გავრცელებული მითები პაპილომა ვირუსის შესახებ – რა არის სიმართლე და რა არა?
10:00
დღესდღეობით ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა წინ მიდის და ინფორმაციაც ფართოდაა ხელმისაწვდომი, მასზე მაინც უამრავი მცდარი წარმოდგენაა შემორჩენილი. ადამიანის პაპილომა ვირუსის ირგვლივ არსებული მითები კი ხშირად ხელს გვიშლის სწორი ზომების მიღებაში, ასევე, იწვევს შიშს, უიმედობის განცდას ან უმოქმედობას.
სწორედ ამიტომ, ფარმაცევტულ კომპანია „სმარტფარმთან“ ერთად წარმოგიდგენთ სტატიას, რომელშიც HPV-ზე არსებულ ძირითად მითებს გავაქარწყლებთ.
5 გავრცელებული მითი პაპილომა ვირუსის შესახებ
მითი #1: პაპილომა ვირუსი მხოლოდ ქალებს აქვთ
რეალურად პაპილომას ვირუსი ერთნაირად გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ქალებში მონიტორინგის სტანდარტული მეთოდები კარგადაა დანერგილი (მაგ., PAP-ტესტი), ამიტომ ხშირად უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება მისი გამოვლენა. მამაკაცებში კი ინფექცია უმეტესად შეუმჩნეველი რჩება, რაც ვირუსის გავრცელებას აადვილებს.
მითი #2: პაპილომა ვირუსი ყოველთვის იწვევს კიბოს
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ზოგიერთი შტამი (მაგალითად, 16 და 18) მართლაც არის ასოცირებული კიბოსთან, სცენარი ყოველთვის ერთნაირად არ ვითარდება. მეტიც, უმეტეს შემთხვევაში, ორგანიზმი თავადვე, მკურნალობის გარეშე უმკლავდება ვირუსს. გარდა ამისა, მუდმივი მონიტორინგით შესაძლებელია ცვლილებების დროულად აღმოჩენა და გართულებების თავიდან აცილება.
მითი #3: თუ სიმპტომები არ ვლინდება, არც ინფექცია მაქვს
პაპილომა ვირუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამის გამო შესაძლოა უარი ვთქვათ მონიტორინგზე და ვერ შევძლოთ მისი დროულად აღმოჩენა. შესაბამისად, სკრინინგული კვლევების რეგულარულად ჩატარება ერთნაირად მნიშვნელოვანია სქესობრივად აქტიური ნებისმიერი ქალისთვის.
მითი #4: ინფექციის გადადება მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ხდება
ზოგს ჰგონია, რომ კლინიკური ნიშნების არარსებობის დროს, ინფექცია სხვა ადამიანზე ან საერთოდ არ გადადის ან ამის რისკი მცირეა. ცხადია, ეს არასწორი წარმოდგენაა, რადგან ვირუსი შესაძლოა აქტიური იყოს უსიმპტომოდ მიმდინარეობის დროსაც.
მითი #5: თუ უკვე ინფიცირებული ვარ, ვეღარაფერს შევცვლი
როგორც აღვნიშნეთ, უმეტეს შემთხვევაში ვირუსს ორგანიზმი ჩარევის გარეშე, თავადვე ერევა. თუმცა ამ პროცესის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია იმუნურ სისტემაზე ზრუნვა და მისი შეძლებისდაგვარად გაძლიერება. პირველ რიგში, სასურველია, მწეველმა პირებმა უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე. საქმე ისაა, რომ სიგარეტში არსებული ქიმიური ნივთიერებები არა მხოლოდ ასუსტებს იმუნურ სისტემას, არამედ აზიანებს ლორწოვან გარსებს, განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელის ქსოვილს, რის გამოც ვირუსს უჯრედებში შეღწევა და მათი დაზიანება უმარტივდება. მოწევის შეწყვეტასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჯანსაღად კვება, ფიზიკურ აქტივობა და სტრესის კონტროლი.
როგორ ვრცელდება HPV და როგორ დავიცვათ მისგან თავი?
პაპილომა ვირუსი ყველაზე მარტივად სქესობრივი აქტით (ვაგინალური, ორალური და ანალური სექსით) ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია მისი გადაცემა კანის კონტაქტითაც. ამიტომ კონდომი მართალია ამცირებს ინფიცირების რისკს, თუმცა სრულ დაცვას მაინც ვერ უზრუნველყოფს. HPV-ს პრევენციის ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინაციაა, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, 9-14 წლის ასაკის გოგონებსა და ბიჭებს უტარდებათ, თუმცა რეკომენდებულია ზრდასრული ადამიანებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფასო პროგრამა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
რა სიმპტომებს და გართულებებს იწვევს HPV?
ადამიანის პაპილომა ვირუსმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ხილული ნიშანი, როგორიცაა გენიტალური მეჭეჭები და დისკომფორტი. ასევე, ინფექცია ზოგჯერ იწვევს უჯრედულ ცვლილებებს, თუმცა მათი გამოვლენა მხოლოდ PAP ტესტის ან კოლპოსკოპიის საშუალებით ხდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქალებმა რეგულარულად ჩაიტარონ გინეკოლოგიური მონიტორინგი.
რაც შეეხება გართულებებს, ის ყოველთვის არ ვითარდება, თუმცა შესაძლოა ინფექციამ ქალებში გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელისა თუ სხვა სასქესო ორგანოების კიბო, კაცებში კი ანუსის კიბო. ვირუსს ზოგჯერ ახასიათებს რეციდივებიც ანუ ინფექცია შეიძლება პერიოდულად დაბრუნდეს, განსაკუთრებით იმუნიტეტის დაქვეითებისას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, არამხოლოდ ინფექციის მუდმივი მონიტორინგი, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ორგანიზმის გაძლიერება.
ქალებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაგინალური ფლორის დარეგულირება, რაშიც საკვები დანამატი პროვაგი დაგეხმარებათ. ეს საშუალება ორგანიზმს იცავს ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემებისგან. გარდა ამისა, არის ვეგანური, რაც მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან