საკნატუნო ამბები

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიცია და რომელ ქვეყნებში არ აღნიშნავენ მას?

fun time

43 წუთის წინ

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

14
დაკოპირებულია

 ადამიანები საკუთარ დაბადების დღეს ყოველთვის სიხარულით აღნიშნავენ. რა ჯობია მხიარულ სუფრასთან მეგობრების შეკრებას, საჩუქრების მიღებას და თბილი სიტყვების მოსმენას, თუმცა, ხალხი ამ სიამოვნებას დიდი ხნის განმავლობაში მოკლებული იყო — ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობა მაინც.

როდის ჩაეყარა ტრადიციის საფუძველი?

წერილობითი წყაროების თანახმად, პირველად, დაბადების დღე ძველი წელთაღრიცხვით 3000 წელს, ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ფარაონის სასახლეში გაიმართა. მოგვიანებით ეს წესი ასურეთშიც გავრცელდა. საკუთარი თავის პატივსაცემად ზეიმის მოწყობა მხოლოდ მმართველებს და მათ ვაჟებს შეეძლოთ. რაც შეეხება ქალებს, მათი დაბადების თარიღები არც კი ახსოვდათ. პირველი ქალი, რომელმაც დაბადების დღის აღნიშვნის პატივი დაიმსახურა, კლეოპატრა II იყო (ძვ. წ. 175–164 წ).

ძველ საბერძნეთში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის უფლება მხოლოდ ოჯახის უფროსს ჰქონდა, სამაგიეროდ, ღმერთებს ყოველთვიურად ადიდებდნენ: მაგალითად, არტემიდას ყოველი თვის მეექვსე დღეს თაყვანს სცემდნენ.

ქრისტიანულ ტრადიციაში დაბადების დღეების აღნიშვნა მიღებული არ იყო, რადგან მას წარმართულ გადმონაშთად მიიჩნევდნენ, თუმცა, XII საუკუნეში ეკლესიის პოზიცია შედარებით შერბილდა. ამის შემდეგ დაბადების დღის აღნიშვნა არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც შეეძლოთ და დღემდე ასე გრძელდება.

რომელ ქვეყნებში არ აღნიშნავენ დაბადების დღეს?

დღესაც კი ზოგიერთ ქვეყანაში დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიცია არ აქვთ. მაგალითად:

აფრიკის ზოგიერთ ქვეყნის მოქალაქეებმა უბრალოდ არ იციან, როდის დაიბადნენ — ერიტრეადან ევროპაში ჩასული მიგრანტების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ოფიციალური დოკუმენტებისთვის დაბადების თარიღის მითითება მოსთხოვეს. საბოლოოდ, ბევრმა მათგანმა ქვეყანაში მოვლინების თარიღად წლის პირველი დღე — 1 იანვარი აირჩია. შედეგად, 2009 წელს აშშ-ში ჩასული თითქმის 80 000 დევნილიდან 11 000-ს დაბადების დღე 1 იანვარს ჰქონდა.

საუდის არაბეთი, ირანი და სხვა მკაცრად რელიგიური მუსლიმური ქვეყნები — ისლამურ სამყაროში დაბადების დღის აღნიშვნა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კონსერვატიული რელიგიური ლიდერები მიიჩნევენ, რომ დაბადების დღის აღნიშვნა ისლამურ ტრადიციას არ შეესაბამება და დასავლური (ან წარმართული) გავლენაა. ამიტომ, ამ ქვეყნებში მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი ამ დღეს საერთოდ არ ზეიმობს, ტორტისა და სანთლების ნაცვლად კი უპირატესობას მადლიერების ლოცვასა და ქველმოქმედებას ანიჭებს.

ჩრდილოეთ კორეა - აქ დაბადების დღის აღნიშვნა კანონით აკრძალული არ არის, თუმცა 8 ივლისს და 17 დეკემბერს დაბადებულ ადამიანებს დღესასწაულის გადახდა ეკრძალებათ. ეს თარიღები ქვეყნის ყოფილი ლიდერების, კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის გარდაცვალების დღეებია, რის გამოც მთელ ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

ვიეტნამელები დაბადების დღეს ახალ წელს — ტეტ ნგუენ დანს ზეიმობენ. ითვლება, რომ ბავშვს ერთი წელი ზუსტად ამ დღეს უსრულდება და სულ ერთია, სინამდვილეში როდის დაიბადა.

ქვეყნის მიუხედავად, არსებობენ რელიგიური თემები, რომლებიც დაბადების დღეს დედამიწის არცერთ წერტილში არ აღნიშნავენ:

იეჰოვას მოწმეები — მათი რწმენით, ამ ტრადიციას წარმართული ფესვები აქვს. გარდა ამისა, ბიბლიაში ნახსენები დაბადების დღის აღნიშვნის ეპიზოდები ყოველთვის ტრაგიკული მოვლენებით სრულდებოდა.

ამიშები და ძველი ორდენის მენონიტები — ეს ქრისტიანული ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის დაბადების დღის აღნიშვნა სიამაყეს და ეგოიზმს იწვევს, რაც მათ მთავარ ღირებულებას — თავმდაბლობას ეწინააღმდეგება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?