კარამელის კრემი - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ
12:00 ოთხ. 12 ივლისი, 2023 წელი
სანამ უგემრიელესი კარამელის კრემის რეცეპტს გაგიმხელთ, შეგახსენებთ, რომ კარამელი მაღალ გრადუსზე მშრალად გამდნარი შაქარია. ტემპერატურის სიდიდის მიხედვით, კარამელი იღებს ოქროსფერ-მუქ ყავისფერ ფერებს და თავისებურ არომატს. შაქარი დნობას დაახლოებით 135°C-ზე იწყებს, თუმცა, ნამდვილი კარამელის გემოსა და ფერის მისაღებად საჭიროა, მინიმუმ, 150°C. მუქი ფერი და ინტენსიური კარამელის გემო კი 180°C-დან 200°C-მდე მიიღება.
ფერითა და გემოვნური თვისებებით, კარამელი ცნობილი „ირისის“ კანფეტსა და მოხარშულ, შესქელებულ რძეს წააგავს. როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კარამელის კრემი სახლის პირობებში, განსაკუთრებული ძალისხმევისა და დიდი დანახარჯების გარეშე? ამას ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველისთვის შეფმზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვასწავლის.
კარამელისთვის საჭირო პროდუქტი:
- შაქარი - 200 გრამი
- ნაღები - 200 გრამი ნედლი (აუთქვეფავი)
- კარაქი - 50 გრამი
როგორ გავაკეთოთ კარამელი?
ტაფა დადგით მაღალ ცეცხლზე. კარგად რომ გახურდება, დააყარეთ შაქარი და დააკვირდით, როდის დაიწყებს დნობას. სასურველია, რომ შაქარს არ მოურიოთ, მხოლოდ ხის კოვზით ჩამოფხიკეთ ტაფის კედლებიდან.
როცა შაქარი კარგად გადნება და ყავისფერ შეფერილობას მიიღებს, დაასხით ნაღები და შეუწყვეტელი მორევით გააგრძელეთ დუღება.
კარგად რომ გასქელდება, ტაფაში კარაქი ჩააგდეთ და მორევა ხელის სათქვეფელათი გააგრძელეთ. კარამელი რამდენიმე წუთი კიდევ ურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
კარამელი მზადაა. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ასე, ისე კრემის ან მუსის სახითაც.
კარამელის კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ წყალზე მოდუღებული კრემი.
კარამელის კრემისთვის საჭიროა:
- წყალი - 250 გრ
- ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
- შაქარი - ნახევარი ჭიქა.
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები ხელის სათქვეფელათი ერთმანეთში კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ.
როცა კრემიც და კარამელიც კარგად შეგრილდება, ერთმანეთს შეურიეთ და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
შენიშვნა:
თუ კარამელს ათქვეფილ ნაღებს შეურევთ, ჰაეროვან და ფაფუკ კარამელის მუსს მიიღებთ.
თუ გსურთ, რომ თქვენი კარამელი უფერო და გამჭვირვალე იყოს, ნაღების ნაცვლად, ლიმონის წვენი უნდა დაუმატოთ.
გემრიელად მიირთვით!
ესეც სცადეთ:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან