ცნობილი ბავშვები ქართული კინოფილმებიდან - როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება?

უცნობი ფოტოები
24.12.2016 22:00
3391

ბევრმა მსახიობმა, ვინც ქართული კინოში ბავშვობის ასაკში მოხვდა, მსახიობობას სხვა პროფესია არჩია და ეკრანიდან გაუჩინარდა. ზოგიერთმა სამსახიობო ხელოვნება ახალ სიმაღლეებზე აიყვანა და დღეს აღიარებული არტისტია. მოდით, ერთად გავიხსენოთ ქართული კინოს მსახიობი ბავშვები...

ნანული სარაჯიშვილი

იგი 10 წლის იყო, როცა ეკრანებზე ზაქარია გუდავაძისა და შალვა მარტაშვილის ფილმი „მანანა“ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ოცამდე ფილმში გადაიღეს, ნანული სარაჯიშვილს დღემდე მანანას ეძახიან. რეზო ჩხეიძემ ნანული სარაჯიშვილი ერთ-ერთ ოჯახში, სუფრასთან ნახა და მშობლებს ბავშვის კინოსინჯებზე მიყვანა ურჩია. „მანანას“ შემდეგ მსახიობს 15-წლიანი პაუზა ჰქონდა, შემდეგ გიორგი შენგელაიამ „ვერის უბნის მელოდიებში“ ტურფა ათამაშა. ნანული სარაჯიშვილმა 1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1971 - 2007 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, 2011 წლიდან იგი კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია. ფილმოგრაფია:  “მანანა“ (რეჟისორი – ზ. გუდავაძე, შ. მარტაშვილი), “ვერის უბნის მელოდიები“ (რეჟისორი – გ. შენგელაია), „სკამი“ (რეჟისორი – ლ. ბზვანელი), “ატრაქციონი“, (რეჟისორი – ო. შამათავა), “აურზაური სალხინეთში“ (რეჟისორი – ლ. ღოღობერიძე) “დიონოზავრის კვერცხი“ (რეჟისორი – ქ. დოლიძე), “ჭა“ (რეჟისორი – პ. ჩარკვიანი), „უჩინმაჩინის ქუდი“ (რეჟისორი – გ. კახაბრიშვილი), „ერთი ნახვით შეყვარება“ (რეჟისორი – რ. ესაძე), „დილის ნისლივით“ (რეჟისორი – გ. ხოჯავა), „გრანტუსი“ (რეჟისორი – ბ. ჩხეიძე), „ანდერძი“ (რეჟისორი – ნ. დვალიშვილი), „მოდი ვილაპარაკოთ“ (რეჟისორი – რ. გიორგობიანი), „გამოცხადება“ (რეჟისორი – გ. მატარაძე), „გარიგება“ (რეჟისორი – ზ. კოლელიშვილი), „გარიგება II“  (რეჟისორი – ზ. კოლელიშვილი), „სამოთხის გვრიტები“ (რეჟისორი – გ. ჩოხელი), „მიჯაჭვული რაინდები“ (რეჟისორი – გ. ჩოხელი)

 

ია ნინიძე და მაია კანკავა

1973 წელს რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ პირველი ქართული  მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ გადაიღო. მხატვარი და მუსიკოსი მაია კანკავა რვა წლის იყო, როცა „ვერის უბნის მელოდიებში“ მაროს როლი შეასრულა.  ამის შემდეგ იყო ფილმები  „ამბავი აფხაზი ჭაბუკისა“ ნუნუ (1977 წელი), „უმცროსი და“ ეთო (1977) „ქვიშან ი დარჩებიან “ 1976, „კიბე“ ( თამუნია) 1975 წ. „ვერის უბნის მელოდიები“ 1973 (მარო)
რაც შეეხება თამროს როლის შემსრულებელს, ის შემდგომში საქართველოს დამსახურებული არტისტი ია ნინიძეა. იამ 1981 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1997 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში, მუშაობდა თეატრ–კაბარე „ღამურაში“.
2000 წელს სცენაზე მიღებულიტრავმის შედეგად იძულებული გახდა, სასცენო კარიერაზე უარი ეთქვა. მონაწილეობდა ფილმებში „არ იდარდო“ (1968 წ.) „ვერის უბნის მელოდიები“ (1973 წ.) „პირველი მერცხალი“ (1975 წ. „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (1980 წ.) „აქედანა და შენამდე“ (1980 წ.) „მონანიება“ (1986 წ.) და ა.შ.

 

ანა ნიჟარაძე
ანას დანახვისას მაყურებელს 1981 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სუფთა დაფა“ ახსენდება, თუმცა კინოში სხვა წარმატებული როლებიც იყო:  „ზოგი ჭირი მარგებელია“ (სოფო), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (გოგონა), „გრძელი, ნათელი დღეები“ (ეკას დედა). 
მხატვარ ზურაბ ნიჟარაძისა და მსახიობ ციცინო ციციშვილის ქალიშვილი პროფესიით მსახიობი არ არის და, როგორც თავად ამბობს,  მსახიობობაზე სერიოზულად არასოდეს უფიქრია. „სუფთა დაფა“ უფრო ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო და ეს როლი ჩემი წარმატებული კარიერის ნაწილად არასოდეს ჩამითვლია. საერთოდ, მსახიობობის სურვილი არ მქონდა.“ წლების მანძილზე ანა რუსთაველის თეატრში ფოტოგრაფად მუშაობდა, დღეს კი მარიონეტების თეატრის დასის ანიმატორია.
ფილმოგრაფია: „გრძელი, ნათელი დღეები“ (ანა, 2013 წ.); „მიახლოება“ (1989 წ.); „არსენას ლექსი“ (1985 წ.)` „ზოგი ჭირი მარგებელია“ (სოფო, 1984 წ); „ქართველები ცაში“ (1984 წ.); „ძნელი დასაწყისი“ ანა (1981 წ); „შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე“ (ეკა, 1981 წ); „სუფთა დაფა“ (ეკა, 1981 წ.)„ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1981 წ.); „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978 წ.); „დაუვიწყარი დღე“ (ლია, 1977 წ.)



ნანი ჩიქვინიძე და მიხო ბორაშვილი 

1955 წელს, როცა თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“ ეკრანებზე გამოვიდა, ნანი ჩიქვინიძე 5 წლის იყო, მიხო ბორაშვილი  კი -  7 წლის. ფილმის წარმატების შემდეგ, თენგიზ აბულაძემ ნანისა და მიხოს მონაწილეობით ახალი ფილმის გადაღება მოინდომა და 1958 წელს „სხვისი შვილები“ გადაიღო. ამ დროს ნანი ჩიქვინიძე უკვე 7 წლის იყო, მიხო ბორაშვილი კი - 9 წლის. იმავე წელს რეზო ჩხეიძემ ნანი ჩიქვინიძე „ჩვენს ეზოში“ გადაიღო. თენგიზ აბულაძეს თავისი პატარა მსახიობები არც შემდგომ წლებში დავიწყებია და 13 წლის ნანის მოწაფის როლი ათამაშა „მე, ბებია ილიკო და ილარიონში“. 21 წლის მიხო ბორაშვილს კი „ღიმილის ბიჭებში“ ბაადურის როლი მისცა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ნანი ჩიქვინიძემ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ქართული თეატრის წამყვანი მსახიობია. მიხო ბორაშვილი კი დოკუმენტური კინოს რეჟისორი და კინემატოგრაფიის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა და ათზე მეტი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.


მიხეილ მესხი-უმცროსი

რეზო ჩხეიძის 1972 წელს გადაღებული ფილმში „ნერგები“ მოხუც ლუკას როლს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ასრულებს, მისი შვილიშვილის როლში კი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის შვილი მიხეილ მესხი-უმცროსია, რომელმაც მსახიობობას მამის კვალს გაყოლა არჩია და თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ წამყვანი ფეხბურთელი გახდა. თბილისის „დინამოს“ რიგებში ჩატარებული 97 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. „სპარტაკში“ თამაშის პერიოდში,  საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. გარდაიცვალა 2003 წელს.

 

ნანა ქვათელაძე 

ეს ჟღალთმიანი გოგონა ნანა მჭედლიძის ფილმში „იმერული ესკიზები“ (1979 წ.) სრულიად შემტხვევით მოხვდა. „1979 წელი იყო. ამ დროს, მეორე კლასში ვიყავი. მე და ჩემი თანაკლასელები სკოლიდან ვბრუნდებოდით, კულტურის სახლთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო, თანაკლასელებმა ჯიკავ-ჯიკავით წამიყვანეს, აინტერესებდათ, რა ხდებოდა. ამ დროს, უცნობ ხალხს ერთი კაცი გამოეყო, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ვიღაცას უბრძანა, ამ ბავშვს სინჯები გადაუღეთო... მალე, თბილისიდან პასუხი მომივიდა, რომ „იმერულ ესკიზებში“ ანას როლი უნდა მეთამაშა,“ - იხსენებს ნანა ქვათელაძე. ფილმის გადაღების პროცესში რეჟისორს ცელქი, ჟღალთმიანი გოგონა ისე შეუყვარდა, რომ ფილმის გადაღების შემდეგ მონათლა და თავის კიდევ ერთ ფილმში „უკვდავების თეთრი ვარდი“ გადაიღო.  საბოლოოდ, ნანა ქვათელაძე მსახიობობას არ გაჰყოლია. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და ოჯახი შექმნა. ამჟამად უცხოეთში სამუშაოდა წასული.  

 

ჯაბა წულაძე 

ალბათ გახსოვთ „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ცნობილი პერსონაჟი, ერისთავებში ასაკით ყველაზე უმცროსი და სიცელქით ყველაზე აღმატებული აკიმი, რომელმაც პიპინია ერისთავი „გადარია“. ჯაბა წულაძე აკიმის როლში რომ გადაიღეს, 6 წლის იყო, ახლა კი 50 წელს გადაცილებულია, მაგრამ აკიმი და ფილმის გადაღების პროცესი დღემდე არ ავიწყდება. ელდარ შენგელაია შინ სტუმრად გვეწვია და რომ დაინახა, ასეთი ცელქი ვიყავი, ჩემებს სთხოვა, ეს ბავშვი ფილმში მინდა გადავიღოო. ხელფასიც კი ავიღე, თუ სწორად მახსოვს, 1.200 მანეთი. თანაც, მოვითხოვე ხუთი კილო კოწახური, ხუთი კილო „დათუნია“, კოპლებიანი ბურთი, ბუშტები და ნაყინი. ფილმისთვის თმა შავად შემიღებეს. თუ გახსოვთ­ სცენა, სადაც პიპინია წამალს სვამს და მე ბალიშს ვესვრი... ეს სცენა ჩემი ცელქობის შედეგია. ვასილ ჩხაიძე ჩემმა მოულოდნელმა საქციელმა­ არ დააბნია და კადრი ფილმში შევიდა, მაგრამ გავაგიჟე კაცი. პიპინიას სისხლს ვუშრობდი, ამიტომაც ეძახიან დღემდე ყველა ცელქ ბავშვს აკიმს,“ - იხსენებს ჯაბა წულაძე. ცელქი აკიმი მსახიობობას არ გაჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ, 70-იანი წლების ბოლოს ფრანგ დედასთან ერთად, საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც თითქმის 10 წელი იცხოვრა. ამჟამად მეუღლე და შვილებთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

ავტორი: ნელი თორდია