არაჟნის ტორტი ტაფაზე — მარტივი და გემრიელი
14:11 შაბ. 17 ოქტომბერი
მარტივი ნამცხვრის რეცეპტი ყოველთვის ხელთან ახლოს უნდა გქონდეთ...
ეს მარტივი ნამცხვარი არაჟნით მდიდრულადაც გამოიყურება და გემოც დაუვიწყარი აქვს.
პროდუქტები ფენებისთვის:
- 15%-იანი არაჟანი - 200 გრ.
- შაქარი - 150 გრ.
- ფქვილი - 300–350 გრ.
- გამაფხვიერებელი — 1 ჩაის კოვზი (ანსოდა ძმრით 1 ჩაის კოვზი)
- მარილი - მწიკვი.
პროდუქტები კრემისთვის:
- 20%-იანი არაჟანი - 500 გრ.
- შაქრის პუდრა - 2-3 სუფრის კოვზი,
მომზადების წესი:
ჯამში მოათავსეთ 200 გრამი 15%-იანი არაჟანი, დაუმატეთ 150 გრამი შაქარი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, ცოტა მარილი და კარგად აურიეთ.
არაჟნიან მასას დაუმატეთ 300-350 გრამი გაცრილი ფქვილი და რბილი, ელასტიკური და ოდნავ წებოვანი ცომი მოზილეთ. ცომი გაყავით 8 ნაწილად, ისე, რომ თითოეული, დაახლოებით, 80 გრამი გამოვიდეს.
ცომის თითოეული ნაწილი თეფშის ან თავსახურის დახმარებით 22 სმ. დიამეტრის რგოლებად გააბრტყელეთ. ცომის ნარჩენებისგან შეგიძლიათ მე-9 ფენა გამოაცხოთ.
გააცხელეთ ტაფა და ტორტის ფენები დაბალ ცეცხლზე გამოაცხვეთ. თითოეულ მხარეს 1,5-2 წუთი სჭირდება.
სანამ ტორტის ფენები გრილდება, შეგიძლიათ არაჟნის კრემი მოამზადოთ:
500 გრამ 20%-იან არაჟანს 2-3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა დაუმატეთ და ხელის სათქვეფით მსუბუქად ათქვიფეთ. თუ მიქსერით ათქვეფთ, კრემი ძალიან გაგითხელდებათ.
გაგრილებულ ფენებს კრემი წაუსვით და თავზე დაფშვნილი მე-9 ფენა მოაყარეთ.
გაითვალისწინეთ:
კრემში შაქრის რაოდენობა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ.
არაჟანი რაც შეიძლება ახალი უნდა იყოს და ცხიმიანობა მინიმუმ 20% უნდა ჰქონდეს. რაც უფრო ცხიმიანია არაჟანი, მით უფრო სქელი და მკვრივი გამოვა კრემი.
სურვილისამებრ, შიგთავსს შეგიძლიათ დაუმატოთ თხილეული, ხილი ან კენკრა. თუმცა ახალი ხილისა და კენკრის დამატების შემთხვევაში ტორტის შენახვის ვადა მცირდება და მხოლოდ ერთი დღეა.
ტორტი მაცივარში, თავდახურულ კონტეინერში ან ყუთში შეინახეთ. შენახვის მაქსიმალური ვადა 72 საათია.
გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან