ანსამბლ „მზიურის“ პირველი თაობა - „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება“

უცნობი ფოტოები

6 თებერვალი 20:00, 2016 წელი

მათ ყველგან იცნობდნენ. ისინი უყვარდათ და მათ სიმღერებს მღეროდნენ. საბჭოთა კავშირის მასშტაბით უპრეცედენტო პროექტი - გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“ იმდროინდელ პიონერთა სასახლეში 1971 წლის მაისში შეიქმნა და საყოველთაო სიყვარული და აღიარება არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა.


გოგონათა ანსამბლის უცვლელი ხელმძღვანელი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი გურამ ჯაიანიხსენებს: „თავდაპირველად, ბიჭების ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი არსებობდა. სკოლა რომ დაამთავრეს, ანსამბლიც დაიშალა. იმ პერიოდში ერნა თოდუა გახლდათ სასახლის ესთეტიკური და მხატვრული აღზრდის განყოფილების გამგე. მას ძალიან უნდოდა ახალი ანსამბლის ჩამოყალიბება და დაგვიძახა ჩვენ: კომპოზიტორ გურამ ბზვანელს, მუსიკალური წრეების ხელმძღვანელებს - შურა ჯანელიძეს, ციცინო ციცქიშვილს, რაფაელ კაზარიანს. ანაზდად სცენიდან ხმაური მოგვესმა. სხვადასხვა წრიდან გამოსული გოგონები სცენაზე ასულიყვნენ, ზოგი ფორტეპიანოზე უკრავდა, ზოგი გიტარაზე... სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ გოგონათა ანსამბლი შეგვექმნა.  ლია ხორბალაძის სკეტჩმა ისე მომხიბლა, ინსტრუმენტებთან მივიყვანე და ვკითხე - ამათგან რომელს აირჩევ-მეთქი. მაშინვე დასარტყამ ინსტრუმენტებს მიუჯდა. ეკა კახიანი ვერცხლისწყალივით ბავშვი იყო, ვერ ვაჩერებდი რეპეტიციებზე, თუმცა გავიდა დრო და იხვის ჭუჭული გედად იქცა. თამრიკო ჭოხონელიძე ახლა დადინჯდა, თორემ მაშინ ძნელი იყო მისი დამორჩილება. ნანიკო სანებლიძეს „პატარა პროფესორს“ ვეძახდი, სულ „ბრძნულ აზრებს" გამოთქვამდა. მაია ჯაბუა ისეთი დინჯი და გაწონასწორებული ბავშვი იყო, შენიშვნა არასოდეს მიმიცია.“


არსებობის ოთხი ათეული წლის განმავლობაში „მზიურელებმა“ ევროპის, აზიის, ამერიკისა თუ აფრიკის მრავალი ქვეყნის აუდიტორია მოხიბლეს, არაერთი ჯილდო მოიპოვეს და ლაურეატის წოდებებიც დაიმსახურეს. მონაწილეობა მიიღეს 25 მხატვრული და დოკუმენტური ფილმის გადაღებაში, ჩაწერეს 8 გრამ-ფირფიტა, დადგეს ოთხი მუსიკალური სპექტაკლი.


გერმანიის ქალაქ საარბრუკენის მერმა ოსკარ ლაფონტენმა „მზიურელთა“ პირველი თაობა ასე შეაფასა „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება“. 


„მზიურელების“ ცხოვრება განსხვავებულად წარიმართა, ბევრი ისევ შემორჩა სცენას  ზოგმა კი სხვა პროფესია აირჩია. თამრიკო გვერდწითელი - მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი; თამრიკო ჭოხონელიძე - მომღერალი, პიანისტი, მუსიკათმოცოდნე, საბავშვო მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელი; ლია ხორბალაძე - მუსიკოსი, მუსიკალურ-შემოქმედებითი სტუდიის „ბომბორას“ ხელმძღვანელი. ეკა კახიანი - მომღერალი და მსახიობი; მაია ჯაბუა - მომღერალი..
2010 წლის 9 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლი „მზიურის“ პირველმა თაობამ საქველმოქმედო გალა კონცერტი ჩაატარა.  მზიურელებმა ზაალ კაკაბაძის ფილმიდან „მზიური“ სიმღერების თანამედროვე და რეტრო ვერსიები შეასრულეს და გაიხსენეს ანსამბლის გარდაცვლილი წევრები:  ხათუნა დონდუა,  ხათუნა საბაშვილი და ქეთი ფირცხალავა. კონცერტის დასასრულს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ „მზიურის“ ვარსკვლავი გაიხსნა.


 


„მზიურელების“ პირველი თაობა
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარები ვიყავით, ძალიან კარგად გვესმოდა, რომ დედამიწაზე პირველად, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მადლიან ქართულ მიწაზე შეიქმნა და ამას, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი სიყვარული სჭირდებოდა.“ - ლია ხორბალაძე.



ანსამბლის პირველი რეპეტიცია 1971 წლის 4 ივლისს დუშეთის პიონერთა ბანაკ მზიანეთში“ შედგა.
18 ნოემბერს კი რუსთაველის სახელობის თეატრში პირველი კონცერტი  გაიმართა.
ამ დროს ყველაზე პატარა მზიურელი 8-9 წლის იყო. გოგონებმა, რომლებიც ინსტრუმენტების უკან ძლივს ჩანდნენ, მაყურებლის მხურვალე ოვაციები დაიმსახურეს.
„მზიურში“ ოცი გოგონა იყო და არც ერთს არ ერქვა მზია - სამი თამრიკო, სამი მაია, ორი ნინო, ორი ქეთინო, ორი ხათუნა, ორი ეკა, ნანა, მარინე, მანანა ელენე და ლია.



„ჩვენი ბავშვობა ულამაზესი, განუმეორებელი, გულწრფელი და საოცრად წარმატებული, კეთილი, ხალხისგან სიყვარულით სავსე ზღაპარი იყო.“ - ლია ხორბალაძე.


 


„არასოდეს დამავიწყდება, კრემლში  ვატარებდით კონცერტს. საკონცერტო კაბები დაპატარავებული გვქონდა, ახლის შეკერვას ვერ ვასწრებდით, ამიტომ იმ კაბებში ვაი-ვაგლახით ჩაგვტენეს. რუსმა ბიჭებმა შეგვატყვეს, რა გასაჭირშიც ვიყავით და შაყირი დაგვიწყეს: გოგოებო, კაბები ხომ არ გიჭერთო. ჩვენ ცხვირი ავწიეთ და გავედით სცენაზე, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ. დამთავრებისას კი ყველას კაბა შემოფლეთილი გვქონდა...“ - ღიმილით იხსენებს ნინო დათუკიშვილი.


 


ლია ხორბალაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მარინა მასხულია, ეკა კახიანი, ხათუნა დონდუა, თამრიკო გვერდწითელი


 


ქეთი ფირცხალავა
ქეთი ანსამბლ „მზიურის“ პირველი თაობის სოლისტი იყო ანსამბლში დაარსების დღიდან. იგი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არაერთი ცნობილი სიმღერის შემსრულებელს მუსიკალური კარიერა არ გაუგრძელებია.


 


„ჩემი პირველი, უახლოესი მეგობარი იყო ქეთი ფირცხალავა. ხუთი წლისებს პიონერთა სასახლეში დუეტში გვამღერებდა დეიდა ციცინო ციცქიშვილი. მაღალი, წკრიალა, სუფთა ხმა ჰქონდა. ლამაზი, არტისტული ბავშვი იყო. თამრიკო რომ შემოგვიერთდა, ტრიოდ ვიქეცით. მერე ის მშვენიერი „ანტოშკაც“ დაიბადა, ასე რომ დაამახსოვრა თაობებს თავი. "მზიურში", მუსიკალურ ათწლედში, ყველგან გამორჩეული იყო.“ - ეკა კახიანი.


 


ხათუნა დონდუა, „მზიურის“ მომღერალი, ჟურნალისტი


 


ეკა კახიანი



თამრიკო გვერდწითელი



თამრიკო ჭოხონელიძე



ქეთინო დეკანოზიშვილი, ლია ხორბალაძე, თამრიკო გვერდწითელი, ნინო კობიაშვილი
„1975 წელს „საბჭოთა კავშირ-უნგრეთის პირველი საერთაშორისო ფესტივალი“ ბუდაპეშტში ტარდებოდა. მოსკოვიდან „მეგობრობის მატარებლით“ ბუდაპეშტში გავემგზავრეთ. ჩვენს ვაგონში იყვნენ ევგენი კინდინოვი, ანდრეი მარტინოვი, ალექსანდრ ჟერომსკი (პანტომიმისტი, შემდგომში „ბურატინოს" რეჟისორი) და სხვა მსახიობები. მე და ლიამ გადავწყვიტეთ, ჩამოგვევლო კუპეები და ყველა გაგვეცნო. ჟერომსკი ჩვენთან საუბარში ძალიან გაერთო და გახალისდა... მოგვიანებით კი, როცა ფილმ-მიუზიკლ „ბურატინოს“ გადაღება გადაწყვიტა, მთელი ანსამბლი მიგვიწვია.“ - ქეთი დეკანოზიშვილი.


 


თამრიკო გვერდწითელი, მაია სირაძე, მაია ჯაბუა, ლია ხორბალაძე, მაია ჩიქვინიძე 
„პიონერთა სასახლეში წესი იყო: იქ მხოლოდ სკოლის მოსწავლეს უნდა ევლო. მე მპირდებოდნენ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგაც ანსამბლს არ დამატოვებინებდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ანსამბლი დავტოვე. ეს ჩემთვის იმდენად დიდი სტრესი აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტს, რამდენიმე წლის განმავლობაში, მეტროსადგურ „ლენინის მოედნიდან“ (ახლანდელი "თავისუფლების მოედანი") „რუსთაველის მოედნამდე“ ფეხით არ გამივლია...“ - ლია ხორბალაძე.


 


ხათუნა დონდუა და მაია ჯაბუა


 


ნინო კობიაშვილი, ხათუნა დონდუა, ეკა გოდერძიშვილი, თამრიკო ხორავა, გარი გრეგასი, მარინა მასხულია


 


„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვაზე დავდიოდი, საიდანაც ბანაკ „მზიანეთში“ მოვხვდი. ერთ საღამოზე მუსიკალური ფელეტონი შევასრულე. სასახლეში არსებული ანსამბლის მაშინდელმა და „მზიურის“ მომავალმა ხელმძღვანელებმა - რაფაელ კაზარიანმა და გურამ ჯაიანმა მეორე დღეს უამრავი სხვადასხვა ინსტრუმენტით სავსე ოთახში შემიყვანეს. მე დაჟინებით მოვითხოვდი, რომ დასარტყამ ინსტრუმენტზე დამეკრა, ისინი კი ცდილობდნენ, აეხსნათ, რომ მსოფლიოში არ ყოფილა პრეცედენტი, გოგონას ამ ინსტრუმენტზე დაეკრაო. რომ არ დავიშალე, მარტივი რიტმი დამაკვრევინეს, ცდამ გაამართლა და იმ დღიდან ჩემთვის ახალი სიცოცხლე დაიწყო.“ - ლია ხორბალაძე.


 


„შეუძლებელი იყო, ანსამბლის ხელმძღვანელი გურამ ჯაიანი მკაცრი არ ყოფილიყო. მას კონსერვატორია ახალი დამთავრებული ჰქონდა და სრულიად ახალგაზრდა 20 ცელქ გოგოს უნდა მორეოდა. მუდმივად ჰქონდა ხოლმე „შავი სია“, სადაც მოხვედრის ყველას გვეშინოდა.“


 


„კონცერტების მსვლელობისას შემაღლებულ სცენაზე განთავსებულ ინსტრუმენტთან ვიჯექი ხოლმე და თანაც, არც ისე მყარად. ერთხელ გამნათებელმა მოულოდნელად შუქი ჩააქრო, მე დაკვრა მაინც გავაგრძელე. როგორც ჩანს, სიბნელეში ვერ მოვზომე და გადავვარდი კიდეც, რამაც ძლიერი ხმაური გამოიწვია, მაგრამ არ შევიმჩნიე, დაკვრას იატაკზე ვაგრძელებდი. მერე იქიდან როგორღაც ამოვძვერი და შუქი რომ აინთო, ისევ ჩემს ადგილას ვიჯექი... დარბაზში ამ ფაქტს დიდი ოვაცია მოჰყვა.“ - ლია ხორბალაძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?