გაითვალისწინეთ, რომ ბურახის ხარისხი მთლიანად შავი პურის ხარისხზეა დამოკიდებული.
1) კლასიკური რეცეპტი
საჭირო პროდუქტი:
წყალი - 2 ლიტრი
შავი პური - 200 გრ
საფუარი - 6 გრ
შაქარი - 200 გრ
მომზადების წესი:
წინა დღის შავი პური კანიანად დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად.
ამის შემდეგ გახურებულ ღუმელში მოათავსეთ და ოდნავ რომ დაიბრაწება, გამოიღეთ. პური არ უნდა დაგეწვათ, თორემ ბურახს მომწარო გემო ექნება.
შავი პურის ორცხობილებს დაასხით წყალი და თბილ ადგილას 6-8 საათი გააჩერეთ.
ამის შემდეგ, სითხე დოლბანდის დახმარებით გადაწურეთ შაქარი და საფუარი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ სითხე არ უნდა გაცივდეს და ოთახის ტემპერატურა შეინარჩუნოს.
8 საათის შემდეგ სითხე ისევ გადაწურეთ. მიღებული ბურახი ბოთლებში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ. სასმელი უფრო ტკბილი და არომატული რომ გამოვიდეს, თითოეულ ბოთლში რამდენიმე ქიშმიში ჩააგდეთ.
ბურახის გადაწურვის შემდეგ დარჩენილი პურის მასა არ გადააგდოთ, ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ. ის ბურახის მორიგი პარტიის მოსამზადებლად გამოგადგებათ. ამისთვის შავი პურისგან დარჩენილ ნალექს ისევ ოდნავ შემთბარი წყალი, შაქარი და საფუარი უნდა დაუმატოთ და 6-8 საათით გააჩეროთ.
კლასიკური რეცეპტით მომზადებული ბურახი, როგორც წესი, ძალიან გემრიელი გამოდის.
2) ბურახი საფუარის გარეშე - მათთვის, ვისაც საფუარის სპეციფიკური გემო არ მოსწონს
საჭირო პროდუქტი:
შავი პური - 300 გრ
წყალი - 2 ლიტრი
შაქარი - 150 გრ
ქიშმიში 20 გრ
მომზადების წესი:
შავი პური თანაბარი ზომის ნაჭრებად, კანიანად დაჭერით და რამდენიმე წუთით გახურებულ ღუმელში მოათავსეთ.
გახუხული პურის ნაჭრები ქვაბში ჩააწყვეთ და მდუღარე წყალი დასხით. დაუმატეთ დაახლოებით 80 გრ შაქარი და აურიეთ.
ოთახის ტემპერატურამდე რომ გაგრილდება, სითხეს დაუმატეთ ქიშმიში და სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბურახს თავზე არ უნდა დაახუროთ და მხოლოდ დოლბანდი გადააფაროთ. ამ მდგომარეობაში ბურახი 2-3 დღე უნდა დატოვოთ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ, დოლბანდში გაწუროთ. გაითვალისწინეთ, სასმელი მოტკბო უნდა იყოს, რომ გაზირებული გამოვიდეს.
ბურახი ბოთლებში ჩაასხით (ბოლომდე არ გაავსოთ) თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე 5-8 საათით დატოვეთ. უკეთესი იქნება, თუ პლასტიკატის ბოთლებს გამოიყენებთ, რადგან ასე ნახშირმჟავა გაზების კონტროლი უფრო ადვილი იქნება.
ბოთლს თავსახური პერიოდულად მოხსენით, რომ გაზი გარეთ გამოვიდეს.
როცა ბურახი საკმაოდ გაზირებული გახდება, გემოს სტაბილიზაციისთვის, მაცივარში შეინახეთ.
ორი საათის შემდეგ შეგიძლიათ, მიირთვათ.