ალუბლის კომპოტი და მურაბა ზამთრისთვის

რჩევები დიასახლისებს

8 ივნისი 12:00, 2016 წელი
761

ალუბლის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ნაყოფი რაც უფრო მუქია, მით უფრო ტკბილი, გემრიელი და სასარგებლოა. ალუბლის კომპოტი რეკომენდებულია ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ალუბლის კურკის გული შეიცავს ნივთიერებას, რომელიც გლუკოზად და ციანმჟავად იშლება, ამიტომ ხანგრძლივად შესანახი ალუბლის კომპოტი უმჯობესია, კლასიკური, სტერილიზაციის მეთოდით დაამუშაოთ. თუ როგორ, ამას სტატიაში გასწავლით.

ალუბლის კომპოტი


ალუბალი - 500 გრ.
შაქარი - 3 ჭიქა
(ეს შიგთავსი ოპტიმალურია ერთი 3-ლიტრიანი ქილისთვის)


კარგად გადარჩეულ, მწიფე ალუბალს ყუნწები მოაცილეთ და გარეცხეთ.
ამის შემდეგ გადაიტანეთ თუშფალანგზე და აცადეთ, რომ წყლისგან დაიცალოს. ჩაყარეთ ალუბალი წინასწარ გარეცხილ, სამლიტრიან ქილაში, დააყარეთ შაქარი, დაასხით წყალი, დააფარეთ თუნუქის ქილა და 30 წუთით გაასტერილეთ.

გასტერილების წესი:
მოზრდილი ქვაბის ძირში დააფინეთ ჭურჭლის ტილო ან სხვა რბილი ქსოვილი. ჩადგით ალუბლიანი ქილა და ქვაბი თბილი წყლით შეავსეთ (ისე, რომ ქილის ნახევარი დაფაროს).
დადგით ქვაბი ცეცხლზე და წყლის ადუღებისთანავე დრო დაინიშნეთ. 
30 წუთის შემდეგ ქილა ქვაბიდან ფრთხილად ამოიღეთ (ისე, რომ თუნუქის თავსახური არ მოხადოთ) და მოხუფეთ. 
ფრთხილად გადმოაბრუნეთ და გაცივებამდე ასე დატოვეთ. 
შემდეგ კი ბნელ და გრილ ადგილას გადაიტანეთ.


 


კურკაგამოცლილი ალუბლის მურაბა


ალუბალი - 1,5 კგ.
შაქარი - 800


კარგად გარეცხილ ალუბალს ამოაცალეთ კურკები, ჩაყარეთ ემალირებულ ჯამში და ფენა-ფენა მოაყარეთ შაქარი.
რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ალუბალი წვენს გაუშვებს, ჯამი დაბალ ცეცხლზე დადგით.
პერიოდულად ქაფი მოხადეთ და მოურიეთ.
5-წუთიანი ხარშვის შემდეგ ჯამი ცეცხლიდან გადმოდგით და მურაბა გააციეთ. კარგად გაციებული მურაბა ისევ დაბალ ცეცხლზე დადგით და 5 წუთი ხარშეთ.
ეს პროცედურა მესამედაც გაიმეორეთ და შემდეგ ცხელ-ცხელი მურაბა წინასწარ გასტერილებულ, თბილ ქილებში ჩაასხით.  
თავზე თუნუქის სახურავი დაახურეთ და მოხუფეთ.