შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების გამოხატვა იაპონურად
18:00 სამ. 22 აპრილი

თუ იაპონიის ფერად ფესტივალებს ეწვევით, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ ქალებს შენიშნავთ. ისინი ლამაზები და მოხდენილები არიან ... სანამ გაიღიმებენ. გაღიმების შემდეგ კი თვალს უხერხულად ხვდება მათი კბილების სიშავე. პირადი ჰიგიენა არაფერ შუაშია — ქალები კბილებს შავად თავად იღებავენ, მაგრამ რატომ?
როდის ჩაისახა ეს ტრადიცია
კბილების შავად შეღებვის ტრადიცია (ოჰაგურო) იაპონიაში მესამე საუკუნეში გაჩნდა. ფერი შემთხვევით არ იყო აურჩევიათ — იაპონურ კულტურაში შავი სიმტკიცის, ერთგულებისა და სტაბილურობის სიმბოლოა. იაპონელი ქალები ტრადიციას წლების განმავლობაში მისდევდნენ თუმცა მე-18 საუკუნის ბოლოს იმპერატორის ოჯახის ქალებმა კბილების შეღებვაზე უარი განაცხადეს და ტრადიციას მოძველებული უწოდეს. ამის შემდეგ ოჰაგურო ოფიციალურად გაუქმდა, თუმცა იშვიათად მაინც შეგხვდებით ქალებს, რომლებიც ძველ ჩვეულებას პატივს სცემენ.
ტრადიციის არსი
იაპონიაში შავი დადებით და ბედნიერ ფერად ითვლებოდა, ხოლო ოჰაგუროს მთავარი მიზანი იყო ერთგულებისა და სტაბილურობის გამოხატვა. სწორედ ამიტომ, იაპონელი ქალები ქორწინების შემდეგ კბილებს შავად იღებავდნენ და ამ ფერს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებდნენ. მათ მტკიცედ სწამდათ, რომ შავი კბილები ქორწინების შენარჩუნებაში, ქმართან კავშირის გაძლიერებაში და სიყვარულის განმტკიცებაში დაეხმარებოდათ.
მხოლოდ წარჩინებული ოჯახებისთვის
ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად, ოჰაგურო მხოლოდ იმპერატორის ოჯახში ხორციელდებოდა და განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენდა.
უბრალო ხალხს კბილების შეღებვის უფლება არ ჰქონდა. მოგვიანებით, ამ ტრადიციას სამხედროთა და ჩინოვნიკთა ოჯახებიც შეუერთდნენ.
ოჰაგურო ფართო საზოგადოებაში მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მის პოპულარიზაციას ბუდიზმმა შეუწყო ხელი.
ოჰაგუროს საღებავის რეცეპტი
ოჰაგუროს საღებავის რეცეპტი არსებობის მანძილზე არ შეცვლილა. გამოცდილი ბებიები თაობიდან თაობას გადასცემდნენ და ქალებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ მოემზადებინათ ნარევი ისე, რომ კბილებს არ დაეზიანებინათ.
საღებავის მოსამზადებლად წყაროს წყალში წითლად გავარვარებულ რკინის ნაჭერს უშვებდნენ და საკეს უმატებდნენ (იაპონური ალკოჰოლური სასმელი). ორ კვირაში, როცა სითხე რკინის გემოს იძენდა, ერთ მუჭა სუმახის კენკრას ურევდნენ და საღებავი მზად იყო.
ქალებს კბილების შეღებვა ყოველდღიურად უწევდათ, რადგან ნარევი ნერწყვის, საკვების და სასმლის ზემოქმედებით ადვილად იშლებოდა.
იაპონელ ექიმებს მიაჩნდათ, რომ ეს შავი გარსი კბილებს აძლიერებდა და პირის ღრუს დაავადებების განვითარებას ხელს უშლიდა, თუმცა, საღებავს საშინელი სუნი ჰქონდა...
ოჰაგურო დღეს
თანამედროვე იაპონელები პატივს სცემენ საკუთარ ტრადიციებს და კულტურას, თუმცა კბილების შავად შეღებვას, ალბათ, აღარ დაუბრუნდებიან. მიუხედავად ამისა, ოჰაგურო კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე დღესაც გვხვდება, ამ შემთხვევაში მსახიობები ორიგინალური საღებავის ნაცვლად, შავი მელნისა და ცვილის ნარევს იყენებენ.
შორეულ სოფლებში ჯერ კიდევ ნახავთ მოხუც ქალებს, რომლებიც აგრძელებენ ტრადიციის დაცვას და ასე გამოხატავენ მეუღლეებისადმი ერთგულებას.
ესეც დაგაინტერესებთ:
როგორ აშენებენ იაპონელები სეისმოგამძლე ცათამბჯენებს?
რატომ არის აუცილებელი თავზე ტომრის ჩამოცმა იაპონიის მაღაზიებში?
იაპონიაში არის ოჯახური სასტუმრო, რომელიც 13 საუკუნეა, მუშაობს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან