რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?
16:42 შაბ. 4 აპრილი
თევზი ორგანიზმისთვის ადვილად ათვისებადი ცილისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მთავარი წყაროა. ის მდიდარია იოდით, ფოსფორით, D ვიტამინითა და რა თქმა უნდა, კოლაგენით.
თევზი ანელებს დაბერების პროცესებს, ააქტიურებს რეპროდუქციულ ფუნქციას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და ეს მისი სასარგებლო თვისებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
თევზის კერძების რეგულარული მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს, წონის კლებაში გვეხმარება, ალცჰაიმერისა და ნაადრევი დაბერებისგან გვიცავს.
რამდენად ხშირად უნდა მივირთვათ თევზი?
თევზი მენიუში კვირაში, მინიმუმ, 1-2-ჯერ მაინც უნდა იყოს. შეგიძლიათ ის მარცვლოვან პურთან, ყავისფერ ბრინჯთან, მოხარშულ ან გამომცხვარ კარტოფილთან ერთად მიირთვათ და ნედლი ბოსტნეული და მწვანილი მიაყოლოთ.
თევზის მომზადების რომელი წესია ყველაზე ჯანსაღი?
თევზის მომზადების საუკეთესო საშუალება მის გამოცხობა ან ორთქლზე მომზადებაა. ამ დროს პროდუქტი სასარგებლო თვისებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს.
კანცეროგენებისა და დიდი რაოდენობით საკვები დანამატების გამო შებოლილი თევზის ხშირად მირთმევა არასასურველია. უნდა შეზღუდოთ დამარილებული თევზის მოხმარებაც, რადგან დიდი რაოდენობით მარილი გულის, თირკმელების, ღვიძლისა და სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აფერხებს. გარდა ამისა, ცუდად დამარილებული თევზი შეიძლება ორგანიზმში ჰელმინთების (პარაზიტი ჭიების) გაჩენის მიზეზი გახდეს.
რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?
ხშირი მოხმარებისთვის მცირე ზომის ზღვის თევზი (ვირთევზა, მერლანგა, ქაშაყი, კამბალა, სარდინები) შეარჩიეთ — დიდ თევზებთან შედარებით, მათში რამდენჯერმე ნაკლები ტყვია და ვერცხლისწყალი გროვდება.
ვერცხლისწყლის შემცველობის მიხედვით რეკორდსმენი თინუსია, თუმცა მისი მცირე რაოდენობით მიღება ჯანმრთელობას არ ვნებს.
ზღვის თევზი უფრო უსაფრთხოა, რადგან მას ნაპირიდან შორს იჭერენ, რაც ეკოლოგიური სისუფთავის ერთგვარი გარანტიაა. ასეთ თევზში ომეგა-3-ის შემცველობა და ცილის რაოდენობა მაღალია.
მდინარის თევზში (ფარგა, ქორჭილა, ნაფოტა, კაპარჭინა) შესაძლოა პარაზიტები აღმოჩნდნენ, რომლებიც ზოგჯერ თერმული დამუშავებისას არ იღუპებიან. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას მათ შეუძლიათ ღვიძლი და სანაღვლო გზები დააზიანონ, ამიტომ მდინარის თევზი ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას საჭიროებს.
დიეტური მენიუსთვის თევზის საშუალო ცხიმიანობის სახეობები ორაგული, კეტა, კალმახი, თინუსი და კობრი გამოდგება.
არსებობს „მჭლე“ ჯიშებიც, რომლებიც 4%-ზე ნაკლებ ცხიმს შეიცავენ: ვირთევზა, კამბალა, ხეკი, ქარიყლაპია, ფარგა, ქორჭილა, მინტაი. თევზის ეს სახეობები იდეალურია მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის, ასევე მოხუცებისთვის, ბავშვებისა და ორსულებისთვის. ისინი კარგად ანაყრებს და ადვილად მოსანელებელია.
მაგალითად, ვირთევზა ცოტა ცხიმს შეიცავს, გემრიელი თეთრი ხორცი და ცილის დიდი შემცველობა აქვს (100 გრამზე დაახლოებით 17 გრ). გარდა ამისა, ის ფოსფოლიპიდებს შეიცავს, რომლებიც უჯრედის კედლებს აღადგენს, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და კანს აჯანსაღებს.
უცხიმო თევზი სრულფასოვანი ვახშმისთვის იდეალურია: ის ცილით მდიდარია, ხოლო მისი კალორიულობა 100 კკალ-ს არ აღემატება.
აუცილებელი არ არის მხოლოდ ძვირად ღირებული სახეობების ყიდვა - ატლანტიკური ორაგული შეგიძლიათ კალმახით ჩაანაცვლოთ, თინუსი - სკუმბრიით, ხოლო ვირთევზა - მინტაით.

ფოტოზე: თევზის სახეობა მინტაი
მინტაი უნივერსალური თევზია, რომელიც როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის სასარგებლოა. მისი მენიუში ჩართვა შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტის, გასტრიტისა და პოდაგრის დროსაც კი შეიძლება.
ცხიმიანი თევზის უპირატესობა
ცხიმიან თევზში ომეგა-3-ის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე უცხიმოში. „ცხიმიანების“ რეკორდსმენებია: ღურკანა, სკუმბრია, ივასი, სიგი, საირა, პალტუსი და ქაშაყი.
ორაგული მდიდარია D ვიტამინით, კალციუმით, სელენითა და ფოლიუმის მჟავით. მასში არსებული სასარგებლო ქოლესტერინი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
მნიშვნელოვანი რჩევა: ორაგულის შეძენისას ეცადეთ ბუნებრივ წყალსატევებში დაჭერილი და არა ფერმაში გაზრდილი თევზი აირჩიოთ. ფერმის ორაგული ხშირად ხელოვნური საკვებით იკვებება, რომელიც შეიძლება ანტიბიოტიკებსა და სხვა ქიმიკატებს შეიცავდეს. გარდა ამისა, ფერმის თევზი უფრო ცხიმიანია და მეტ ტოქსინს იწოვს. სასურველია, რომ სხვა ისეთ ხელოვნურად გამოზრდილ თევზებსაც მოერიდოთ, როგორიცაა პანგასიუსი, დორადო და სიბასი (ზღვის ქორჭილა).
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან