როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე?
18:29 სამ. 8 აპრილი

შვრიის რძე ცხოველური რძის ჯანსაღი ალტერნატივაა. მას ოდნავ ტკბილი და ნაცნობი შვრიის არომატით. რაც შეეხება კონსისტენციას, მაღაზიაში შეძენილი შვრიის რძე კრემისებრია და კარგად ქაფდება, ამიტომ მას ლატესა და ყავის სხვა სასმელების მოსამზადებლად იყენებენ.
ვინ შექმნა შვრიის რძე
შვრიის რძე შედარებით ახალი პროდუქტია. ის 1990-იან წლებში შვედმა მეცნიერმა რიკარდ ოსტემ შექმნა, რომელიც ლაქტოზის აუტანლობას იკვლევდა და ძროხის რძეს ალტერნატივას ეძებდა.
შვრიის რძის მომზადება
მასობრივ წარმოებაში შვრიის მარცვლებს ჯერ გარსს აცლიან, შემდეგ წყალში ყრიან და ფქვავენ. სახამებლის დასაშლელად შვრიას ფერმენტებს ამატებენ, წყალში ხსნიან დ მიღებულ მასას ურევენ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. ამის შემდეგ შვრიის რძეს მცენარეულ ზეთს უმატებენ, რომელიც რძეს ასქელებს და კრემისებურ კონსისტენციას აძლევს. ზეთის დამატების გარეშე შვრიის რძე არ ქაფდება, არადა სწორედ ქაფის გამოა ის ასე პოპულარული ყავახანებში.
გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება შვრიის რძეს შაქარი, მარილი, სანელებლები დაუმატოთ. ზოგიერთი მწარმოებელი ვიტამინებითაც ამდიდრებს. ხანგრძლივად შენახვისთვის შვრიის რძეს ხშირად მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ, რის შემდეგაც ის ოთახის ტემპერატურაზეც ინახება.
როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე სახლში
შვრიის რძის მომზადებისთვის მხოლოდ ბლენდერი და 5 წუთი დაგჭირდებათ.
1. ბლენდერში მოათავსეთ 100 გ შვრიის ფანტელი და 1 ლიტრი წყალი.
2. ბლენდერი 30–45 წამის განმავლობაში ამუშავეთ. ზედმეტი თქვეფა არ შეიძლება – რძე ლორწოს მსგავსი გახდება.
3. შვრიის რძე დოლბანდში ორჯერ გაწურეთ.
4. შეგიძლიათ რძეს სურვილისამებრ დაამატოთ მწიკვი ზღვის მარილი, ვანილი, კაკაო ან კენკრა.
სახლში მომზადებული შვრიის რძე მაცივარში, თავდახურულ ჭურჭელში 3–4 დღემდე ინახება.
გამოყენებამდე აუცილებლად კარგად შეანჯღრიეთ!
ასე მომზადებული რძე ათქვეფისას არ ქაფდება და მის გაცხელებასაც უნდა მოერიდოთ - შეიძლება აიჭრას. ის ცივად უნდა მიირთვათ ან ცივ კერძებში გამოიყენოთ.
შვრიის რძის მომზადების მეორე ხერხი:
1. 100 გ ნედლი კეშიუ ძალიან ცხელი წყალში 30 წუთით ან ცივ წყალში – 6 საათით დაალბეთ.
2. წყალი გადაააქციეთ და კეშიუ გამდინარე წყალში გარეცხეთ. ბლენდერში მოათავსეთ 50 გ ქოქოსის ფანტელი (უშაქრო), 40 გ შვრიის ფანტელი, ერთი უკურკო ფინიკი, მწიკვი ზღვის მარილი და 750 მლ. წყალი. თუ უფრო თხელი რძე გინდათ, 1 ლ. წყალი დაგჭირდებათ.
3. ბლენდერი დაახლოებით 1 წუთი ამუშავეთ.
4. მიღებული მასა დოლბანდში გაწურეთ და შეინახეთ.
ასე მომზადებული რძე კარგად ქაფდება და შეგიძლიათ გააცხელოთ კიდეც. ეს რძე შეგიძლიათ ყავის ან ფაფების დასამზადებლად გამოიყენოთ.
როგორ გამოვიყენოთ შვრიის რძე?
მაღაზიაში ნაყიდი შვრიის რძე შეგიძლიათ წვნიანებში გამოიყენოთ, როგორც ნაღების შემცვლელი.
ის ასევე შესანიშნავია სმუზებისა და ცივი კოქტეილების მოსამზადებლად, სადაც სოიოს ან ნუშის რძის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
პირველი რეცეპტით მომზადებული შვრიის რძე შეგიძლიათ სამარხვო ნამცხვრის ცომში, კვერცხის ნაცვლად გამოიყენოთ. მისი ორჯერ გაწურვა საჭირო არ არის – უბრალოდ, საწურში გატარებაც საკმარისია.
შვრიის რძის სასარგებლო თვისებები
შვრიის რძე იდეალურია ვეგანებისთვის, მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა ან რძის ცილაზე, სოიოზე ან თხილზე ალერგია აქვს.
გლუტენის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის შვრიის რძე სრულიად უსაფრთხოა, თუმცა შეფუთვა კარგად უნდა ნახოთ - მასზე უნდა ეწეროს, რომ დამზადებულია უგლუტენო შვრიისგან.
შვრიის რძეში ცილა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ძროხის ან სოიოს რძეში, მაგრამ — მეტი, ვიდრე ნუშის, ქოქოსის ან ბრინჯის რძეში. ასევე მასში მეტია ბოჭკო, რაც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ნაკლებია შაქარი, რაც სასარგებლოა დიაბეტისა და სიმსუქნის დროს.
შვრიის რძის კვებითი ღირებულებაა 100 მლ-ზე მხოლოდ 39 კკალ.
ესეც სცადეთ:
ნალექიანი ყავის მომზადება - 4 „ოქროს წესი“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან