ვინ არის გიორგი წერეთლის „ლამაზი გოგო“?

საჭესთან
27.05.2016 22:00
897

შავი ფერის „BMW X 5“, სერიით „GIORGI“, მომღერალ გიორგი წერეთლის კუთვნილებაა. ავტომობილთან დამოკიდებულებასა და თბილისურ მოძრაობაზე Funtime-თან დღეს ის ისაუბრებს.

    

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • 6 წელია, რაც 2010 წლის გამოშვება „BMW X 5“ მყავს. ამ მარკის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. მე და ლოლა „Hyundai“-თი გადავადგილდებოდით. შუქნიშანზე ვიყავი გაჩერებული, როცა „BMW X 5“-მა ჩაიარა. შევხედე და ვთქვი, ეს ავტომობილი მინდა-მეთქი. იმ საღამოს კლუბში წავედი და მივხვდი, რომ მთელი ღამე ახალ მანქანაზე ვფიქრობდი.

  • მაშინ გერმანიიდან ჩამოყვანილი „BMW X 5“ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ჩემი მანქანა კი ერთადერთი იყო, რომელიც გერმანული წარმოების აღმოჩნდა. დავინახე თუ არა, ვუმღერე - „დაგინახე, შემიყვარდი“-მეთქი. $50 000 დამიჯდა. თანხის ნაწილი ბანკის სესხით დავფარე.

  • ჩემი ავტომობილი ძალიან კომფორტულია. ჯერ მხოლოდ სამუხრუჭე ხუნდებისა და ზეთის შეცვლა სჭირდება ხოლმე.

  • ავტომობილი ჩემთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ამისთვის ტაქსიც არსებობს. მანქანაც მემსახურება, მაგრამ „BMW X 5“ ჩემთვის დიდ კომფორტს ნიშნავს. გოგოა და თანაც ისეთი, ფარებზე რომ შეხედავთ, იფიქრებთ, რომ ლამაზი გოგო გიყურებთ.

  • „BMW X 5“ რომ შევიძინე, სახელობითი სერიის აღება მაშინვე მინდოდა, მაგრამ დაკავებული იყო. ახალი სანომრე ნიშნები რომ შემოვიდა, უკვე გაჩნდა საშუალება, რომ მანქანის სერიად ჩემი სახელი მქონოდა. დღეს ჩემს ავტომობილს ყველა სერიით ცნობს.

  • „BMW X 5“-ს ცენტრის თანამშრომლები და სამსახურის ავტომობილებსაც პროფესიონალი ხელოსნები უვლიან. ახალგაზრდობის პერიოდში მანქანის ძრავიც შემიკეთებია. როგორც ყველა ბიჭს, ეს საქმე მეც მაინტერესებდა. ახლა კი ამის დრო აღარ მრჩება.

  • მოძრაობის დროს ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ მძღოლები ერთმანეთს ზრდილობიანად არ ეკიდებიან. მესმის, რომ ყველას ეჩქარება, მაგრამ აშკარაა, მძღოლების უმრავლესობა აგრესიულად მოძრაობს. ყველას პირველობა უნდა. „BMW“-ს მძღოლები სულ „გონკაობაზე“ რომ იყურებიან, ეს არ მომწონს. მეც იგივე მარკა მყავს, მაგრამ არავის ვეჯიბრები. ძალიან ზრდილობიანი და დამთმობი მძღოლი ვარ. თუ სადმე მეჩქარება, ავარიულებს ჩავრთავ და ისე მივდივარ.

  • მე და ლოლა 4 წლის წინათ დაგვაყაჩაღეს. მას შემდეგ პირადი დაცვა მემსახურება. ჩემი დაცვის წევრებს ყოველთვის უკვირთ ის, რომ მანქანას ღვედის გარეშე არასდროს დავძრავ. გარდა ამისა, მოძრაობის წესებსაც განსაკუთრებულად ვიცავ.

  • ბოლო 4 წლის განმავლობაში პატრულს მაქსიმუმ 5-ჯერ ვყავარ გაჩერებული. ისიც გადამოწმების მიზნით. მე და შოუმენმა ოთარ ტატიშვილმა პატრულზე სიმღერა ვიმღერეთ და მას შემდეგ, თუ მაჩერებენ, ღიმილით მხვდებიან. რადგან ცნობილი სახე ვარ, ჩემი დაჯარიმება ყოველთვის ერიდებათ. ერთხელ ქობულეთიდან მოვდიოდი, საცობში ტრაილერს გადავასწარი. ავარიული სიტუაცია არ შემიქმნია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამაჩერეს და მორიდებულად მითხრეს, ვალდებული ვართ, დაგაჯარიმოთო და წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. 

  • ჩემი მეუღლე, ლოლა, ხშირად ამბობდა, „BMW X6“ მომწონსო. „HYUNDAI ix 35“ ჰყავდა. მისი ავტომობილის გამოცვლაზე უკვე ვფიქრობდით. მეგობრები მყავს, რომლებსაც მანქანები ჩამოჰყავთ გერმანიიდან და მათ მითხრეს, 2010-წლიანი „BMW X6“ იაფად გამოჩნდაო. 27 000 დოლარად შევიძინე და სიყვარულის დღეს, 15 თებერვალს ეზოში ბაფთით დავუყენე. რა თქმა უნდა, გაუხარდა. თავიდან არ სჯეროდა, რომ „X6“ მისი კუთვნილება იყო. ახლა კი მანქანაში რომ ჩაჯდება, ჯერ საჭეს აკოცებს...

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე