ალოიზ მიზანდარის ხსოვნას „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში კონცერტი მიეძღვნა
18:43 ხუთ. 19 ივნისი

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ - ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში იმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. 17 ივნისს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი გრიბოედოვის #8) ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი შეხვედრა-კონცერტი გაიმართა. ალიოზ მიზანდარი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, პირველი დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი. ეს ნაწარმოები არის რომანსი ჩვენ დავშორდით, რომელსაც „ქართული მუსიკის საღამოებზე“ მის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, თამარ ლიჩელმა და მეგი ჩიხრაძემ შეასრულეს.
მიზანდარი იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, მისი მოსწავლე იყო ანა თულაშვილი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული საფორტეპიანო სკოლის განვითარებაში.
ალიოზ მიზანდარმა პირველი სამუსიკო სკოლა დააარსა, რომელიც ჯერ გადაიქცა სასწავლებლად და 1917 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ მუსიკალურ კულტურაში. ის იყო პირველი ქართველი, რომელიც გავიდა მსოფლიო არენაზე. იგი ხშირად უკრავდა ლისტთან ერთად დუეტებს. მისი განსაკუთრებული ღვაწლის აღსანიშნავად, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ერთი კონცერტი ალიოზ მიზანდარის შემოქმედებას მიეძღვნა.
პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა. ქართული კლასიკური საღამოების კონცერტებსა თუ მასტერკლასებში მონაწილეობენ: თამარ ლიჩელი - პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი - პიანისტი, დავით ალადაშვილი - პიანისტი, ნატალია ქუთათელაძე - მეცო სოპრანო, გიგი პიანომენი - პიანისტი, ლიზი რამიშვილი - ჩელისტი, ვიქტორია ჩაპლინსკაია - პიანისტი, გიორგი შავერზაშვილი - პიანისტი და კომპოზიტორი, ნათია ქავთარაძე - პიანისტი, გიორგი ხაინდრავა - მევიოლინე, ნოდარ მდივანი - კლარნეტისტი, ქეთევან თავშავაძე - მევიოლინე, გივი გიგინეიშვილი - ბანი, მარიკა მაჩიტიძე - სოპრანო, ასაფ კლაინმანი - პიანისტი, „საქართველოს სინფონიეტა“.
საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართველ კლასიკოსს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. შესრულდება ზ. ფალიაშვილის, მ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის, ს. ბარდანაშვილის, ი.გეჯაძის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ს. ნასიძის, ნ. ჯანჯღავას ნაწარმოებები. გაიმართება ნაწარმოებების პრემიერებიც. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში, სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრა მასტერკლასები.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაფუძნდა და არა მხოლოდ მუსიკოსთა წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. საკონცერტო სერიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორი: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
თამარ ლიჩელი:
- 17 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში ჩატარდა ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი საღამო. ეს ღონისძიება ჩატარდა ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში. კონცერტების სერია მიზნად ისახავს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პოპულარიზაციას და საქართველოში მცხოვრები მუსიკოსების გაერთიანებას. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და კომპოზიტორთა კავშირი. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარინა ჩიხლაძეს, რომელმაც დაგვითმო არაჩვეულებრივი სივრცე - კონსერვატორიის მუზეუმი, რომ ჩაგვეტარებინა ეს საღამო. ღონისძიება მიეძღვნა ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო ამ პროექტის ფარგლებში, ვინაიდან სწორედ ალოიზ მიზანდარის დამსახურებაა ის, რომ დღეს არსებობს კონსერვატორია, მან ჩამოაყალიბა და შექმნა საკუთარი საფორტეპიანო სკოლა, გაზარდა ანა თულაშვილი, რომელმაც თავის მხრივ აღზარდა ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან თენგიზ ამირეჯიბი, ვანდა შიუკაშვილი - ადამიანები, ვინც შექმნეს საკუთარი საფორტეპიანო სკოლა და აღზარდეს პიანისტები, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით მოღვაწეობენ. ალოიზ მიზანდარით დაიწყო ჩვენი საფორტეპიანო სკოლის ისტორია, რომელიც ამ დონეზე განვითარდა და ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საფორტეპიანო სკოლა მსოფლიოში. იგი იყო საერთაშორისო ასპარეზზე გასული პირველი ქართველი პიანისტი და შეხება ჰქონდა ძალიან დიდ მუსიკოსებთან, ხშირად უკრავდა ოთხ ხელში ლისტთან ერთად. ალოიზ მიზანდარი არის პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი. ეს გახლავთ რომანსი "ჩვენ დავშორდით", რომელიც ამ საღამოზე შევასრულე არაჩვეულებრივ მომღერალთან მეგი ჩიხრაძესთან ერთად. შესრულდა ასევე ალოიზ მიზანდარის საფორტეპიანო პიესები და ნაჩვენები იყო ფილმი ალოიზ მიზანდარზე და ზოგადად მიზანდარების გვარზე. მიზანდარების სამივე ძმას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მუსიკალური კულტურის წინაშე. ეს ფილმი ეკუთვნის ლევან მიზანდარს, რომელიც ძალიან ამომწურავად და საინტერესოდ საუბრობს ამ ყველაფერზე და მგონია, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია საღამომ, ბევრი მსურველი დაესწრო. დიდია ინტერესი ქართული მუსიკისა და ავტორების მიმართ. ამ საღამოთი დავემშვიდობეთ მსმენელს მხოლოდ ამ სეზონზე. კონცერტების სერია განახლდება სექტემბრიდან და გველის დაუვიწყარი შეხვედრები ბათუმში, ბორჯომში, ქუთაისში და თბილისში, სადაც საზეიმო დახურვა გვექნება.
მეგი ჩიხრაძე:
- ქართველი შემსრულებლისთვის ძალიან ძვირფასია მსგავსი ტიპის კონცერტების სერიის არსებობა, რომელიც ქართველი კომპოზიტორების, ქართული ისტორიული მუსიკალური წარსულის აქტუალურობის წარმოჩენას ემსახურება. ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი საღამო ამის ნათელი მაგალითი იყო. რა თქმა უნდა, წინა კონცერტების ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ ქართველი მსმენელი ძალიან სენსიტიურია მსგავსი საკონცერტო კონტენტის მიმართ. ნამდვილად დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო ამ კონცერტების სერიის დაგეგმვა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ძალიან ემოციური დღისთვის, ჩემთვის როგორც მომღერლისთვის მნიშვნელოვანი იყო ის მომენტი, როცა შევეხე პირველ ქართულ პროფესიულ ბეჭდურ სანოტო ეგზემპლარს და ვიმღერე. თითქოს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უდიდესი ისტორია. შევეცადე მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა ის ეპოქაც, ის ისტორიული ფონიც, ის ყველაფერი, რაც შეიძლებოდა თან ხლებოდა ამ კონკრეტული ნაწარმოების შექმნას. შესანიშნავი აკომპანირება გამიწია ბრწყინვალე თათა ლიჩელმა, რომელიც ამ კონცერტების სერიის სულისჩამდგმელია. დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას, რომელიც საოცრად მგრძნობიარედ და ზუსტად შეხვდა ალოიზ მიზანდარის შემოქმედების და ცხოვრების მნიშვნელობას და ადეკვატურად აღიქვა ამ ღონისძიების მნიშვნელობა. დიდი მადლობა კონსერვატორიის მუზეუმს, რომელმაც შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწია, მადლობა ორგანიზატორებს და მოხარული ვარ, რომ არსებობს ეს შესანიშნავი პროექტი "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" და იმედია, ხანგრძლივი სიცოცხლე ექნება ამ არაჩვეულებრივ წამოწყებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან