რატომ ვამაგრებთ ნაძვის ხეზე ვარსკვლავს და რამდენი ქიმი უნდა ჰქონდეს მას?
12:40 სამ. 5 დეკემბერი, 2023 წელი

საახალწლო ნაძვის ხის მორთვისას წვერზე ხუთქიმიან ვარსკვლავს ამაგრებთ, თუ ეს საბჭოური სიმბოლიკა გგონიათ და მის ნაცვლად სხვა სათამაშოს იყენებთ? მოდით, ვნახოთ, საიდან მოდის ნაძვის ხეზე ვარსკვლავის ტრადიცია და, საერთოდ, რას განასახიერებს ვარსკვლავი...
ვარსკვლავი ძველ მითოლოგიაში
თანამედროვე ერაყის, თურქეთისა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები უძველესი ცივილიზაციები თილისმების დამზადებისას ვარსკვლავს სიმბოლოს მნიშვნელობით იყენებდნენ, რომელიც ადამიანს საფრთხისგან იცავდა.
ვარსკვლავს ეთაყვანებოდნენ ინდიელები და იაპონელები.
ლაპლანდიაში ვარსკვლავი ირმის მფარველ სიმბოლოდ მიაჩნდათ, რომელიც იმ დროს სიმდიდრესა და კეთილდღეობასთან ასოცირდებოდა.
ციმბირელ მონადირეებში ხუთქიმიანი ვარსკვლავი დაცვის სიმბოლო იყო. დათვთან შეხვედრისას მონადირეები თოვლზე სამ ვარსკვლავს ხატავდნენ და მის უკან დგებოდნენ. ლეგენდის თანახმად, ეს ქმნიდა წინააღმდეგობას, რომელიც დათვს უკან დახევას აიძულებდა.
საინტერესოა, ვარსკვლავი ყოველთვის კარგთან და დადებითთან ასოცირდებოდა?
ხუთქიმიანი ვარსკვლავის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც არსებობდა.
შუა საუკუნეებში უკუღმა გამოსახული ვარსკვლავი ადამიანებს ძალიან აშინებდა. ის თხის გამოსახულებას წააგავდა, რომელსაც ჯადოქრები მაგიურ რიტუალებში იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი რიტუალის დროს წითელი ფერის ვარსკვლავს იყენებდნენ, როგორც სისხლის ღვრის, აგრესიულობისა და დაუმორჩილებლობის ნიშანს.
საბოლოოდ, წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი რევოლუციური ცვლილებების სიმბოლოდ იქცა. როგორი იყო ეს ცვლილებები - დადებითი და უარყოფით, იმაზე იყო დამოკიდებული, ქიმი ზემოთ იყო მიმართული თუ ქვემოთ.
და მაინც, რატომ ვამაგრებთ ვარსკვლავს საშობაო ნაძვის ხეზე?
ვარსკვლავს ნაძვის ხის კენწეროზე ამაგრებდნენ, როგორც ქრისტიანულ სიმბოლოს, როგორც ბეთლემის ვარსკვლავს (ასევე "შობის ვარსკვლავს" უწოდებენ), რომელმაც მოგვები იესოს დაბადების ადგილამდე მიიყვანა.
კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი მესიის - იესო ქრისტეს სიმბოლოა! „მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი“ (გამოცხ 22:16). ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ვარსკვლავების გამოსახულებები ზეციური მოვლენების მომასწავებელი იყო.
რამდენი ქიმი უნდა ჰქონდეს საშობაო ნაძვის ხის ვარსკვლავს?
ვნახოთ, რაზე მიანიშნებს ვარსკვლავის ქიმების რაოდენობა (გიორგი კენჭოშვილის წიგნიდან „სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში“):
ოთხქიმიანი ვარსკვლავი ჯვარს წააგავს. მას „ბეთლემის ვარსკვლავის“ ან „შობის ვარსკვლავის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ვარსკვლავის ფორმა ასოცირდება იესოს შობასთან და იმ მიზანთან, რისთვისაც მაცხოვარი დაიბადა.
ხუთქიმიანი ვარსკვლავიც ბეთლემის ვარსკვლავია და იესო ქრისტეს შობას გამოხატავს. „როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“ (მათ 2:1-2). ზოგჯერ სიმბოლო იესო ქრისტეს ხუთ ჭრილობასაც განასახიერებს.
ექვსქიმიანი ვარსკვლავი - ექვსი ქიმი ქვეყნიერების შექმნის ექვს დღეზე მიგვანიშნებს. ვარსკვლავი შედგება ორი სამკუთხედისგან, რომლებიც ადამიანის ორი ბუნებრივი საწყისის - სულისა და ხორცის ბრძოლას გამოხატავენ.
იუდევლთა ექვსქიმიან ვარსკვლავს დავითის ვარსკვლავი ეწოდება და სიონისტური მოძრაობის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ემბლემა ისრაელის სახელმწიფოს დროშაზეა გამოსახული.
შვიდქიმიანი ვარსკვლავი - სულის შვიდ მადლს განასახიერებს: სიბრძნეს, გონიერებას, რჩევას, მხნეობას, ცოდნას, ღვთისმოშიშობასა და უფლის თაყვანისცემას.
რვაქიმიანი ვარსკვლავი - რვა ტრადიციულად სულიერი აღორძინების ციფრია. იესო ქრისტეს მერვე დღეს დაარქვეს სახელი, მერვე დღეს მოხდა მისი წინადაცვეთაც.
ცხრაქიმიანი ვარსკვლავი - სულის ცხრა ნაყოფს გამოხატავს, რომლებიც ჩამოთვლილია პავლე მოციქულის ეპისტოლეში გალათელთა მიმართ. „ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული“ (გალ 5:22-23).
თორმეტქიმიანი ვარსკვლავი - იესო ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლური გამოხატულებაა. ეს ვარსკვლავი ნათლისღების დღესასწაულის სიმბოლოდაც ითვლება. ეკლესია იესო ქრისტეს უფლის ძედ განცხადებას აღნიშნავს ქრისტეშობიდან მეთორმეტე დღეს.
მაგრამ როდის გახდა ნაძვის ხის ვარსკვლავი წითელი ფერის საბჭოთა სიმბოლო?
როდესაც ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ, მათ გაანადგურეს ყველაფერი, რაც წინა ხალხს მანამდე არსებულ ცხოვრებას ახსენებდა, თუმცა ახალი ხელისუფლების სიმბოლოდ სწორედ ხუთქიმიანი ვარსკვლავი იქცა - შეიძლება ითქვას, რომ „მოიპარეს“. ზოგი წყაროს თანახმად, 1918 წელს, სამხედრო კომისარმა, ნიკოლაი პოლიანსკიმ წითელი არმიის გამორჩეული სამხედროებისთვის ვარსკვლავის ფორმის სამხედრო სამკერდე ნიშანი შექმნა, რომელიც ტროცკის წინადადებით დაამტკიცეს.
დაბოლოს: ასე რომ, თუ მოგწონთ კენწეროში ვარსკვლავი, შეგიძლიათ, დაამაგროთ ნებისმიერი ფერის - როგორც ნახეთ, ის სულაც არ არის საბჭოეთის სიმბოლო.
ესეც საინტერესოა:
რატომ მაინცდამაინც ნაძვი - საიდან მოდის საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?
მჟავე კიტრი ნაძვის ხეზე: ახალი წლის დეკორის უჩვეულო ისტორია
სიახლეები ამავე კატეგორიიდან