X

ლაშა ტალახაძე: „სამშობლო ჩემთვის ყველაფერია“

ზეპირი ანკეტა
14.11.2016 20:00
1154

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ძალოსნობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, პირადად ჩემთვის, ბევრი რამე შეიძლება იყოს.  პირველ რიგში, როდესაც ვიცი, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები კარგად არიან, ბედნიერებას სწორედ ეს  მანიჭებს.

- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ახლა...

- ბოლოს როდის იტირეთ?
- ნამდვილად დიდი ხანია არ მიტირია. ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი 2012 წელს მქონდა, როდესაც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი გარდაიცვალა.

- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, ხასიათის ცვალებადობა და კიდევ - გაბრაზების შემთხვევაში წყენას ადვილად ვივიწყებ.

- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლი? არ ვიცი, არ მახსენდება.

- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- თავს ვერავისთან გავაიგივებ, განა იმიტომ, რომ მათზე უკეთესი ვარ. უბრალოდ, მივიჩნევ, რომ ჯერჯერობით არაფერი შემიქმნია.

- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ის, ვისაც თავისი სამშობლოსთვის რამე შეუქმნია და გაუკეთებია, ჩემთვის გმირია. ალბათ, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც თავისი ქვეყნისთვის თავს სწირავს.

- თქვენი მხატვრული გმირები?
- „სამი მუშკეტერი“.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ვინაიდან სულ შეკრებებზე მიწევს ყოფნა, საქართველოში ბევრგან არ ვარ ნამყოფი. ერთ-ერთი ჩემი ოცნება იყო, მენახა გერგეთის სამება ყაზბეგში, სადაც რამდენიმე დღის წინ ვიყავი. მართლაც გასაოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პირველ რიგში, თავმდაბლობასა და წესიერებას.

- ქალში?
- ქალშიც იმავეს.

- საყვარელი მწერალი?
- აკაკი წერეთელი.

- საყვარელი კომპოზიტორი?
- ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მუსიკის მოსასმენად დრო ნაკლებად მრჩება, ამიტომ საყვარელი და გამორჩეული კომპოზიტორი არ მყავს.

- ფილმი?
- ადრიანო ჩელენტანოს „ჭირვეულის მორჯულება“.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი მიღწევები არ მაქვს და ყველაფერი წინ არის.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი და შემდეგ - სამშობლო.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- მქონია მომენტები, როდესაც ცუდი რამ შემემთხვა, მაგრამ, ალბათ, ისიც საჭირო იყო. უნდა გქონდეს ცხოვრებაში ჩავარდნები, რადგან ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს სწავლობს.

- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო ჩემთვის ყველაფერია. ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია და, დაახლოებით, ერთ კვირაში უკვე მენატრება ჩემი სამშობლო. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე. მორწმუნე ადამიანი ვარ და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანის დაკარგვის...

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, რომ მალე წავიდე ამ ქვეყნიდან და სხვები არ დავტანჯო.

- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ვისურვებდი, ყველა ის ადამიანი, ვინც აქ დამრჩება, კარგად მიმყოფოს. სხვა არაფერი.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი

ავტორი: გიორგი კეკელიძე