9 აპრილის სისხლისფერი დილა თბილისში

უცნობი ფოტოები

8 აპრილი 22:00, 2017 წელი

„9 აპრილმა რა როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში? ეს თქვენ უნდა თქვათ, თუ რამე შეასრულა. ამ დღის შემდეგ ჩვენი ოჯახი ამოწყდა. დედამ თავის მოკვლა სამჯერ სცადა, ნინოს საფლავზე ათენებდა და აღამებდა. იქაურობას არ სცილდებოდა... ლოგინად ჩავარდა და აღარც ამდგარა, მალე მამაც მიჰყვა... ნინო გვეუბნებოდა, თუ სამშობლოს დასჭირდება ჩემი სიცოცხლე, აუცილებლად შევეწირებიო. აკი, შეეწირა კიდეც...“

28 წლის წინათ რუსთაველის გამზირზე საბჭოთა სპეციალური დანიშნულების ჯარის ნაწილებმა მშვიდობიანი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლის დროს, 14 ქალი (მათგან ერთი ორსული) და 7 მამაკაცი დაიღუპა. 


ყველაფერი კი 1989 წლის 18 მარტს დაიწყო, როცა აფხაზეთში, სოფელ ლიხნში ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ პეტიცია შეადგინეს.


4 აპრილიდან „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თაოსნობით, აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.


ვითარების განსამუხტად, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა აფხაზეთის კომპარტიის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა თანამდებობიდან გაათავისუფლა, რაც ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარ დასჯას ნიშნავდა, მაგრამ საპროტესტო მუხტის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.


ეროვნული მოძრაობის ლიდერებს მიაჩნდათ, რომ აფხაზეთი კრემლის მიერ „შემოგდებული“ თემა იყო და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მოთხოვნა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა უნდა გამხდარიყო.  


საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც ათიათასობით ქართველი მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა. მომიტინგეებს დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები).


ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად დაკარგა, ამიტომ ჯუმბერ პატიაშვილმა დახმარება საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვა.


6 აპრილს თბილისში სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი ჩამოვიდა. 7 აპრილს მოსკოვში გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა, რომელზეც რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადმოსროლა გადაწყდა. მოსკოვიდან, გენერალ ეფიმოვის მეთაურობით, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გამოგზავნეს.


ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალთან, გენერალ-პოლკოვნიკ როდიონოვთან ერთად, შემუშავდა მშვიდობიანი მიტინგის დაშლის გეგმა. მიტინგის დარბევას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.


1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, მომიტინგეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა და მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადასვლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. „არა, ღმერთს შევფიცეთ, რომ აქ უნდა ვიდგეთ“, - ისმოდა პასუხად.


9 აპრილს, დილის 04:00 საათზე, როცა უსინათლო მომღერლები „სალაღობოს“ მღეროდნენ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების ჯარის ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა შემოარტყეს. რამდენიმე ასეული ჯარისკაცი მთავრობის სასახლის წინ იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს დაერია. ჯარისკაცები ხელკეტებით, მესანგრის ორლესული ბარებითა და მომწამვლელი გაზით იყვნენ შეიარაღებული.


მიტინგის დაშლისას ადგილზე 16 მოქალაქე დაიღუპა. მომდევნო დღეებში, მიღებული ტრავმებისგან კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა.  


9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი გია ქარსელაძე რუსმა სამხედრომ სწორედ კომენდანტის საათის დროს მოკლა.  


1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობთ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.


 


 


აზა ადამია - პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი
„იმ დღეს, როცა რუსთაველზე მომიტინგეები დაარბიეს, ჩვენ შინ, მარტვილში ვიყავით. მაშინ უბანში ტელეფონი მხოლოდ ერთ მეზობელს ჰქონდა, იქ დაგვირეკეს და ამ საშინელების შესახებ გვითხრეს. აზას ნიჩაბი საფეთქელთან მოხვედრია, სულ გატეხილი ჰქონდა საფეთქლის ძვალი, ადგილზევე გარდაცვლილა... მეტი სხვა არაფერი ვიცით....მადლობელი ვარ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, რომ 9 აპრილს დაღუპულები გმირებად აღიარა. ეს არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია, რაც გულდასაწყვეტი იყო“, - კობა ადამია, აზა ადამიას ძმა.
01


 


51-ე სკოლის მეათეკლასელები: ნინო ანდღულაძე, ნათია ბაშალეიშვილი და თამარ ჭოველიძე  

 


ელისო ჭიპაშვილი - რესპუბლიკური საავადმყოფოს 25 წლის სანიტარი. 6 თვის ორსული იყო, როცა დაიღუპა.
„საოცრად მორწმუნე გოგონა იყო ელისო, ვაჟკაცური ბუნების. 
ერთმა კაცმა ჩამომიტანა ამბავი ფასანაურში: იმ ღამით ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და იმ ბავშვს გადაფარებია ელისო. ახლა ელისოს რომ მოუტრიალდა სალდათი, შეუძახნია: რას შვრები, ფეხმძიმედ ვარო! იმას კიდევ უფრო გამეტებით დაურტყამს – ეშჩო ლუჩშეო“, - იხსენებს ელისოს მამა გიორგი ჭიპაშვილი.

 


დაღუპულთა შორის, ყველაზე პატარა „კომაროვის სკოლის“ მეათეკლასელი ეკა ბეჟანიშვილი
„აქციებზე რომ დადიოდა, ვიცოდი, მაგრამ ყოველთვის თავის დროზე ბრუნდებოდა სახლში, არასდროს იგვიანებდა. 8 აპრილს სახლში სტუმრები გვყავდა, ამიტომ მასწავლებელთან როცა დატოვა მამამისმა, სთხოვა, შენით წამოდიო. არ ვიცი, გაეთავისუფლა თუ გაუცდა ეკას გაკვეთილი, იქიდან წასულა აქციაზე. რვა საათი რომ გახდა, მე და ჩემი მეუღლე გამოვედით მოსაძებნად, ზოგმა კომაროვში მიგვასწავლა, ზოგმა ტელევიზიასთან, ყველაფერი მოვიარეთ, პარლამენტის წინაც ვიყავით და ვერსად ვიპოვეთ. ჩვენი ნაცნობები ბევრი იყვნენ აქციაზე, მათაც ვკითხეთ, მაგრამ ეკა არავის შეხვედროდა, მხოლოდ კლასელის დედას დაუნახავს, ისიც შვილს ეძებდა…“ - ეკას დედა ლალი ყანჩაველი.


 


ლევან კერესელიძე, გია ქარსელაძე და მერაბ ქოქიაშვილი



 


ნანა სამარგულიანი - 30 წლის, მარინე ჭყონია-სამარგულიანი - 35 წლისა, ნატო გიორგაძე - 23 წლის
„მშობლებმა ისე გაგვზარდეს, რომ სამშობლოს სიყვარული ჩაგვინერგეს, ჩემი ძმა აფხაზეთის ომის მონაწილეა, მეც ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩართული. ნატოც ასეთი იყო, სამშობლოზე შეყვარებული, უკან არ დაუხევია და თავიც გასწირა. არანაირი ჭრილობა არ ჰქონდა, მაგრამ გაზით მოწამლული სახეზე ისეთი შეშუპებული იყო, რომ ვერ ვიცანით... მე ვთვლი, რომ ჩემი დისა და დანარჩენების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, - იხსენებს ნატო გიორგაძის და მაია.


 


თინა ენუქიძე - 70 წლის, ნინო თოიძე - 25 წლის, ზაირა კიკვიძე - 61 წლის
„9 აპრილმა რა როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში? ეს თქვენ უნდა თქვათ, თუ რამე შეასრულა. ამ დღის შემდეგ ჩვენი ოჯახი ამოწყდა. დედამ თავის მოკვლა სამჯერ სცადა, ნინოს საფლავზე ათენ-აღამებდა. იქაურობას არ სცილდებოდა... ლოგინად ჩავარდა და აღარც ამდგარა, მალე მამაც მიჰყვა... ნინო გვეუბნებოდა, თუ სამშობლოს დასჭირდება ჩემი სიცოცხლე, აუცილებლად შევეწირებიო. აკი, შეეწირა კიდეც...“ - ქეთი, ნინო თოიძის და.


 


ვენერა მეტრეველი, თამარ მამულაშვილი - 50 წლის, მზია ჯინჭარაძე - 43 წლის


 


შალვა ქვასროლიაშვილი, ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის, მამუკა ნოზაძე - 22 წლის

 


თამუნა დოლიძე - 28 წლის


 


მანანა ლოლაძე - 33 წლის, მანანა მელქაძე - 23 წლის


 


9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გენერალი იგორ როდიონოვი. გარდაიცვალა 78 წლის ასაკში




„იმ დღეს, ჩემ გარდა, კიდევ სამი უსინათლო მღეროდა: დონარა ცხადიაშვილი, ნაირა კილაშვილი, თინათინ ბირკაძე. ისინი ახლა ცოცხლები აღარ არიან. მიტინგზე ოთხი დღის განმავლობაში დავდიოდით, უმეტესად ღამე, რადგან ამ დროს ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირდათ და, როგორც თვითონ გვეუბნებოდნენ, სიმღერით ვამხნევებდით. იმ დღესაც, ჩვეულებისამებრ, დიდხანს ვიმღერეთ. როდესაც უწმიდესი მობრძანდა და თქვა, საფრთხე რეალურიაო, მომიტინგეების თხოვნით, კიბეებზე ავედით. სწორედ მაშინ ვიმღერეთ „შავლეგოც“, მერაბ კოსტავას თხოვნით. როცა ტანკების ხმა გაისმა, ვიღაცამ დაიძახა, გოგოებო, დაუკარით, „სალაღობო“ იმღერეთ, მტერს „სალაღობოთი“ შევხვდეთ და ასე დავიხოცოთო. სიმღერა ბოლომდე შევასრულეთ, თუმცა 9 აპრილის კადრებში ეს არ ჩანს, რადგან მიკროფონი გაწყდა. ხალხი რომ კიბეებს მოაწყდა, ძალაუნებურად ჩვენ კედელთან აღმოვჩნდით. წუთით ისიც ვიფიქრე, რომ მოვკვდი, რადგან სუნთქვა გაუსაძლისი გახდა. მაშინდელი მილიციის კორდონს გავყევი და სამშვიდობოს გავაღწიე. საშინელი განცდა იყო. საზარელი ფეხის ხმა ყურში დღემდე ჩამესმის. ვფიქრობ, რომ დაღუპულთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემებითაა დადგენილი“, - უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?