ნინო გაჩეჩილაძე: „ნურაფერს მეტყვის. უბრალოდ, გამიღიმოს და გულში ჩამიკრას“

ზეპირი ანკეტა

27 თებერვალი 20:00
467

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ეს ყველაზე რთული კითხვაა... როგორც ტოლსტოი ამბობს, „ცხოვრებაში არ არის ბედნიერება. არის მარტო მისი ციაგი. ეს უნდა დავაფასოთ და ამით უნდა ვიცხოვროთ“. ვფიქრობ, მუდმივი ბედნიერების განცდა არ არსებობს. ჩემთვის ბედნიერება მცირედ რამეებსაც მოუტანია. თუნდაც, როდესაც ვუყურებ განთიადს ან როგორ თამაშობს პატარა ბავშვი და შინაური ცხოველთან ერთად.  ჩვენი კაქტუსი ყვავილებს რომ გამოისხამს, ისეთი ბედნიერი ვარ და ისე მიხარია, მაშინვე ფოტოებს ვუღებ... ბედნიერების განცდა ბევრმა რამემ შეიძლება მოგიტანოს. საყვარელ ადამიანთან გატარებული თითოეული დღეც ხომ ბედნიერებაა. მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ბავშვებს მოაქვთ და ჩემს თავს, პირველ რიგში, მაგ ბედნიერებას ვუსურვებდი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გუშინ, Facebook-ზე სასაცილო ვიდეო ვნახე და ძალიან ბევრი ვიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- 2 კვირის წინ დავასრულე სერიალ „ახალგაზრდა პაპის“ ყურება ჯუდ ლოუს მონაწილეობით. ფინალურ სცენაზე უეცრად ავტირდი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- პრინციპულობა და მიზანდასახულობა, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ზედმეტად გულუბრყვილობა, ადამიანების მიმართ ზედმეტი ნდობა და ძილისმოყვარეობა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- სიმართლე ვთქვა, არასდროს მქონია სურვილი, ისტორიულ ფიგურასთან თავი გამეიგივებინა და ვერც გავაიგივებ. მხატვრული პერსონაჟებიდან შემიძლია, ამელი პულენი დავასახელო, იმიტომ, რომ ისიც ჩემსავით მარტო ცხოვრობს და ჩემსავით მეოცნებეა.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- სიტყვა „გმირის” განმარტება ასეთია: ბრძოლასა და შრომაში თავდადებული ადამიანი. შესაბამისად, გმირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანი, ვინაიდან ცხოვრება ერთგვარი ბრძოლაა. საკუთარ პროფესიაში თავდადებული ადამიანი, ვინც ბოლომდე იხარჯება, რათა სხვებს ცხოვრება შეუმსუბუქოს, ისეთივე გმირია, როგორც სამშობლოსთვის თავდადებული ჯარისკაცი, რომელიც ქვეყნის დასაცავად იბრძვის. გმირობის პრინციპი, ჩემი აზრით, ასეთია: მთავარია, ადამიანი ბოლომდე დაიხარჯოს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ალექსანდრე პუშკინის „ევგენი ონეგინიდან“ ტატიანა ლარინა და ერიკ ემანუელ შმიტის დედა როზა - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონიდან“.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- შარშან აგვისტოში ვიმოგზაურე ინდოეთში და ეს ჩემთვის ნამდვილი ზღაპარი იყო. იმდენად მოვიხიბლე, ყველას ვუსურვებ, ერთხელ მაინც მოხვდეს ინდოეთში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა (არ მიყვარს მუდო კაცები), პროფესიონალიზმი  და ერთგულება.


- ქალში?
- ქალში თავდაჭერილობა, მოკრძალებულობა და სინაზე.


- საყვარელი მწერლები?
- მიხეილ ჯავახიშვილი, ოთარ ჭილაძე, უილიამ შექსპირი, რიჩარდ ბახი, ტენისი უილიამსი, ნიკოლოზ გოგოლი და თეოდორ დოსტოევსკი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- საყვარელი კომპოზიტორი ბევრი მყავს, მაგრამ გამორჩეულად მიყვარს იოჰან სებასტიან ბახი, პეტრე ჩაიკოვსკი და შედარებით თანამედროვე კომპოზიტორებიდან - პეტ მეტენი და ჰენრი მანჩინი.


- ფილმი?
- აქ ძალიან ძველმოდური ვარ. მიყვარს კლასიკური ფილმები: „რომაული არდადეგები“, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, „კაბირიას ღამეები“. თანამედროვე ფილმებიდან, ასევე, ძალიან მიყვარს „ნოთინგ ჰილი“ და „ამელი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევა წინ მაქვს, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე დიდი მიღწევა მაყურებლის სიყვარულია. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ მეჩვენება და, უბრალოდ, ხომ არ მინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ რეალურად, თურმე ასეა, რაშიც ყოველდღე ვრწმუნდები, რაც ძალიან მახარებს და მეამაყება.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი, ჩემი სარწმუნოება, ჩემი მეგობრები და ჩემი პროფესია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ყველა იმ თარიღს გამოვტოვებდი, რომელმაც ჩემში უარყოფით ემოცია გამოიწვია და სტრესი მომაყენა. მერჩივნა, არ მომხდარიყო, თუმცა, რადგან მოხდა, ე. ი. საჭირო იყო.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ისევ და ისევ ჩემი ოჯახი, ჩემი ენა, ჩემი სარწმუნოება, ჩვენი ტრადიციები. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ასე მგონია, სადაც არ უნდა წავიდე, ბოლოს მაინც აქ დავბრუნდები. არ შემიძლია საქართველოს გარეშე. თამამად ვიტყვი, რომ პატრიოტი ვარ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის და სიკვდილის. განსაკუთრებით - უეცარი სიკვდილის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ღრმა სიბერეში, თბილ ლოგინში, ძილში...


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- თუკი ოდესმე ღმერთს შევხვდებოდი, ეს იმდენად დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის, საერთოდ ნურაფერს მეტყვის. უბრალოდ, გამიღიმოს და გულში ჩამიკრას.