ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დესერტი
14:31
ამ რეცეპტში ჩვენ გთავაზობთ ბლინების ტორტის აწყობის ორიგინალურ ხერხს, რომელიც ჭრილში ულამაზესი სანახავია. თუ არ დაიზარებთ და ამ კულინარიულ შედევრს მოამზადებთ, ოჯახის წევრებს და სტუმრებს სასიამოვნოდ გააოცებთ. ეს არის ტორტი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია!
პროდუქტი 6 ულუფისთვის:
- რძე — 500 მლ
- პურის ფქვილი — 250 გ
- წყალი — 250 მლ
- კვერცხი — 3 ცალი
- ზეთი — 3 სკ. კ.
- შაქარი — 2 სკ. კ.
- სოდა — 1/2 ჩ. კ.
- მარილი — 1/4 ჩ. კ.
მუსისთვის:
- არაჟანი (20%-იანი) — 500 გ
- ნაღები (35%-იანი) — 200 მლ
- შაქრის პუდრი — 120 გ
- ჟელატინის ფხვნილი — 15 გ
- ვანილის შაქარი — 10 გ
- წყალი — 75 მლ
შიგთავსისთვის:
- დაკონსერვებული ატამი — 250 გ
- ალუბალი — 150 გ
- შაქარი— 30 გ
მოსართავად:
- კენკრა — გემოვნებით
- შაქრის პუდრი — გემოვნებით
მომზადების წესი:
ბლინის ცომის მომზადება: ღრმა ჯამში ხელის სათქვეფით ან მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი. ჩაასხით რძე და აურიეთ.
მიღებულ მასაში ჩაცერით ფქვილი და კვლავ აურიეთ. შემდეგ ჩაასხით მდუღარე წყალი, მოურიეთ, დაუმატეთ ზეთი და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
18 სმ დიამეტრის ტაფას წაუსვით ზეთი, კარგად გააცხელეთ და ბლინის ცომის ჩამჩით დაასხით. ცომი ტაფის სხვადასხვა მხარეს გადახრით თანაბრად გაანაწილეთ და ორივე მხარეს ოქროსფერ შეფერილობამდე გამოაცხვეთ. დაახლოებით, 20 ბლინი უნდა გამოგივიდეთ.
ცხობის დროს, ტაფას პერიოდულად ზეთიანი ფუნჯი გადაუსვით, გამომცხვარი ბლინები კი გვერდით გადადეთ.
მუსის მომზადება: ჟელატინს დაასხით 75 მლ ცივი წყალი და დატოვეთ, რომ კარგად გაფუვდეს.
შიგთავსის მომზადება: დაკონსერვებული ატამი წვრილ კუბიკებად დაჭერით, ახალი ან გაყინული ალუბალი (ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ, ზედმეტი სითხე გადაწურეთ) პატარა ქვაბში გადაიტანეთ. ამის შემდეგ ალუბალს შაქარი მოაყარეთ, დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში ადუღეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და სრულად გაციება აცადეთ.
ტორტის აწყობა: ტორტის ასაწყობად 20 სმ დიამეტრის მქონე გვერდებხსნადი საცხობი ფორმა დაგჭირდებათ. ფორმის ძირში 1 ბლინი ჩააფინეთ. ბლინების ნაწილი ერთგვარი კედლების შესაქმნელად გამოიყენეთ და ისე ჩააფინეთ, რომ ერთმანეთს ნახევრად ფარავდეს.
მაღალ სიჩქარეზე ჩართული მიქსერით ცივი არაჟანი, შაქრის პუდრი და ვანილის შაქარი კარგად ათქვიფეთ.
გაფუებული ჟელატინი მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ, რათა კრისტალები სრულად გადნეს. არ აადუღოთ!
გამდნარ ჟელატინს 3 სუფრის კოვზი ათქვეფილი არაჟანი დაამატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ ჟელატინიანი მასა ხელის სათქვეფის უწყვეტი მორევით ათქვეფილ არაჟანში წვრილ ნაკადად ჩაასხით.
მიქსერის სუფთა ჯამში ჩაასხით ცივი ნაღები და მაღალ სიჩქარეზე, ნახევრად მკვრივი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. (ამ ტორტისთვის ძალიან მყარი ნაღები საჭირო არ არის). სილიკონის ნიჩბით ქვემოდან ზემოთ მოძრაობით, ათქვეფილი ნაღები არაჟნის მასას შეურიეთ.
ტორტის ასაწყობად პატარა ჯამში ჩააფინეთ ბლინი და მიღებულ ჩაღრმავებაში 1-2 სკ. კ. მუსი, რამდენიმე ნაჭერი ატამი და ალუბალი ჩადეთ. ბლინს თავი ხინკალივით მოუგრიხეთ და დანარჩენ ბლინებზეც იგივე გაიმეორეთ, ოღონდ 1 ბლინი ტორტის თავზე დასაფარებლად შემოინახეთ.
ბლინების ფორმაში ცოტაოდენი მუსი ჩაასხით. ზემოდან ბლინის „ხინკლები“ ფრთხილად ჩააწყვეთ და ერთმანეთს მჭიდროდ მიადგით. შემდეგ მათზე თანაბრად გაანაწილეთ დარჩენილი კენკრისა და დაჭრილი ატმის ნაწილი.
ტორტს მუსის კიდევ ერთი ნაწილი მოასხით, დარჩენილი ხილი და კენკრა მოაწყვეთ და ბოლოს დარჩენილი მუსი მთლიანად მოასხით. ტორტის ზედაპირი ნიჩბით გადაასწორეთ და თავზე გადანახული 1 ცალი ბლინი დააფინეთ.
ტორტი კარგად შეფუთეთ ფირი გადააკარით და მაცივარში მინიმუმ 5 საათით (უკეთესია მთელი ღამით) შედგით. მზა ტორტი ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ და შაქრის პუდრით და ხილით მორთეთ.
მომზადების უჩვეულო ხერხის წყალობით, ეს ბლინების ტორტი ნამდვილ კულინარიულ შედევრს ჰგავს. ამასთან, ის საოცრად გემრიელია: მოტკბო ბლინები ნაზი ნაღების მუსსა და მომჟავო-მოტკბო ხილის შიგთავსს იდეალურად ეხამება.





რჩევა:
დროის დასაზოგად შეგიძლიათ, შესაბამისი დიამეტრის გამზადებული, გაყინული ბლინები გამოიყენოთ. ტორტის აწყობამდე ისინი უბრალოდ ოთახის ტემპერატურაზე გაალღვეთ.
გემრიელად მიირთვით!
ესეც სცადეთ:
სამარხვო დესერტი - შოკოლადის მაფინები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან