ბუნებრივი რეცეპტები გრძელი და ხშირი წამწამებისთვის

სილამაზე და ჯანმრთელობა

6 ნოემბერი 10:00, 2015 წელი
140

კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიები წამწამების ტუშის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, თუმცა ეს პროდუქცია მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არის და პრობლემას მცირე დროით აგვარებს. დღეს გთავაზობთ უკეთეს არჩევანს - ბუნებრივ პროცედურებს გრძელი და ხშირი წამწამებისთვის.


ჩაის საფენები
2 ჩ.კ. შავი ჩაის ფოთლებს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი და 20-25 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. შემდეგ დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები და დახუჭულ თვალებზე დაიფინეთ.
15-20 წუთის შემდეგ ტამპონები მოიხსენით, თვალები კი თბილი წყლით მოიბანეთ.


 


გვირილასა და ვარდკაჭაჭას საფენები
თითო ჩ.კ. გვირილასა და ვარდკაჭაჭას ფოთლებს (აფთიაქებში იყიდება) დაასხით 200 მლ. ადუღებული წყალი და დღე-ღამის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ.
შემდეგ გაწურეთ, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები და დახუჭულ თვალებზე დაიფინეთ.
20 წუთის შემდეგ ტამპონები მოიხსენით, თვალები კი თბილი წყლით მოიბანეთ.



ჭინჭრის საფენები
2 ს.კ. ნედლ ჭინჭარს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი და 30-40 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ.
შემდეგ დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები და დახუჭულ თვალებზე დაიფინეთ.
10-15 წუთის შემდეგ ტამპონები მოიხსენით, თვალები კი თბილი წყლით მოიბანეთ.


 


კონიაკის ნიღაბი
თანაბარი რაოდენობით ხარისხიანი კონიაკი, ვაზელინი და აბუსალათინის ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ და სპეციალური ფუნჯის საშუალებით (შეგიძლიათ, ძველი ტუშის ფუნჯი კარგად გაასუფთაოთ და ის გამოიყენოთ) წამწამებზე სქელ ფენად წაისვით.
40-50 წუთის შემდეგ წამწამები ხელსახოცით მოიწმინდეთ და არ ჩამოიბანოთ.
აღნიშნული პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია ყოველდღე 1 თვის განმავლობაში.
საჭიროების შემთხვევაში, კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.


 


ზეთოვანი ნიღაბი
4-4 წვეთ აბუსალათინის, ნუშისა და ხორბლის ზეთს (ყველა მათგანი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს) დაამატეთ თითო წვეთი A და E ვიტამინი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით წამწამებზე, 1-2 საათის შემდეგ კი ნარჩენები ხელსახოცით მოიწმინდეთ.



ოხრახუშისა და ალოეს ნიღაბი
ალოესა და ოხრახუშის წვენი (2/1) ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი და მიღებული მასა წამწამებზე ფრთხილად შეიზილეთ.
20-25 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 


ნიღაბი თევზის ქონით
თანაბარი რაოდენობის თევზის ქონი და აბუსალათინის ზეთი ერთმანეთში აურიეთ და ფუნჯით წამწამებზე წაისვით. 15-20 წუთის შემდეგ თვალები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.