სანდრო ვეფხვაძე: „ქალის ხიბლი მის მრავალფეროვნებაშია!“

საქორწინო ანკეტა
25.12.2016 20:00
1113

 „ყველა კაცს აქვს თავის პატარა საიდუმლო“ - რას უმხელს ჟურნალისტი სანდრო ვეფხვაძე Funtime-ს...

სახელი: სანდრო

გვარი:  ვეფხვაძე

ასაკი: 27 წლის

პროფესია: ჟურნალისტი/მათემატიკოსი

ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: სტიმული

ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... ვინაიდან ჩემს ორივე სამსახურში სამსახურებრივი სიმძიმის წერტილი, პირველ რიგში, ზუსტად მშვენიერი სქესის წარმომადგენლებზე გადის (მათი რაოდენობრივი უპირატესობიდან გამომდინარე), ნამდვილად არ ვუჩივი „მნიშვნელოვანი ქალების“ ნაკლებობას ჩემს ცხოვრებაში. არ შემიძლია, არ ვახსენო დედაჩემი, რომელიც ნებისმიერ ბიზნესკონსულტანტზე უკეთ მამარაგებს სხვადასხვა ყოფითი რჩევით.

სიყვარული არის... სიყვარული არის „ინფლაცია“ - არა ალეგორიის, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით.

ჩემი პირველი სიყვარული... სხვათა შორის, ძალიან კარგად მახსოვს, თითოეული შტრიხი. მაშინ მივხვდი პირველად, რომ ნამდვილად არ ვარ ბედის საჩუქარი, თუმცა რაც იყო, იყო, გახსენებაც არ ღირს.

როცა შეყვარებული ვარ... ვცდილობ, ნაკლები „ინტერვენცია“ განვახორციელო გრძნობებზე, როგორც სავალუტო ბაზარს არ უყვარს ჩარევა, დაახლოებით იგივეს თქმა შემიძლია გრძნობებზე.

როცა პაემანზე მივდივარ... ვცდილობ, „ინფლაციური მოლოდინები“ ვაკონტროლო.

როცა ვშორდები... საერთოდ, ნებისმიერ რეალობაში, მთავარი სირთულე, ალბათ, ურთიერთობის დაწყებაა, თორემ დაშორება ყველაზე მარტივი ეპიზოდია.

გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც - ჩამოუყალიბებელი და შეუმდგარია, ვგულისხმობ პროფესიულად. პროფესიული წარმატება ძალიან ბევრს მეტყველებს, ზოგადად, ადამიანის უნარებზე. როდესაც ქალმა არ იცის, ცხოვრებაში რა უნდა, ეს ყველაზე დიდი წუნია.

პროფესია, რომელიც ქალს არ უხდება... ქალი უხდება ყველა პროფესიას.

ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... მთავარია, გიყვარდეს ქალი, თორემ მისი სილამაზე ყველა ეპიზოდში თანაბრად აღიქმება.

საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია... ყველა კაცს აქვს თავის პატარა საიდუმლო.

მეორე ნახევარი ნიშნავს... თანამოაზრეს, პარტნიორს, კონსულტანტს, სტიმულს, შთაგონებას, პრიორიტეტს, ლობისტს....

როგორი ქმარი ვიქნები... საშინელი! დრო არ მაქვს, სახლში პრაქტიკულად არ ვარ, სულ სადღაც მეჩქარება, სულ სადღაც გავრბივარ და ა.შ. ასე რომ, ერთაზროვნად საშინელი!

მინდა, ყველა ქალი იყოს... არ მინდა ყველა ქალი, მათი თვისებები და ხასიათი ერთ ქვაბში მოიხარშოს, ქალების ხიბლი ზუსტადაც რომ მრავალფეროვნებაშია.

ქალი და ალკოჰოლი... ძალიან მაგარი სინთეზია! საუკეთესო ინტეგრაცია დედამიწის ზურგზე!

საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... არ ვიცი, რატომ უნდა ვიეჭვიანო, მით უმეტეს საყვარელ ქალზე!

ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... ყველა მედალს აქვს მეორე მხარე - ქალის ქცევა, რომელიც შესაძლოა, ყველაზე მეტად გვაღიზიანებდეს მამაკაცებს - შესაძლოა, სხვა ეპიზოდში ეს გამაღიზიანებელი ასპექტი/ქცევა, ყველაზე მიმზიდველ ასპექტად იქცეს ქალში - ასე რომ, არაპროგნოზირებადობა ქალის ყველაზე ლამაზი თვისება და ქცევაა.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე