სიმღერაში, რომლის შექმნასაც სულ მალე აპირებს, ასეთი სიტყვებია: „ეს ღმერთის სახლია - ბაზარი არ არის“... კომპოზიცია „ჭრელო პეპელას“ მოტივებზე იქნება. თავად მისთვის სახლი დედამიწაა, ამბობს, რომ ეს არის ყველას სახლი. ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ აქ გრძნობს - სახლში, კომპიუტერთან. თუმცა ამბობს, რომ განწყობას გააჩნია. ყოფილა შემთხვევა, როცა განმარტოებულს უცებ მეგობრებთან ერთად მოლხენა მონდომებია, ხანაც პირიქით.
„სახლში მინდა“ - ეს მისთვის ხშირად მოთხოვნილებაა. მუსიკოსი და პოეტი გვიყვება, რომ სახლში, პირველ რიგში, ბავშვებისთვის უნდა იყოს კომფორტი. „სახლი ის ადგილია, სადაც ყოველთვის ბრუნდები. ნახე, ორაგულები სადაც ჩნდებიან, იქ ბრუნდებიან. სახლს, რომელშიც დაიბადე, სხვა ემოცია აქვს. მე ტიციან ტაბიძის ქუჩაზე დავიბადე, ის სახლი გავყიდეთ - ეგ ჩემთვის მთელი ტრაგედიაა. ჩემი სახლის ადგილას სხვა ააშენეს, ახლა იმასაც ანგრევენ და უნდათ, კორპუსი ააშენონ. ძალიან განვიცდი, რადგან იქ არის ბაღი, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე“, - ამბობს ჩვენი მასპინძელი.
იმ ადგილს, სადაც ბავშვობა გაატარა, სულ უბრუნდება. სიზმრებშიც თითქმის ყველა მოქმედება ბავშვობის სახლის ეზოში ხდება. გია ნიკოლაძისთვის ეს უკვე უცნაურიც აღარაა, შეეჩვია. „მიწის ყივილია ეს, ასე ვფიქრობ. საკუთარ სახლში გავიზარდე, რომელსაც დიდი ბაღი ჰქონდა, ბაბუაჩემს ყველა სახის ხეხილი მოჰყავდა. ჩემს ბაღში ხიდან ხეზე დავხტოდით მთელი უბანი, იქაური ხილით ვიკვებებოდით... საოცარი მოგონებები მაქვს ბავშვობის სახლზე“, - გვიყვება მომღერალი.
„ქართლს ზღაპარი ანი, ბანიაი, ია“, „შავი ზღვის ნაამბობი” და... - პოემას, რომელიც 5 ღამეში დაწერა, 5 სხვადასხვა სახელი აქვს. ამბობს, რომ ეს პოემა ბუნების ძალამ უკარნახა. ღამეებს ათენებდა, ხან გაღვიძებულს რამდენიმე ფურცელი დაწერილი დახვედრია, თუმცა როდის დაწერა, ვერ გაუხსენებია. ის, ვინც პოემას წაიკითხავს, დედამიწის საიდუმლოს გაიგებს. გია ნიკოლაძეს მოგზაურობა ძალიან უყვარს. ხშირად ვერ ახერხებს, თუმცა ცდილობს, ამისთვის დრო გამონახოს და, პირველ რიგში, საქართველოს ის კუთხეები მოიაროს, სადაც ჯერ არ ყოფილა.