დათო ფორჩხიძე: კონფლიქტებს ვერიდები და მეუბნებიან სიბერის ნიშანიაო

  • თბილისელები
  • 4 აგვისტო 15:34, 2020 წელი

მუსიკოსი დათო ფორჩხიძე ამბობს, რომ საკმაოდ დაკვირვებული ადამანია და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რისკავს. ადამიანებთან ურთიერთობისას კი დათმობას ამჯობინებს, რადგან მისი აზრით, კომუნიკაციის დროს ბოდიშის მოხდა ყველაზე კარგად მუშაობს.

მუსიკოსი ყველაზე ძლიერ იარაღს სიმართლეს უწოდებს და ამბობს, რომ ტყუილის თქმა ბავშობიდან არ შეეძლო.


გთავაზობთ ამონარიდს ბლიც-ინტერვიუდან, რომელიც „თბილისელებში“ გამოქვეყნდა.


– მოგონება ბავშვობიდან...


– ადამიანი ცხოვრებიდან ყოველთვის პირველ მომენტებს იმახსოვრებს და ეს პირველი მომენტები ყველაზე ბევრჯერ სწორედ ბავშვობაში ხდება, მაგალითად, ბაღში და სკოლაში წასვლა. ეს პირველი რაღაცები, ყველაფერი კარგად მახსოვს. ცელქი და ხიფათიანი ბავშვი ვიყავი. სოფელში რომ ჩავდიოდი, თანასოფლელებს უხაროდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ იმ საღამოს აუცილებლად გაილახებოდნენ, რადგან სათამაშოდ წავიყვანდი მეზობელ სოფელში, დავბრუნდებოდით გვიან და მშობლები ამაზე გაუჯავრდებოდნენ. მე, როგორც სტუმარს, ბებია-ბაბუა, რა თქმა უნდა, ხელს არ მახლებდა (იცინის). 


– ვრისკავ...


– იქ, სადაც ვემზადები. უფრო ფრთხილი ვარ, ვიდრე რისკიანი. თუ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, ექიმმა ოპერაცია უნდა გააკეთოს ისე, როგორც იცის და როგორც ოფიციალურად წერია. როცა გამოუვალი მდგომარეობაა, მაშინ უნდა გადაუხვიოს წესებს. აქედან გამომდინარე, ისე, უბრალოდ, რისკის მომხრე არ ვარ.


– ვერიდები...


– ამ ბოლო დროს, კონფლიქტებს ვერიდები, რაზეც მეუბნებიან, რომ სიბერის ნიშანიაო (იცინის).


– სიყვარული...


– როდესაც ადამიანს შეუძლია, უყვარდეს ის, ვინც ცოცხალი აღარ არის, რომლისგანაც ვერაფერს ვეღარ მიიღებს, მანდ ჩნდება ენერგია, რომელიც მას ძალიან ეხმარება. სიყვარული დაკავშირებულია ემოციასთან, უემოციოდ არაფერი იქნება – ჩვენი ტვინი და აზროვნება ემოციას არის მიბმული, ერთ უბანშია. სიყვარულზე ძლიერი კაცობრიობას არც იარაღი უჭირავს და არც ძალა და ცოდნა აქვს. ამიტომ მგონია, მხოლოდ ამ ენერგიის წყალობით გადავრჩებით.


– ის, რაც უპატიებელია...


– სიყვარულს შეიძლება არ გააჩნდეს დრო, მარგამ სიძულვილს – კი. აქ მაინც იქით მივდივართ, რომ სიყვარულმა უნდა აჯობოს სიძულვილს. საბედნიეროდ, ისე ვცხოვრობ, რომ უპატიებელი რამე ჩემთან ჯერ არავის გაუკეთებია.


– ბოდიშის მოხდა...


– საერთოდ არ მიჭირს. დათმობა ჩემი სტრატეგიაა. მივხვდი, ადამიანებთან რაც მუშაობს – დათმობა და ბოდიშის მოხდა. ანგელოზები არ ვართ, ყოველ ნაბიჯზე გვეშლება და, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოვიხადოთ. ვინც ბოდიშს არ იხდის, მას შინაგანი კომპლექსი აქვს. ადამიანს ტვინში უზის ვიღაც, რომელიც ეუბნება: არ დაიმცირო თავი, ბოდიში არ მოუხადო... აი, ამ ვიღაცას როგორ აკონტროლებ, ეგაა მთავარი. მე მაგარი დაჩაგრული მყავს და ხანდახან, როცა მჭირდება, შენგან მაინც არაფერი გამოვაო და საერთოდ მანებებს თავს (იცინის).


– რჩევა, რომელიც მახსოვს...


– მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: თუ მართალი ხარ, ვერასოდეს ვერავინ წაგაქცევსო. ბავშვობიდანვე მქონდა ტყუილის თქმის შიში, ვერ ვიტყუებოდი, რადგან ვფიქრობდი, აუცილებლად სადღაც ცუდად დამიმთავრდებოდა. ზოგადად, ტყუილი შიშია, რომელიც ადამიანს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, შეგეშალათ? იქვე აღიარეთ.

წყარო: თბილისელები