ცივი კრემი შესქელებული რძით
15:43 ხუთ. 1 მაისი

ამ რეცეპტით მომზადებული არაჟნის კრემი შესქელებული რძით, ფუმფულაა, გემრიელია და როგორც ნამცხვრებისთვის, ასევე ტორტებისთვის გამოგადგებათ.
საჭირო პროდუქტი:
- სქელი არაჟანი - 700-800 გრ.
- მოხარშული შესქელებული რძე - 500 გრ.
- კარაქი - 350 გრ. (82.5%)
(ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის)
კრემის მომზადება
კრემის მოსამზადებლად ძალიან სქელი და ცხიმიანი არაჟანი დაგჭირდებათ. არაჟანი კიდევ უფრო რომ გასქელდეს, საწურზე რამდენიმე ფენად დაკეცილი დოლბანდი დააფინეთ, ზედ არაჟანი მოათავსეთ და მაცივარში, სულ მცირე, 6 საათით მაინც დატოვეთ (უმჯობესია, მთელი ღამით).
თუ სახლის, 30-35% -იან არაჟანს იყენებთ, შეგიძლიათ გაწურვის გარეშე, პირდაპირ გამოიყენოთ.
თუ არაჟანს საწურზე წურავთ, მაშინ 1 კგ. მაინც დაგჭირდებათ, რათა გაწურვის შემდეგ 800 გრ. დაგრჩეთ.
მოხარშული, შესქელებული რძე მიქსერით, დაახლოებით, 1 წუთის განმავლობაში თქვიფეთ, რომ დარბილდეს და ერთგვაროვანი გახდეს.
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ჯამში გათეთრებამდე თქვიფეთ.
ათქვეფილ კარაქს ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი შესქელებული რძე და ერთმანეთში კარგად ათქვიფეთ. ახლა დაუმატეთ გაწურული არაჟნის ნახევარი და დაბალ სიჩქარეზე თქვიფეთ.
ამის შემდეგ კრემს არაჟნის მეორე ნახევარი დაუმატეთ და თქვეფა განაგრძეთ.
როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება, კრემი მზად არის.
ეს უგემრიელესი ცივი კრემი შეგიძლიათ ნებისმიერ ტორტში და ნამცხვარში გამოიყენოთ. ძალიან უხდება „მედოკს“.
ესეც სცადეთ:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან