თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ მესამე კონცერტი გაიმართა
15:19 ორშ. 26 მაისი

24 მაისს თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების"'რიგით მესამე კონცერტი გაიმართა. დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: თამარ ლიჩელმა (პიანისტი), თემურაზ გუგუშვილმა (ტენორი), დავით ალადაშვილმა (პიანისტი), ლიზი რამიშვილმა (ჩელისტი), თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა ,,საქართველოს სინფონიეტა". საღამოზე შესრულდა ვაჟა აზარაშვილის, გია ყანჩელის, სულხან ნასიძის, კახა ცაბაძის, ნინო ჯანჯღავას, დიმიტრი არაყიშვილისა და ანდრია ბალანჩივაძის ნაწარმოებები.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრები და მასტერკლასების ჩატარება.
საკონცერტო სერიების მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორები: ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
თამარ ლიჩელი, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი:
- ეს გახლავთ პროექტი, რომელიც ეძღვნება ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, მათ პოპულარიზაციას და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების გაერთიანებას. ჩვენ უკვე ჩავატარეთ თბილისში 2 კონცერტი, რომელმაც ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა, რაც ძალიან მახარებს. როგორც ჩანს, მსმენელსაც დიდი სურვილი ჰქონდა ქართული კლასიკური მუსიკის ასე ერთიანად მოსმენისა, თორემ, ისე, საბედნიეროდ, ბევრი კონცერტი ტარდება, სადაც სრულდება ქართული მუსიკა, მაგრამ ამ ფორმით - ქართველი შემსრულებლების გაერთიანება ჩვენს კლასიკოს კომპოზიტორთა, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა გარშემო, მგონია, რომ იშვიათია. მიხარია, რომ ჩამოვედით ჩემს საყვარელ ქალაქში, სადაც სრულიად გამორჩეული მსმენელია. ამ ქალაქს ძალიან დიდი მუსიკალური ტრადიციები გააჩნია, ამიტომ აქ დაკვრა ყოველთვის საპასუხისმგებლოა, ფანტასტიკური შემსრულებლები ვესტუმრეთ თელავს: ბატონი თემურ გუგუშვილი, დავით ალადაშვილი, ლიზა რამიშვილი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა". უღრმესი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, კომპოზიტორთა კავშირს და თელავის მუსიკალური სასწავლებლის ხელმძღვანელობას, პირადად ქალბატონ ლელა ონიანს, რომელიც ძალიან დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით შეხვდა ჩვენს წინადადებას და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კონცერტი ჩატარებულიყო.
ლიზი რამიშვილი, ჩელისტი:
- უმნიშვნელოვანესია ასეთი კონცერტების ჩატარება და ძალიან მიხარია, რომ მთელი წელი გაგრძელდება ეს ფესტივალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში და მთელი საქართველო იქნება ჩართული. ეს პროექტი მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, გაცოცხლდება ძველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და ასევე რაც არ შესრულებულა საქართველოში. გვაერთიანებს ყველა ქართველ აქ მცხოვრებ მუსიკოსებს თათა ლიჩელი. მიხარია, რომ წინა წლის მსგავსად, წელსაც ჩატარდა ეს ფესტივალი, ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაგრძელდება და მსმენელს არ მოვანატრებთ ქართულ კლასიკურ მუსიკას.
ლელა ონიანი, თელავის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი:
- ჩვენს სასწავლებელში შედგა ზეიმი საოცარი განწყობით, იმიტომ რომ ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი ჩატარდა. იდეის ავტორია პიანისტი თამარ ლიჩელი. მიხარია, რომ ჩვენი სასწავლებლის ისტორიული ფოიე, დარბაზი, რომელსაც უამრავი გამოჩენილი მუსიკოსი სტუმრობდა, ჩვენი გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების მასპინძელია. ძალიან ბევრი ბავშვი დაესწრო ამ კონცერტს და დაინტერესდა ქართული მუსიკით. დარწმუნებული ვარ, უდიდესი სიამოვნება მიიღეს და შეიძლება თავისი ცხოვრების გზად აირჩიონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩენილ ოსტატებთან ერთად, კონცერტებში მონაწილეობს ახალგაზრდა თაობა, სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები. ასეთი შერწყმა დიდი მუსიკოსების და მომავალი თაობის, ვფიქრობ, აუცილებლად ძალიან კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან