თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსი „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ კონცერტით გაიხსნა
13:57

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის რიგით XI საერთაშორისო კონკურსი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ ''შემოქმედებითი საქართველოსა" და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სასტუმრო ბორჯომი ლიკანში საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში მსმენელთა წინაშე წარდგნენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები: თამარ ლიჩელი- პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი - პიანისტი, გიგი პიანომენი - პიანისტი, ლიზი რამიშვილი - ჩელისტი, გიორგი ხაინდრავა - მევიოლინე და ირაკლი ევსტაფიშვილი - ფლეიტისტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ახლად არჩეული მერი მამუკა გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, მერის მრჩეველი გიორგი ბუგიანიშვილი და კულტურის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე, კომპოზიტორები, მუსიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები და თენგიზ ამირეჯიბის ოჯახის წევრები.
თამარ ლიჩელი, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელი:
- თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი მეთერთმეტედ ტარდება, ფესტივალი კი - მეცამეტედ. კონკურსი ცოტა მოგვიანებით დაარსდა და იქცა საერთაშორისო კონკურსად. წელს ძალიან ბევრი ქვეყნიდან გვყავს მონაწილეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურსისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ თენგიზ ამირეჯიბის სახელი კიდევ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი და მეორე რიგში იმიტომ, რომ კონკურსის უცხოელი მონაწილეები გაიცნობენ საქართველოს ულამაზეს მხარეს - ბორჯომს. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებით საქართველოს, თბილისის მერიას, ბორჯომის მუნიციპალიტეტს. მინდა ყველა მოვიწვიო კონცერტებზე, რომლებსაც ბორჯომი ლიკანი უმსაპინძლებს. წლევანდელი კონკურსი ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება კი 24 ოქტომბერს გაიმართება.
გიორგი ბუგიანიშვილი, ბორჯომის მერის მრჩეველი:
- ბედნიერები ვართ ბორჯომელები, რომ ასეთი არაჩვეულებრივი კონკურსი ტარდება ჩვენთან. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსის ბორჯომში ჩატარება ამ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. კონკურსი წლიდან წლამდე სულ უფრო წარმატებული და მასშტაბური ხდება. ყველა ბორჯომელი მოუთმენლად ელოდება ამ ღონისძიებას და მასში მონაწილე უნიჭიერეს ადამიანებს. ბორჯომისთვის მსგავსი ღონისძიებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ირაკლი ევსტაფიშვილი, მუსიკოსი:
- თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი უკვე მეთერთმეტედ ტარდება ბორჯომში, ამ უმშვენიერეს ქალაქში. წლევანდელი კონკურსი იმით არის საინტერესო, რომ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებით გაიხსნა და მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი მუსიკოსები წარდგნენ. როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი ინტერესია ამ კონკურსის და ფესტივალის მიმართ, რომლის გამარჯვებულებიც 24 ოქტომბერს გამოვლინდებიან.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის რიგით XI საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, პიანისტები გიორგი ვაჩნაძე (საქართველო/აშშ), შტეფან არნოლდი (გერმანია) და კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ლიჩელი (საქართველო).
24 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება მოსმენები სოლო ფორტეპიანოს მიმართულებით ოთხ კატეგორიაში. საფორტეპიანო დუეტის მიმართულებით - 2 კატეგორიაში. კონკურსში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა პიანისტები 6-დან 25 წლის ჩათვლით.
წლევანდელ კონკურსში ქართველი შემსრულებლების გარდა, მონაწილეობას იღებენ პიანისტები ჩინეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კონკურსის დახურვის საზეიმო ცერემონია და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 24 ოქტომბერს, 20:00 საათზე. გამარჯვებულებს გადაეცემათ საპატიო დიპლომები და ფულადი პრემიები.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი დაარსდა 2015 წელს ბორჯომში, ცნობილი პიანისტის თამარ ლიჩელის თაოსნობით. კონკურსი ატარებს გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის (1927-2013) სახელს და მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესებას, ასევე მათი საშემსრულებლო დონის ამაღლებას.
2015-2016 წლებში კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. 2017 წელს კი კონკურსმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო. ის იმართება ყოველწლიურად ივნისის თვეში, ბორჯომში. წელს კონკურსი ალინკ-არგერიხის საერთაშორისო კონკურსების ფონდში გაწევრიანდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან