ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო პოლტორაცკაია - სიყვარული, რომელმაც საქართველოს საგანძური დაიცვა

სიყვარულის ისტორიები

25 ივნისი 14:00, 2016 წელი

პოლტორაცკის მშვენიერი ასული ექვთიმეზე 6 წლით უმცროსი იყო. მუსიკალური განათლება პარიზში ჰქონდა მიღებული, მშვენივრად ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს და თავზე თაყვანისმცემელთა არმია ეხვია. ნიჭიერი, თუმცა უსახლკარო ექვთიმე პოლტორაცკებისთვის სასურველ სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა, რადგან, ხელმოკლეობასთან ერთად, ფიზიკური ნაკლიც ჰქონდა - სამი წლისა ხიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. გოგონას ოჯახს ექვთიმესთვის შეუთვლია, ამ საქმეზე ჩვენთან მოსვლა არ გაბედო, თორემ მეორე ფეხსაც მოგტეხთო... თუმცა ბედისწერა წყვილს სხვა ცხოვრებას უმზადებდა...

ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი 1863 წლის 5 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში დაიბადა. სწავლა-განათლების მიღება ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებელში დაიწყო, შემდეგ კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა. 1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი და თბილისში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.


ილია ჭავჭავაძის მცდელობითა და ხელშეწყობით, 1895 წელს ექვთიმე იურისტ ივანე პოლტორაცკისა და ნადეჟდა გაბაშვილის ქალიშვილ ნინოზე დაქორწინდა. პოლონური წარმოშობის ივანე პოლტორაცკი თბილისში ცნობილი ნოტარიუსი გახლდათ. მისი და ილია ჭავჭავაძის ურთიერთობა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. სწორედ ივანე პოლტორაცკის უძღვნა ილიამ თავისი პოემა „აჩრდილი“. პოლტორაცკის მეუღლის ნადეჟდა გაბაშვილის ოჯახი უზარმაზარ მამულებს ფლობდა და თბილისში ორი დიდი სახლი ჰქონდა. პოლტორაცკის შვილები ბავშვობიდან უზრუნველ ცხოვრებას იყვნენ ჩვეულნი.


ამ დროს ექვთიმეს უკვე დაარსებული ჰქონდა საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი და თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელს ხელმძღვანელობდა, თუმცა უსახლკარო იყო და იაკობ გოგებაშვილთან ქირით ცხოვრობდა. ილია იცნობდა და დიდ პატივს სცემდა ნიჭიერ ახალგაზრდას, ამიტომ ერთხელ იაკობ გოგებაშვილს სთხოვა, ხუთშაბათს ექვთიმე სადილად მომიყვანეო.
ცნობისთვის - სწორედ ხუთშაბათობით ილიასთან ნაცნობ-მეგობრები იკრიბებოდნენ და ქვეყნის ბედ-იღბალზე მსჯელობდნენ. შეკრება კი ტრადიციული სადილობით მთავრდებოდა.
ერთ-ერთ ასეთ ნადიმზე ილიამ თითქოს სხვათა შორის, იკითხა: როდემდე უნდა იდგეს ბატონი ექვთიმე ბატონ იაკობთან ბინად? ახლა ის დროა, ნინო პოლტორაცკაია შევრთათ ცოლადო.
პოლტორაცკის მშვენიერი ასული ექვთიმეზე 6 წლით უმცროსი იყო. კარგად აღზრდილი გოგონა, რომელსაც მუსიკალური განათლება პარიზში ჰქონდა მიღებული, მშვენივრად ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს და თავზე თაყვანისმცემელთა არმია ეხვია.
ნიჭიერი, თუმცა უსახლკარო ექვთიმე პოლტორაცკებისთვის სასურველ სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა, რადგან, ხელმოკლეობასთან ერთად, ფიზიკური ნაკლიც ჰქონდა - სამი წლისა ხიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამდენად, ცნობილი იურისტის ოჯახი ილიას ინიციატივას სიხარულით არ შეხვედრია. მეტიც, ექვთიმესთვის შეუთვლიათ, ამ საქმეზე ჩვენთან მოსვლა არ გაბედო, თორემ მეორე ფეხსაც მოგტეხთო. ამ მუქარის შემდეგ ექვთიმე, რომელიც მანამდე პოლტორაცკებთან ხშირად დადიოდა, მათ ოჯახში აღარ გამოჩენილა.
როგორც ჩანს, კარგად აღზრდილი ნინო ძალიან შეაწუხა საკუთარი ოჯახის წევრთა უხეშობამ და ექვთიმეს რამდენიმე ბარათი გაუგზავნა:  
ბატონო ექვთიმე, ნუ იფიქრებთ, იმიტომ გწერთ, რომ ჩვენთან მოსვლა გთხოვოთ. მე ხომ ვხედავ, როგორ იყენებთ ყოველგვარ საბაბს, რომ ჩვენთან მოუსვლელობა გაამართლოთ“. ჩემთვის ძალზე მტკივნეული იქნება, თუ რამით გაგანაწყენეთ. ენას არ ძალუძს იმ სიტყვების წარმოთქმა, ჩემი გულიდან ამოხეთქვას რომ ლამობენ. ჩემს სულში ახლა უმშვენიერესი დარია. რა ბედნიერება იქნებოდა, რომ უსიტყვოდ გრძნობდეთ ჩემს მდგომარეობას. ნუთუ ამ სიტყვების შემდეგაც ვერაფერს ხვდებით? იმედი მაქვს ოპერის თეატრში თქვენი ნახვისა და იქნებ, გასაუბრებისაც.


წერილებიდან ჩანს, რომ არც მშვენიერი ნინო იყო გულგრილი ექვთიმეს მიმართ, რადგან ადამიანები ერთმანეთს გრძნობებში მხოლოდ თავაზიანობის გამო არ უტყდებიან. ამას, სავარაუდოდ, ილიაც ხვდებოდა, როცა ექვთიმესა და ნინოს დაქორწინების ინიციატივა გაახმოვანა. ერის მამას არ გასჭირვებია ამ ურთიერთობის უკან სამშობლოზე შეყვარებული ადამიანების მტკიცე კავშირი დაენახა.
ილიას მცდელობამ შედეგი გამოიღო და ექვთიმემ და ნინომ  1895 წელს სამების ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს. ახალგაზრდების მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყვნენ. იმ დროისთვის, ილია საფრანგეთში იმყოფებოდა და ახალდაქორწინებულებს პარიზიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოუგზავნა. ნინომ ქორწილში დანთებული კელაპტრები სათუთად შეინახა და მთელი ცხოვრების მანძილზე გვერდიდან არ მოუშორებია.


ახალდაქორწინებულებმა ბინა ნინოს მზითვად მოყოლილ ახალაშენებულ სახლში დაიდეს, თუმცა მათი მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებს ხელში რომ არ ჩავარდნოდათ, საფრანგეთში გადახვეწილმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან საბანკო ვალუტა, ქვეყნის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები გაიტანა. მთელი სამუზეუმო ქონება ერთ ღამეში ჩაალაგეს ყუთებში სანდო მცველებად ექვთიმე და მისი მეუღლე გააყოლეს.
ცოლ-ქმარს თბილისის დატოვება ისე სწრაფად მოუხდა, რომ ნინომ მაგიდიდან ჭურჭლის ალაგება და თოკებიდან სარეცხის ჩამოხსნაც ვერ მოასწრო. სახლიდანაც, საქორწინო კელაპტრების გარდა, არაფერი წაუღია.

ექვთიმე საფრანგეთშიც აგრძელებდა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას, თუმცა მისი მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული საგანძურის დაცვა გახლდათ. განძს კი ნამდვილად სჭირდებოდა დაცვა, რადგან ექსპონატებით ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმები დაინტერესდნენ.
განძის ნაწილის მემკვიდრედ  გამოაცხადა თავი გრაფი ობოლენსკის ქვრივმა სალომე დადიანმა და მისი ხელში ჩაგდების მიზნით, სასამართლოში საქმე აღძრა.
მოგვიანებით, საგანძურზე პრეტენზიები საფრანგეთის მთავრობასაც გაუჩნდა და მისი ლუვრისთვის გადაცემა მოითხოვა.
ეროვნული საგანძურის დაცვა იმდენად გართულდა, რომ 1935 წელს საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ მის მეურვეობაზე უარი თქვა და მთლიანად ექვთიმე თაყაიშვილს მიანდო.
ამ უმძიმეს წლებში ექვთიმეს გვერდით ედგა უერთგულესი მეუღლე, მეგობარი და თანაშემწე ნინო პოლტორაცკაია. უკიდურეს გასაჭირში, შიმშილობის ზღვარზე მცხოვრებ ცოლ-ქმარს აზრადაც არ მოსვლიათ, უამრავი შეთავაზებიდან ერთით მაინც ესარგებლათ, განძის უმცირესი ნაწილი გაეყიდათ და ცხოვრება შეემსუბუქებინათ.
თავმდაბალი და მოკრძალებული ბუნების ნინოს არ უყვარდა თავის გამოჩენა, მაგრამ თავისი მაღალი სულიერებით, განათლებითა და თავაზიანობით ყველას ანდამატივით იზიდავდა. ნინო ღირსეულად ინაწილებდა იმ ვეება პასუხისმგებლობას, რომელიც სამშობლომ მის მეუღლეს დააკისრა, თუმცა უბედური შემთხვევის გამო ექვთიმეს ერთგული მეგობარი მძიმედ დაავადდა.


ამ ამბავს იროდიონ სონღულაშვილისთვის მიწერილ ბარათში ექვთიმე ასე აღწერს:
რა მოგწერო, ჩემო კარგო, ქვა აღმართში მოგვეწია. ნინო ერთ ბნელ საღამოს დაეცა. ჯოჯოხეთური ღამე გავატარეთ. მეორე დღეს ექიმის თანხლებით, სპეციალური კარეტით ჩავიყვანეთ პარიზში და საავადმყოფოში მოვათავსეთ. მორჩენის პროცესი ხანგრძლივი იქნება. სულ უკანასკნელი 100 დღე მაინც უნდაო. ეს უფრო აწუხებს, რომ ვეღარ მივლის. ვცდილობთ, ეს ბედისწერაც გადავიტანოთ“.
ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფობით დაუძლურებულ ნინოს მხოლოდ ის ადარდებდა, რომ საყვარელ მეუღლეს ცხოვრების ეკლიან გზაზე მარტო ტოვებდა. თითქმის ორი წელი ეწამა თბილისელი იურისტის ნებიერი ქალიშვილი და 1931 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ნინოს საფლავში საქორწინო კელაპტარი ჩააყოლეს.


საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ექვთიმეს სულიერი მდგომარეობა კარგად ჩანს იროდიონ სონღულაშვილისთვის მიწერილ წერილში:
ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება. ნინო აღარ მყავს! ეს ალბათ საკმარისია, რომ ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდაც კარგად გაიგო. უბედური შემთხვევა საბედისწერო შეიქმნა, ოცი თვე იცოცხლა, მე ერთი საათითაც არ მოვცილებივარ მის საწოლს. საოცარი სიმშვიდით შეხვდა აღსასრულს. ორი დღით ადრე მითხრა, იქნებ მეც დედაჩემივით მალე გონება დავკარგო და ახლა მინდა ყველაფერი გითხრაო. ისე მომიალერსა და დამატკბო, რომ ვეღარ მოვითმინე, გული ამომესკვნა და ცრემლები მომერია. გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი მეგონეო. მეც ღონე მოვიკრიბე და ჩემი ვუთხარი, გავუხსენე მისი ამაგი, მისი სათნოება, მისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული. ამით თითქმის გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. მე ისე აღელვებული ვიყავი, რომ უკანასკნელი განკარგულება სხვებს დაავალა, მანდილოსნებს: დღეს ექვთიმემ იმდენი კარგი სიტყვა მითხრა, რომ სრულიად დამშვიდებით ვკვდებიო. კუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთო. ის სანთელი საქართველოდან ჰქონია წამოღებული. ათი წუთის შემდეგ უმტკივნეულოდ შეწყდა მაჯისცემა და სამუდამოდ მიიძინა... დაკრძალვას მთელი ქართველობა დაესწრო. ნინოს სათნოებას, ადამიანობასა და კაცთმოყვარეობას აქ დიდი სახელი ჰქონდა.


მეორე მსოფლიო ომის დასრულების წინ სტალინმა და დე გოლმა განძის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს ეროვნული საგანძური საქართველოში ამერიკული თვითმფრინავებით ჩამოიტანეს. განძს მისი ერთგული მცველიც თან ჩამოჰყვა. სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე მეცნიერების აკადემიის წევრად აირჩიეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად აღადგინეს.
„82 წლის მოხუცს  ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული. საშუალება მომეცა, ჩემს უნივერსიტეტში და ახალშობილ  აკადემიაში დამეწყო მუშაობა, ოღონდ ძალზე მიკლავს გულს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი  სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული“, - წერდა თავის ერთ-ერთ წერილში ექვთიმე თაყაიშვილი.

მალე ვითარება უარესობისკენ შეიცვალა. 1951 წელს საბჭოთა რეჟიმმა ექვთიმე თაყაიშვილის შევიწროება დაიწყო. ექვთიმე უნივერსიტეტიდან გამოუშვეს და დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია. ხანდაზმული ექვთიმეს ჯანმრთელობამ მორიგ დევნას ვეღარ გაუძლო და 1953 წლის 21 თებერვალს გულის დამბლით გარდაიცვალა. ცაცა ყურაშვილი, რომელიც ექვთიმეს მეზობლად ცხოვრობდა და უკანასკნელ წუთებში გვერდით ედგა, იხსენებს:
„1953 წლის თებერვალი იყო. ჩვენს სახლთან მანქანა გაჩერდა. რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და ბატონი ექვთიმეს ოთახისკენ გაემართა. ისინი „კგბ“-ს თანამშრომლები იყვნენ. რამდენიმე საათში უკან უკვე საკაცით მოიყვანეს. არავინ იცის, რა უქნეს იმ ჯოჯოხეთში, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს... ყოველ შემთხვევაში, ამის მერე ექვთიმე ლოგინად ჩავარდა, მეტყველების უნარი დაკარგა და მალევე გარდაიცვალა. რა მეთოდით და როგორ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ექვთიმე საბჭოთა უშიშროებამ მოკლა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ, თუ მანამდე მისი მონახულების მსურველი ბევრი იყო, ავადმყოფობის დროს აღარავინ გამოჩენილა. ეს, რა თქმა უნდა, მის უახლოეს გარემოცვას არ ეხება. შემზარავი იყო მისი დაკრძალვაც. რას იზამ, ეშინოდა ხალხს, დრო იყო ასეთი, მაგრამ ეს უდიდესი ქართველი, რომელმაც თავის ქვეყანას მთელი ცხოვრება შესწირა, ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცდაჩვიდმეტი ადამიანის თანდასწრებით დამარხეს“.


1943 წლის 26 დეკემბერს დაწერილ ანდერძში ექვთიმე ითხოვდა, რომ, ნინოს მსგავსად, საქორწინო კელაპტარი მისთვისაც საფლავში ჩაეყოლებინათ:
დამმარხეთ სულ უბრალოდ, არც გვირგვინები, არც სიტყვა, ხოლო ვინაიდან მე ქრისტიანულ წესზე ვარ აღზრდილი, მინდა, ქრისტიანულად დავიმარხო მღვდლის თანდასწრებით“. 
„შენიშვნა: ჩემს სკივრში თეთრეულებთან ინახება კელაპტრის დიდი სანთელი, რომელიც ჯვარისწერის დროს ვიხმარეთ ეკლესიაში. ნინოს წამოეღო, სიკვდილის შემდეგ უნდა დაგვინთონ კუბოს წინო და შემდეგ კუბოში ჩაგვატანონო. ნინოს ეს სურვილი ავუსრულე და, მისი სურვილისამებრ, მინდა მეც ამისრულოთ.  

1963 წლის 10 თებერვალს, დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
1987 წლის 22 თებერვალს ლევილიდან ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილისა.
2000 წელს კი მამულიშვილის ცხედარი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
ამჟამად დიდი ექვთიმე და ნინო პოლტორაცკაია თავიანთი დიდი მეგობრების -ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის გვერდით იკავებენ სამუდამო განსასვენებელს...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?