მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად
12:00 ოთხ. 20 აპრილი, 2022 წელი
გურმანებმა იციან, რომ მწვანე ლობიო სხვადასხვანაირად შეიძლება მომზადდეს, თუმცა მათ შორის მწვანე ლობიო ნიგვზით ის ვარიანტია, რომელიც არა მარტო ოჯახურ სადილზე, არამედ სტუმრებთან სუფრაზეც შეგიძლიათ დადოთ.
შემოგთავაზებთ ამ კერძის რეცეპტს პროფესიონალი მზარეულის დავით გიორგბერიძისგან.
პროდუქტი 2 ულუფისთვის:
- მწვანე ლობიო - 500გრ.
- გატარებული ნიგოზი - 100 გრ.
- მწვანილები: ქინძი, რეჰანი, შაშკვლავი - 100 გრ.
- 1 ცალი საშუალო ზომის ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- დაფქული წითელი წიწაკა, მარილი და ძმარი გემოვნებით.
მომზადების წესი:
მწვანე ლობიო გაარჩიეთ, დატეხეთ, გარეცხეთ და დაასხით ცივი წყალი, ისე რომ კარგად დაიფაროს.
მოსახარშად დადგით საშუალო ცეცხლზე.
თუკი ხარშვის დროს ერთ ჩაის კოვზ სოდას დაუმატებთ, ლობიო სიმწვანეს შეინარჩუნებს.
კარგად მოხარშული და გაციებული ლობიო გაწურეთ და ჩაყარეთ ჯამში.
შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ხახვი, ქინძი, რეჰანი, დაჭყლეტილი ნიორი, მოაყარეთ ნიგოზი და კარგად აურიეთ.
ბოლოს დაამატეთ მარილი, დაფქული წითელი წიწაკა და ძმარი - ეს ყველაფერი თქვენი გემოვნებით.
მომზადებულ მასას მიეცით სასურველი ფორმა და უგემრიელესი კერძი მზად არის.
შენიშვნა:
ამ უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად, დაახლოებით, 50 წუთი დაგჭირდებათ.
კერძი სამარხვოა და იდეალურია თქვენი სამარხო მენიუს გასამდიდრებლად.
თუკი ამ კერძს სადღესასწაულო სუფრასთან მისატანად ამზადებთ, მორთეთ ცოტაოდენი მოცხარის ან ბროწეულის მარცვლებით. შეგიძლიათ გვერდით რეჰანის რამდენიმე ფოთოლიც მიუდოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან