ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური ინდური ტრადიცია
16:39 ორშ. 4 მარტი
ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა თავისი უნიკალური ტრადიციებითა და ქცევის წესებით, რომლებიც ყველაზე გამოცდილ მოგზაურებსაც კი აოცებს.
მაგალითად, ევროპელი ტურისტებს ყველაზე მეტად ქუჩებში ხელჩაკიდებული მამაკაცების დანახვა აოცებთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინდოეთის საზოგადოებაში პატრიარქალური განწყობა ჭარბობს და ინდოელი მამაკაცები სხვებისგან სწორედ მამაკაცურობით გამოირჩევიან, ეს მართლაც უცნაურად ჩანს.
ინდურ საზოგადოებაში მამაკაცს ღმერთებთან აიგივებდნენ და ოჯახის მთავარ განძად მიაჩნიათ. კაცი არის ქალის მთავარი იმედი, მარჩენალი, საყრდენი და უსაფრთხოების გარანტია და ამ კონტექსტში ხელჩაკიდებული მამაკაცების ხილვა მართლაც ძნელი წარმოსადგენია, მით უმეტეს, რომ საქმე მხოლოდ ხელჩაკიდებულ სიარულში არაა.
ინდოეთში თითქმის ყველგან შეხვდებით მოპედზე ერთად მსხდომ მამაკაცებს და არც ხალხით სავსე ავტობუსში მამაკაცის კალთაში მჯდომი მამაკაცის ხილვაა იშვიათობა.
***
ინდური კულტურის ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ინდოელ მამაკაცებში სხეულის ახლო კონტაქტი ყოველთვის ნორმად მიიჩნეოდა. ურთიერთობის ეს ფორმა, ტრადიციულად, ადამიანებს შორის ნდობისა და გულწრფელი მეგობრობის მაჩვენებლად მიიჩნევა, ტრადიციებს კი ინდურ საზოგადოებაში უდიდესი ძალა აქვს.
შესაბამისად, ინდოეთში ასეთი ურთიერთობები მიღებულია. თუმცა, ევროპელები, რომლებიც ინდოეთს წლების წინ სტუმრობდნენ, ამტკიცებენ, რომ 10-20 წლის წინ ინდოელ მამაკაცებში თბილი გრძნობების ასეთი საჯარო გამოვლინება არ შეინიშნებოდა. მეტიც, ხელჩაკიდებული სიარული თუნდაც გოგოსთან, უხამსობად ითვლებოდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ სიმპათიები საკუთარ სახლებში, დახურულ კარს მიღმა უნდა გამოავლინონ.
***
ინდური კულტურის მკვლევარები და სოციოლოგები ფიქრობენ, რომ ინდურ საზოგადოებაში მამაკაცებს შორის ახლო მეგობრობის ასეთი გამოვლინებები შედარებით ცოტა ხნის წინ გაჩნდა და იმითაა გამოწვეული, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინდოეთში ახალშობილი ბიჭების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ტრადიციულად, ინდური ოჯახისთვის ქალი მძიმე ტვირთი იყო და მისი დაბადება ერთგვარ წყევლად ითვლებოდა, ამიტომ ბევრი მამაკაცი ორსულ ცოლს გოგონას მოცილებას (აბორტის გაკეთებას) აიძულებდა.
აქედან გამომდინარე, თანამედროვე ინდურ საზოგადოებაში ქალების დეფიციტი შეიქმნა. სწორედ ქალების სიმცირე გახდა მიზეზი, რომ ინდოელი მამაკაცების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება უფრო ნაზი და ფაქიზი გახდა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საუბარი არავითარ შემთხვევაში არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებზე არაა. ხელის ჩაკიდებით ან ჩახუტებით ინდოელი მამაკაცები მეგობრულ სიყვარულს გამოხატავენ. ესაა და ეს.
***
და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულიერ სამყაროს ინდუსებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ინდოეთში ადამიანებს შორის ურთიერთობების პირდაპირი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, რადგან უცნობია, რა სულიერი ან რელიგიური ფონი უდევს საფუძვლად მათ ურთიერთობას.
ესეც დაგაინტერესებთ:
რას აღნიშნავს ტილაკა - წერტილი ინდუსის შუბლზე?
რას ნიშნავს აღმოსავლური ქვეყნების სახელები: პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბანგლადეში?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან