მაწონი
1/2 ლიტრ ანადუღარ, ნელთბილ რძეში ჩაუშვათ 1 ჩ.კ. მაწვნის დედა, რომელსაც ცალკე ლამბაქზე წინასწარ აურევთ ცივ რძეში. შემდეგ კარგად მოურიეთ და თბილად შეფუთეთ. თუ ამას საღამოს გააკეთებთ, დილით მაწონი მზად იქნება.
მაწონი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალურ მუშაობას. ამავე დროს სპობს და ათავისუფლებს კუჭ-ნაწლავს მავნე ბაქტერიებისგან.
იმერული ყველი
ყველის სხვა სახეობებთან შედარებით იმერული ყველის უპირატესობა ისაა, რომ უმი, ახალმოწველილი რძისგან მზადდება. მაშასადამე, მასში შენარჩუნებულია ყველა ის სასარგებლო თვისება, რომელიც ახალმოწველილ რძეს აქვს.
ახალმოწველილ, ჯერ კიდევ თბილ, გაწურულ რძეში ჩაასხით კვეთი (იყიდება აფთიაქებში) - 5 ლიტრ რძეზე საჭიროა 50 გრამამდე.
ჩასხმისთანავე მოურიეთ ხის ჯოხით (სასურველია, ლეღვის ხის). მორევა ერთ მხარეს უნდა ხდებოდეს. შესადედებლად ქვაბი ცეცხლის ახლოს დადგით და ხშირად ატრიალეთ, რათა მხოლოდ ერთ მხარეს არ გაცხელდეს.
როცა დაინახავთ, რომ რძე უკვე შედედებულია, ყველის ამოღება უნდა დაიწყოთ. ქვაბის ერთი მხრიდან ნელ-ნელა, ხელის დაჭერით შეაგროვეთ და შეამკვრივეთ ყველის ნაწილები.
კარგად რომ მოაგროვებთ, ამოიღეთ და საწურში ჩადეთ, რათა შრატისგან დაიცალოს.
მეორე დღეს ყველს მოაყარეთ მარილი, მესამე დღეს კი მარილწყალში ჩადეთ.
ფორებიანი იმერული ყველი განსაკუთრებით გემრიელია. ფორებიანი ყველის მისაღებად ახლად მოწველილი ყველი, მარილწყალში ჩადებამდე, უფრო ხანგრძლივად გააჩერეთ. ამ ხნის განმავლობაში, ის აფუვდება და ფორებს გაიჩენს. მხოლოდ ამის შემდეგ მოაყარეთ მარილი და ჩაუშვით მარილწყალში.
სულგუნი
სულგუნის მოსამზადებლად, ამოსული, ფორებიანი ყველი თხელ ნაჭრებად უნდა დაჭრათ და წინასწარ ადუღებულ წყალში ჩაყაროთ.
ქვაბი შედგით ცეცხლზე და ხის კოვზით ურიეთ.
1-2 წუთში შეამჩნევთ, რომ ყველი გალღვა და წელვა დაიწყო.
ეს წელვადი მასა ხის კოვზით ან პატარა ჩოგნით ქვაბის კიდეში მოაგროვეთ და განიერ ჯამზე გადაიტანეთ.
10-15 წუთის განმავლობაში ხელით, ცომივით ზილეთ. შემდეგ დაამრგვალეთ, მიეცით სულგუნის ფორმა, მოაყარეთ მარილი და ლანგარზე დადეთ.
სასურველია, სულგუნი 12 საათის განმავლობაში არ დაიჭრას.
თუ სულგუნი ხანგრძლივი დროით შესანახად გინდათ, მეტი მარილი უნდა მოაყაროთ და მაღალ თიხის ან მინის ქილაში ჩააწყოთ.
ყველის შენახვა
იმერული ყველი მაცივარში ერთ თვეზე მეტს ვერ ძლებს, მარილწყალში კი, დაახლოებით, 10 თვის განმავლობაში ინახება.
მარილწყლის მოსამზადებლად 5 ლიტრ ცივ წყალში გახსენით 1 კგ. მსხვილი მარილი. დაუმატეთ 200 გრამი თეთრი ძმარი და 1 ჭიქა შაქარი.
დიდხანს ურიეთ და როცა მარილის კრისტალები გაიხსნება, მარილწყალი მზადაა.
ჩაასხით მარილწყალი თიხის ან მინის ჭურჭელში და ჩააწყვეთ ყველი. სასურველია, რომ მარილწყლიდან ამოღებულ ყველს მოხმარების წინ მდუღარე წყალი გადაავლოთ.