ეროვნული კინოცენტრი ახალი ფესტივალებისთვის და ერთობლივი პროექტებისთვის ემზადება
13:39
ქართული ფილმი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარმოჩენილი. ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა განაცხადა. კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი იყო, სადაც მსოფლიო დონის პროდიუსერებთან, ფესტივალების პროგრამირებსა და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებთან პირისპირ დიალოგი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ლევან დვალის თქმით, საქართველოს ეროვნული პავილიონი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდა, რაც ცხადად აჩვენებდა უცხოელი პარტნიორების ინტერესს საქართველოსა და ქართული კინოს მიმართ.
„ჩვენი ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთო მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული თანამედროვე კინო წარუდგინონ საკუთარ აუდიტორიას, ასევე უცხო ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებსაც სურთ თანამშრომლობის გაძლიერება. ასევე იყო ინტერესი იმ ქვეყნების მხრიდან, სადაც აქამდე საქართველო აქტიურად არ იყო წარმოდგენილი და ამ მიმართულებით განსაკუთრებით სასიხარულოა რომ ქვეყნის წარმოდგენას და წარმოჩენას შევძლებთ კანადაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში”, - დასძინა ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა.
ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი თინათინ ყაჯრიშვილი კინობაზრობაზე მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ რეჟისორი კონკრეტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ხედავს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა European Film Promotion (EFP) ორგანიზებით შერჩეულ ევროპელ პროდიუსერებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კინოს პროდიუსერებს შორის .ჩვენ გავაცანით საქართველოსთან თანამშრომლობის და კოპროდუქციის წარმოების შესაძლებლობები, ძალიან დიდია დაინტერესება და ველით უკვე შემდგომ პროექტებს”, - განაცხადა თინათინ ყაჯრიშვილმა.
ქართული კინოს მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა არაერთმა უცხოელმა პარტნიორმა. იტალიელი რეჟისორი და პროდიუსერი პიერ ფრანჩესკო აიელო ქართული ფილმის და ქართველი კოლეგების მიმართ პატივისცემას და თანამშრომლობის ინტერესს გამოხატავს.
„ვახორციელებ დისტრიბუციებს BFI Film იტალიასთან. ქართულ კინოს წარმომადგენლებთან ერთად მიმუშავია დეა კულუმბეგაშვილთან და ზაზა ურუშაძესთან. ძალიან მიყვარს ქართული კინო თავისი ისტორიით, ვაფასებ ქართულ კინოკულტურას. როგორც პროდიუსერს და დისტრიბუტორს, მაქვს სურვილი საკუთარი კომპანიით მონაწილეობა მივიღო ერთობლივ კინოწარმოებაში”, - აღნიშნა პიერ ფრანჩესკო აიელომ.
კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობა 20 მაისს დასრულდა, სადაც საქართველოს ეროვნული პავილიონი ეროვნული კინოცენტრისა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა “გადაიღე საქართველოში”ერთობლივად წარადგინეს.
კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე წელს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტ ინდუსტრიის პროფესიონალი და 90-ზე მეტი ეროვნული პავილიონი იყო წარმოდგენილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან