ბარბი თოჯინა - რუთ ჰენდლერის ცხოვრება, ბიზნესის კრახი და ავადმყოფობა, რომელიც ახალი ბიზნესის სტიმულად ექცა
13:22 სამ. 9 იანვარი, 2024 წელი

რუთ ჰენდლერი - ლეგენდარული ბარბი თოჯინის „დედა“ ამერიკაში ჩასული ემიგრანტების, იაკობ და იდა მოსკოვიცების მრავალშვილიანი ოჯახის მეათე და ბოლო შვილი იყო. მძიმე მშობიარობის შემდეგ იდას ბავშვის მოვლა გაუჭირდა, ამიტომ ახალშობილი რუთი მოსკოვიცების უფროსმა გათხოვილმა ქალიშვილმა, სარამ წაიყვანა.
სარა და მისი მეუღლე დენვერში აფთიაქ-კაფეტერიას ფლობდნენ. სკოლის შემდეგ რუთი კაფეტერიაში მიდიოდა, სადაც დას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.
მოგვიანებით გოგონამ მომავალი მხატვარი ელიოტ ჰენდლერი გაიცნო, რომელიც დენვერის ხელოვნების კოლეჯში სწავლობდა. ახალგაზრდები 1938 წელს დაქორწინდნენ და მოსაწყენი დენვერიდან საცხოვრებლად ჰოლივუდში გადავიდნენ - 22 წლის რუთი კარგად მღეროდა და ცეკვავდა და მსახიობის კარიერაზე ოცნებობდა, ელიოტი კი თავისი ხელოვნებით მსოფლიოს დაპყრობას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ რუთმა კარიერა კინოკომპანია Paramount Pictures-ის მდივნად დაიწყო, ელიოტმა კი ოთახი იქირავა და ავეჯის კეთებას მიჰყო ხელი. ხის ნარჩენებისგან ელიოტი თოჯინების სახლებისა და ავეჯს ამზადებდა და ყიდდა.
ეს ის პერიოდია, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ და ოჯახები შექმნა და შვილების გაჩენა სურთ. ბავშვებს კი რა სჭირდებათ? რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სათამაშოები. ჰოდა, რუთმა თოჯინის შექმნა გადაწყვიტა...
***
ცოლ-ქმარმა ელიოტ და რუთი ჰენდლერებმა, თავიანთ მეგობარ ბიზნესმენ ჰაროლდ მატსონთან ერთად, ავტოფარეხი იქირავეს და კომპანია Mattel (სიტყვა “Mattel“ შედგება ჰაროლდ მატსონის მეტსახელიდან “Matt“-ს და ელიოტ ჰენდლერის სახელის პირველი ორი ასოსგან El) დააარსეს და საქმეს შეუდგნენ.
თავიდან ფოტოსურათების ჩარჩოებისა და თოჯინების სახლების ავეჯის გაყიდვით დაიწყეს. 1946 წელს ჰაროლდ მატსონმა, ავადმყოფობის გამო, კომპანიის აქციების თავისი წილი ელიოტს და რუთს მიჰყიდა.
ჰენდლერებმა პირველი საკუთარი თოჯინა 1947 წელს გამოუშვეს, რომელიც იყო სათამაშო უკულელე (მცირე ზომის გიტარა) სახელად “Uke-A-Doodle”. მას მოჰყვა სათამაშო პიანინო და მუსიკალური სარწეველა მოჰყვა, რომელიც სიმღერაზე "Go to Sleep Baby" ირწეოდა.
სათამაშოებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდებოდა. ათი წლის განმავლობაში Mattel მსოფლიოში სიდიდით მესამე სათამაშოების მწარმოებელი გახდა.
***
ელიოტი სათამაშოების ბიზნესის გენიოსი აღმოჩნდა, რუთი კი გაყიდვების გენიოსი. მალე მათ ლოს-ანჯელესის ელიტურ უბანში ძვირად ღირებული სახლი იყიდეს, სადაც შვილებს ბარბარას და კენის ზრდიდნენ.
1956 წელს წყვილი ორი თვით ევროპაში დასასვენებლად გაემგზავრა. სწორედ აქ, ალპურ ქალაქ ლუცერნის პატარა სუვენირების მაღაზიაში რუთი წააწყდა თოჯინას, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
გერმანიაში დამზადებული თოჯინა ამერიკულ თოჯინებს საერთოდ არ ჰგავდა. ეს იყო თერთმეტი სმ-ის სიმაღლის ქერა ლამაზმანი, სახელად ლილი, რომელსაც ექვსი სათხილამურო კოსტიუმი ჰქონდა. რუთმა გადაწყვიტა მსგავსი თოჯინა შეექმნა, მაგრამ ეს მოსაწყენი, ანგელოზის მსგავსი ბავშვი კი არა, ზრდასრული გოგონა უნდა ყოფილიყო, რომელიც ტანსაცმლის გამოცვლას შეძლებდა.
1959 წელს სათამაშოების ერთ-ერთ გამოფენაზე, სადაც 1600 ფაბრიკის პროდუქცია იყო წარმოდგენილი, Mattel-მა ქერა და შავგვრემანი თოჯინა, სახელად ბარბი წარადგინა, რომელსაც წვრილი წელი და დიდი მკერდი ჰქონდა, საცურაო კოსიტუმი ეცვა და ყურადღებას მკვეთრი მაკიაჟით და დიდი საყურეებით იქცევდა.
მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი მფლობელი „ბარბის“ იერმა ძალიან გააღიზიანა. თოჯინა ასეთი მკერდით? ამის ყიდვაც კი შემრცხვებოდა - უთხრა მან რუთს.
***
კრიტიკის მიუხედავად, რუთმა იცოდა, რომ იდეალური თოჯინები ჰყავდა.
რუთმა დაიქირავა სტილისტი, რომელიც ბარბის მშვენიერ თმაზე სხვადასხვა ვარცხნილობას უკეთებდა და დიზაინერი, რომელმაც ბარბის მთელი გარდერობი შეუკერა: კაბები, ქურთუკები, პიჯაკები, კოსტიუმები და ყველა საუკეთესო ხარისხის იყო.
რუთ ჰენდლერმა ბარბის იმიჯი 50-იან წლებში წარმოუდგენლად პოპულარული მსახიობის ჯეინ მენსფილდის შთაგონებით შექმნა.
1958 წელს მან სათამაშოზე პატენტი მიიღო და ქალიშვილის სახელი - ბარბი დაარქვა.
როგორც კი რუთმა „ბარბის“ სატელევიზიო რეკლამა გაუშვა, მაღაზიებიდან რამდენიმე ასეული ათასი თოჯინა მყისიერად გაიყიდა. 1959 წლიდან 1964 წლამდე Mattel-ის გაყიდვებმა 96 მილიონს გადააჭარბა.
მშობლები იძულებული იყვნენ, ბარბისთან ერთად, მისთვის სახლი, ტანსაცმლის მთელი გარდერობი და ავტომობილებიც კი შეეძინათ. გარდა ამისა, ბარბის ჰყავდა მეგობრები - შეყვარებული კენი, მეგობარი გოგონა მიჯი, მიჯს კი თავისი მეგობარი ბიჭი - ალანი და ა.შ.
ბარბის სამეგობროს საკუთარი პონები - დალასი და დიქსი ჰყავდა. ბარბი ზოგჯერ სტიუარდესა იყო, ზოგჯერ ბალერინა, მედდა, მოდის ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ქირურგი, რეპერი და ასტრონავტი.
***
მალე Mattel ახალ, მდიდრულ ოფისში გადავიდა, რუთმა დიზაინერთა ჯგუფი შეცვალა და ჰარვარდის კურსდამთავრებული ფინანსური მრჩევლები დაიქირავა. ყველაფერი შესანიშნავად იყო, სანამ პრობლემები დაიწყებოდა...
1968 წელს Mattel-ის მომწოდებლებმა გაფიცვა გამოაცხადეს, შემდეგ მექსიკაში კომპანიის მთავარი საწყობი დაიწვა. ხანძარმა შობამდე რამდენიმე კვირით ადრე სათამაშოების დიდი პარტია გაანადგურა.
Mattel-მა მილიონები დაკარგა, თუმცა რუთს უფრო დიდი განსაცდელი წინ ელოდა - ექიმებმა მას მკერდის კიბო დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს.
წლების შემდეგ რუთმა აღიარა - მკერდის მოკვეთის შემდეგ თავს ქალად აღარ ვგრძნობდი, სამსახურში გამოჩენის მეშინოდა და თავისუფალ ტანსაცმელს ვიცვამდი, რათა სხეულის ფორმა დამემალა.
1978 წელს რუთს ახალი დარტყმა ელოდა - ის ფასიანი ქაღალდებით თაღლითობაში დაადანაშაულეს, გაასამართლეს და ხუთი წლით პირობითი პატიმრობა და ჯარიმა მიუსაჯეს. ამას მედიის მხრიდან გამუდმებული თავდასხმები და კომპანიის მენეჯმენტიდან გათავისუფლება მოჰყვა.
ყველაფერთან ერთად, რუთის შვილს ბარბარას მშობლების ქმნილება სძულდა. ბარბისა და მისი შეყვარებული კენის გამო, ბარბარა და მისი ძმა კენი ბევრს ცოლ-ქმარი ეგონა. ამის გარდა, შვილი დედას ადანაშაულებდა, რომ მთელი ყურადღება თოჯინაზე ჰქონდა გადატანილი, ის კი იძულებული იყო ბარბის იდეალის შესაფერისი ყოფილიყო და გამუდმებული დიეტებით იტანჯებოდა.
***
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც რუთს სიცოცხლეს უმწარებდა, მკერდის პროთეზი იყო, რომელიც ყოველთვის უსიამოვნო და მოუხერხებელი ხვდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა დელიკატური პრობლემის მოგვარება.
მან აღმოაჩინა პროთეზის სპეციალისტი, გვარად პეიტონი და ერთობლივი საწარმოს შექმნა შესთავაზა. საწარმოს პროთეზები, რომელსაც "რუთონი" დაარქვეს, ძალიან პოპულარული გახდა.
ერთი წლის განმავლობაში რუთმა პროთეზებით თავისი პირველი მილიონი გამოიმუშავა და მიხვდა, რომ თვითშეფასება ადგილზე დაუბრუნდა.
მისი ისტორია ბევრისთვის იმის მაგალითად იქცა, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.
1991 წელს რუთმა „რუთონი“ გაყიდა - ის უკვე 75 წლის იყო და დასვენება სურდა. მან საბოლოოდ მშვიდობა დაამყარა ქალიშვილთან.
რუთ ჰენდლერი 2002 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 9 წლის შემდეგ კი საყვარელი ცოლის ბედი ელიოტმაც გაიზიარა.
თუმცა კომპანია კვლავ წარმატებულია და მუდმივად ახალ პროექტებს გვთავაზობს.
2023 წელს კი Mattel-ის სპონსორობით გამოვიდა მხატვრული ფილმი „ბარბი“, რომელიც ბესტსელერი გახდა.
ესეც დაგაინტერესებთ:
ყველაზე ძვირად ღირებული 10 სათამაშო მსოფლიოში
რამდენი სათამაშო უნდა ჰქონდეს ბავშვს? - ფსიქოლოგების რჩევა მშობლებს
10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან