ტესტი შავი პილპილის ხარისხიანობის დასადგენად

რჩევები დიასახლისებს

29 ივნისი 12:00, 2016 წელი
109

როცა პილპილს არც სიმწარე აქვს და არც არომატი, ეს იმას ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერ მწარმოებელთან გვაქვს საქმე, რომელიც ამ ძვირად ღირებულ სუნელს, მეტი მოგების მისაღებად, ისეთ დანამატებს ურევს, როგორიცაა წიწაკის დაფქვილი ჩენჩო, ფქვილი, სახამებელი და ა.შ. სანელებლის უხარისხობა კი მხოლოდ კერძის გემოზე კი არა, ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება...


შავი პილპილი მიიღება პილპილის მწიფე მარცვლების მზეზე ან ღუმელში გამოშრობის შედეგად. გაშრობისას ნაყოფი იფარება შავი ან მოშავო-მოყავისფრო ქერქით და მრგვალ ფორმას იღებს. პილპილის მწარე გემოსა და ძლიერ არომატს მასში 1-დან 2%-მდე ეთერზეთებისა და 5-დან 9%-მდე პიპერინის ალკალოიდის არსებობა განაპირობებს.


მზა პროდუქტის რუხი, მოშავო, „მიწისფერი“ შეფერილობა მის დაბალ ხარისხზე მეტყველებს. ამასთანავე, პროდუქტის ვარგისიანობის ერთ-ერთი მაჩვენებელი მისი დაფქვის ხარისხია. უმაღლესი ხარისხის დაფქვილი პილპილი ერთგვაროვანი კონსისტენციის ფხვნილია მსხვილი მინარევების გარეშე.


ჩვენ გასწავლით ხერხებს, რომელთა დახმარებით ერთმანეთისგან ადვილად გაარჩევთ ნამდვილ და ფალსიფიცირებულ პილპილს.
რა თქმა უნდა, ამ მეთოდების გამოყენებას ბაზარში ან სუპერმარკეტში ვერ შეძლებთ, თუმცა სახლში ადვილად დაადგენთ საიმედო მწარმოებელსა და სანდო სავაჭრო მარკას.


დავიწყებთ იმით, რომ შეუფუთავი პროდუქცია თავის არომატსა და სიმწარეს კარგავს. შედარებით უკეთ არის საქმე, როცა პილპილი შეფუთულია, თუმცა გახსოვდეთ, რომ პროდუქტის ხარისხზე შეფუთვის ხარისხი და რეალიზაციის პირობებიც მოქმედებს. კერძოდ:
ა) პოლიეთილენისა და ქაღალდისგან დამზადებული შეფუთვა დაბალ კლასს მიეკუთვნება;
ბ) საშუალო კლასს განეკუთვნება ფოლგა;
გ) ელიტურად მინის ტარა მიიჩნევა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, მინის ტარაში მოთავსებული სუნელი გემოს კარგავს.


ფოტოზე წარმოდგენილია სამი ნიმუში. მათ შორის, პირველი უმაღლესი ხარისხის პილპილია, მეორე - პირველი ხარისხის, ხოლო მესამე (ყველაზე მუქი) - მეორე ხარისხისაა. პილპილის მაღალ ხარისხზე მეტყველებს მისი ფერი, რომელიც ღია ყავისფერიდან ნაცრისფრამდე მერყეობს.
რაც უფრო მეტია რუხი ფერის მარცვლები, მით უფრო დაბალი ხარისხისაა სანელებელი!


ახლა კი ჩაატარეთ ტესტი იმის დასადგენად, შეიცავს თუ არა პილპილი დანამატებს:
ცოტაოდენი პილპილი მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით მდუღარე ან ცივი წყალი და დააკვირდით:
თუ პილპილი სახამებელს შეიცავს, ის მდუღარე წყლის დასხმისას აუცილებლად გასქელდება. 
თუ პილპილი ფქვილს შეიცავს, ცივ წყალთან გაზავებისას მომჟავო სუნს გამოყოფს. 
თუ პილპილში ბრინჯის ფქვილია გარეული, წყალთან შეხებისას გაფუვდება და სპეციფიკურ სუნს გამოყოფს.


ნახეთ ტესტის შედეგები ფოტოზე:

პირველ ჭიქაში მოთავსებულია უმაღლესი ხარისხის პილპილი; 
მეორე ჭიქაში - მეორე ხარისხის პროდუქცია; 
ხოლო მომდევნო ორში უხარისხო პილპილი დანამატებით.


გახსოვდეთ, რომ იაფი პროდუქციის შეძენისას ფულს ორმაგად ხარჯავთ, რადგან კერძისთვის სიმწარის მისაცემად ორჯერ და სამჯერ მეტი პილპილის ჩაყრა გიწევთ.
თუმცა, სამწუხაროდ, ხარისხის გარანტიას არც ძვირად ღირებული პროდუქცია იძლევა, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

გახსოვდეთ, ხარისხიანი პროდუქციის შეძენისას, თქვენი კერძები გაცილებით გემრიელი და სასარგებლო გამოვა.