ხაჭოს დესერტი ცხობის გარეშე
16:50 შაბ. 4 ნოემბერი, 2023 წელი
ხაჭოს დესერტი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება, მაგრამ დრო მაინც სჭირდება - გემოები რომ „გაუჯდეს“ ერთმანეთს, ამიტომ გირჩევთ, წინა საღამოს მოამზადოთ....
საჭირო პროდუქტი:
- ფხვიერი ორცხობილა - 200 გრ
- გამდნარი კარაქი - 100 გრ
- რძე - 2 ს. კოვზი
კრემისთვის:
- ხაჭო-ყველი - 500 გრ
- კრემ-ყველი - 250 გრ
- ვანილის პუდინგი - 80 გრ
- 33%-იანი ნაღები - 500 მლ
- რძე - 3/4 ჭიქა
- ჟელატინი - 14 გრ
- 1 ლიმონის ცედრა
- ვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ჟელატინი დაალბეთ 50 მლ წყალში და 20 წუთი დატოვეთ. ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე გაათბეთ, სანამ მთლიანად არ გაიხსნება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
ორცხობილები ბლენდერით დაფშვენით, გამდნარი და გაგრილებული კარაქი დაუმატეთ, კვლავ აურიეთ და მიღებული მასა ორად გაყავით. ერთი ნახევარი შეინახეთ, მეორეს კი ცოტა რძე დაუმატეთ.
24 სმ-იან ფორმას ძირზე და გვერდებზე წაუსვით რბილი კარაქი. დაფშვნილი ორცხობილების ნახევარი, რომელსაც რძე დაუმატეთ, ფორმაში გადაიტანეთ, კარგად გაანაწილეთ და დატკეპნეთ.
კრემი:
ნაღები, რძე და ვანილის პუდინგი მიქსერით ათქვიფეთ. როდესაც კრემი შესქელებას დაიწყებს, დაამატეთ კრემ-ყველი და განაგრძეთ თქვეფა სქელი კრემის მიღებამდე.
ახლა კრემს დაუმატეთ ხაჭო-ყველი, ცედრა, ვანილი და ყველაფერი დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ, ბოლოს თქვეფის შეუჩერებლად დაუმატეთ ჟელატინი და კრემი გამზადებულ ფორმაში ჩაასხით.
ტორტს თავზე მოაყარეთ გადანახული ორცხობილას ნაფშვენები და მაცივარში 8 საათით ან მთელი ღამით დატოვეთ.
გემრიელად მიირთვით!
თუ ხაჭოს დესერტი გიყვართ, სხვა რეცეპტებიც სცადეთ:
უგემრიელესი ხაჭოს ტორტი ტაფაზე
ხაჭოს პასკა რეცეპტი - დამწყები დიასახლისისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან