სახელი: ზურაბ
გვარი: მოდებაძე
პროფესია: კინოლოგი
მისი პირველი ძაღლი გერმანული ნაგაზი „ლინდა“ იყო, რომელსაც შეეძლო, აღმოეჩინა ნაღმი, ნარკოტიკები, დაეკავებინა დამნაშავე, ადვილად ასრულებდა ბრძანებებს. ზურა ერთ ასეთ ამბავს იხსენებს:
„ერთხელ საქართველოს ჯარში ამერიკელები სწავლებაზე იყვნენ ჩამოსულები, ერთ-ერთი ღონისძიებისას საწვრთნელი ბაზა ჩამოინგრა, სადაც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ამ დროს ლინდა ჩემ გვერდით იყო, არ დაბნეულა, ჩვენგან განსხვავებით, და წამებში ყნოსვით მოძებნა ადგილი, სადაც ერთი ჯარისკაცი ნანგრევებში იყო მოყოლილი.
სწორედ იმ ადგილზე დაჯდა და ყეფა დაიწყო, თითქოს მეუბნებოდა, აქ არის, უშველეთ, ცოცხალიაო. მაშინვე დავიწყეთ ნანგრევების გასუფთავება, იქ მართლაც იყო ერთ-ერთი რიგითი. ის, ლინდას წყალობით, დღესაც ცოცხალია და თავს მშვენივრად გრძნობს“.
ამჟამად ზურას ჰყავს რუსული სპანიელი „ზიზი“ და ამერიკული აკიტა – ერთი წლის „სემი“.
ზურა მოდებაძე „ლინდასთან“ და „ზიზისთან“ ერთად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა და დიდი ნდობითაც სარგებლობდა.
ახლა კი ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის რჩევები მათთვის, ვისაც ძაღლის აყვანა სურთ:
ჯერ კარგად გააანალიზეთ, რისთვის გჭირდებათ ძაღლი – მეგობრად, დამცველად, სამსახურისთვის თუ, უბრალოდ, მოდისთვის;
მერე გაითვალისწინეთ, როგორ გარემოში აცხოვრებთ.
მაგალითად, დობერმანის ჯიში ძალიან აქტიურია და მას კორპუსში ვერ გამოამწყვდევთ, დაიტანჯება;
ჰასკის ჯიში ადვილად ადაპტირდება ცივ ჰავასთან;
გერმანული ნაგაზი კი გენეტიკურად ძალიან ჭკვიანი ჯიშია და ყველანაირ გარემოს ეჩვევა. მოკლედ, უნივერსალური ძაღლია, რომელსაც ნებისმიერ პირობებში შეუძლია მუშაობა, რაშიც ბეწვიც ძალიან უწყობს ხელს.
ფოტოსესია გადაღებულია „საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირის“ საწვრთნელ მოედანზე, სადაც ძაღლების წვრთნები მიმდინარეობს.
ფოტო: ამირან ინიაშვილი