელი
70

ავტომოყვარულები ხშირად ხუმრობენ, რომ მეორადი ავტომობილი დაზიანებული კი არა, გზებზე კარგად გამოცდილია. მისი შეძენისას, რა თქმა უნდა, შემოწმება აუცილებელია, თუმცა კონკრეტულად რა უნდა შევამოწმოთ, ამაზე პროფესიონალები გვესაუბრებიან. 


დღეს ამ თემაზე გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.

- ბატონო ლაშა, რა უნდა იცოდეს მძღოლმა მეორადი ავტომობილის შეძენის დროს?
- შესაძლოა, მეორადი ავტომობილი ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ უამრავი შიდა პრობლემა ჰქონდეს.
სამწუხაროდ, ხშირად აქვს ადგილი ავტომობილზე კილომეტრაჟის ჩამოყრას (მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება კანონით აკრძალულია და მკაცრად ისჯება), რაც, შესაბამისად, ძრავისა და გადაცემათა კოლოფის რესურსის სიმცირეზე მიანიშნებს.
ასევე, შესაძლოა, სხვა უამრავი წვრილმანი კომპონენტი იყოს დაზიანებული: დაშაშხული იყოს ღვედები, შესაცვლელი იყოს ანთების სანთლები და სავალი ნაწილის სხვადასხვა დეტალი.
ასევე, შეიძლება ავტომობილი იყოს ნაავარიები, მაგრამ კარგად შეკეთებული. ამიტომ მძღოლმა ყურადღებით უნდა შეათვალიეროს, ხომ არ იმალება რაიმე ნაკლი გადაბმის ადგილებში. თავი უნდა მოვარიდოთ ძლიერად ნაავარიები ავტომობილის შეძენას, რომელიც თავიდან ბოლომდე „შეკერილია“.
მთავარია, გარე ვიზუალმა არ მოგვატყუოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით შეიძენს მძღოლი ავტომობილს - შიდა ბაზარზე თუ უცხოურ აუქციონზე, მას უნდა ჩაუტარდეს სრული დიაგნოსტიკა და არის მინიმუმი მოთხოვნები, რომლებიც მეორადი ავტომობილის შეძენისას მძღოლმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.


რა არის ეს მოთხოვნები და კონკრეტულად რომელი ნაწილები უნდა შემოწმდეს?
- განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ავტომობილი კონტეინერით ჩამოგვყავს და მას ფოთის ან ბათუმის ტერმინალზე უნდა დავხვდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლად ჩამოყვანილი ავტომობილი იქოქება და თავისუფლად გადაადგილდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავაადგილოთ შორ გზაზე და თუ რატომ, ამას აგიხსნით:
ვინაიდან ავტომობილი დაუქოქავად იდგა თქვენთვის გაურკვეველი დროის განმავლობაში, ზეთში მისართები იწყებს დეგრადირებას და გამოეყოფა საბაზისო ზეთს - ამას ჰიდროლიზაციის პროცესი ეწოდება, რის შედეგადაც მისართების პაკეტი, დაცვის ფუნქციის ნაცვლად, ხდება ძრავისთვის მავნე ნალექი და აზიანებს ძრავს.
ავტომობილი დიდხანს სინესტეში დგომით ძრავში იკეთებს კონდესატს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძრავში წყალნარევი ზეთია, რაც, ასევე, აზიანებს ძრავს. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ძრავის ზეთი.
ასევე, უნდა გადამოწმდეს სამუხრუჭე სითხის ხარისხი, რაც მხოლოდ სერვისცენტრებშია შესაძლებელი.
ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემის მთავარი მტერია წყალი - ის იწვევს კოროზიას, რომელსაც შეუძლია თვისებები დააკარგვინოს სამუხრუჭე სითხეს და მწყობრიდან გამოიყვანოს მუხრუჭები, რაც შემდეგ ავარიის მიზეზი ხდება. ნებისმიერ სამუხრუჭე სითხეს აქვს ატმოსფეროდან წყლის შთანთქმის უნარი, სამუხრუჭე სითხის ავზს აქვს სარქველი, საიდანაც ტემპერატურის ცვალებადობის დროს გროვდება კონდესატი და, დაახლოებით, 2 წლის მანძილზე სითხის მოცულობა შეიძლება 3,5%-ით გაიზარდოს. ამ დროს ახალი სითხის დამატება არათუ უაზრობა, სახიფათოც კია.
უნდა გადამოწმდეს გაგრილების სითხე;
ყურადღება მიაქციეთ საბურავების მდგომარეობას (დაშაშხულია თუ არა).
თუკი ავტომობილის ძრავს კბილანა ღვედი გააჩნია, აუცილებელია მისი შემოწმება, რადგან მას თავისი რესურსი აქვს და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი კომპლექტურად შეცვლა. ესენია: ამყოლი გორგოლაჭები, დამჭიმი გორგოლაჭები და, თუ საჭიროა, წყლის პომპა. კბილანა ღვედს აქვს დამჭიმები, რომლებიც მოდებულია წყლის პომპასთან. ერთ-ერთმა მექანიზმმა რომ გაჭედოს, ღვედი წყდება და ღუნავს ძრავის სარქველებს, რაც ძრავს სერიოზულად აზიანებს და მძღოლისთვის ფინანსურად საკმაოდ დიდი ხარჯია.
ავტომობილს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ელექტროდიაგნოსტიკა და უნდა შემოწმდეს ანთების სანთლები.
უნდა დათვალიერდეს სავალი ნაწილები, ხომ არ არის გახეული მტვერდამცავები, რომელთა ძირითადი ფუნქციაა იმის უზრუნველყოფა, რომ შიგნით არსებული საპოხი გარეთ არ გამოიდევნოს. თუკი მტვერდამცავი გახეულია, წყალი ნელ-ნელა გამორეცხავს საპოხს და რკინის რკინაზე ხახუნით  სავალი ნაწილის უფრო რთული კომპონენტები დაზიანდება.
რა თქმა უნდა, აუცილებელია, შემოწმდეს ამორტიზატორის მდგომარეობა;
ასევე, უნდა შემოწმდეს მაშუქები.
ამ ყველაფრის გადამოწმებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლის შემდეგ, მძღოლს უკვე შეუძლია, ავტომობილით თამამად გადაადგილდეს.
სხვა შემთხვევაში ავტომობილის გადაყვანა ევაკუატორით უნდა მოხდეს. გარისკვა არ ღირს, რადგან დიდი შანსია, ახალი შენაძენი დიდ პრობლემად და ხარჯად იქცეს.


- აქვს თუ არა „თეგეტა მოტორსს“ ავტომობილის სრულად შემოწმების სერვისი?
- ამ მხრივ, „თეგეტა მოტორსს“ უზარმაზარი და ძალიან მოქნილი სერვისი აქვს, რომელსაც ახლა კიდევ უფრო ვაძლიერებთ. ჩვენი მომსახურების პორტფოლიო ძალიან მრავალფეროვანია: სავალი ნაწილების შეცვლა-შეკეთება, სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების შესრულება. გვაქვს, ასევე, ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შეკეთების უბნები, ელექტრობის უბანი, დიაგნოსტიკის უბანი, ვულკანიცაზია. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, კომპლექსურად მოვემსახუროთ კლიენტებს. ასევე, გვაქვს ევაკუატორით მომსახურების სერვისი. „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია, ევაკუატორი ნებისმიერ რეგიონში გამოიძახოს. ჩვენთან ავტომობილების ევაკუაცია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც ხდება. „თეგეტა მოტორსი“ უკვე წლებია, არსებობს ფოთშიც და ბათუმშიც, მაგრამ ბათუმში, 20 ივლისს, განახლებული „თეგეტა მოტორსის“ ოფიციალურად გახსნა იგეგმება. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ფოთში ან ბათუმში ჩამოსდის ავტომობილები, ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომ მათ ავტომობილებს ზემოჩამოთვლილი შემოწმება სრულად ჩავუტაროთ. ჩვენ შესრულებულ სამუშაოზე ვიძლევით გარანტიას. „თეგეტა მოტორსს“, ასევე, აქვს მომსახურება „თეგეტა კომფორტი“, რომლის ანალოგი ამიერკავკასიაში არ არსებობს: როდესაც მძღოლი სამსახურიდან ვერ გამოდის და გადატვირთული გრაფიკი აქვს, შეუძლია, გამოიძახოს „თეგეტა კომფორტის“ პერსონალური მენეჯერი, რომელიც  ავტომობილს სერვისცენტრში გადაიყვანს. ავტომობილის მფლობელს სატელეფონო კომუნიკაციით შეატყობინებს ავტომობილის მდგომარეობას, შეუთანხმებს ფასებს, ხოლო დასტურის შემთხვევაში შეაკეთებს ავტომობილს და მოუყვანს სასურველ ადგილას, რის შემდეგაც მძღოლი გადაიხდის თანხას.