საკნატუნო ამბები

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებში გზის გაგნებას, სადაც ქუჩებს დასახელებები არ აქვს?

fun time

17:22

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

14
დაკოპირებულია

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სახლის მისამართი ქუჩის სახელითა და სახლის ნომრით იწყება, მაგრამ იაპონიაში მისამართების სისტემა სრულიად განსხვავებულია და ქუჩების სახელები მისამართების განსაზღვრის ძირითადი საშუალება არ არის.

ისტორიულად, იაპონური ქალაქები ევროპულისგან განსხვავებულად, ერთიანი ქალაქმშენებლობითი გეგმის გარეშე ვითარდებოდა. ამის გამო, იაპონურ ქალაქებში ქუჩების სახელების ნაცვლად, მისამართების ალტერნატიული სისტემა გაჩნდა, რომელიც ადგილობრივი ადმინისტრაციის თვალსაზრისით, უფრო მოსახერხებელია.

მსხვილ ქალაქებში, მაგალითად, ტოკიოში ან კიოტოში, ცალკეულ ქუჩებს შეიძლება არაოფიციალური სახელწოდებები ჰქონდეს, მაგრამ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფოსტის მისამართებისთვის თითქმის არ იყენებენ. ამის მიუხედავად, იაპონელები საჭირო ადგილებს ადვილად პოულობენ. როგორ ახერხებენ ამას?

იაპონური მისამართი ტერიტორიების მიხედვით იგება და არა ქუჩების. ის მოიცავს:

  1. პრეფექტურას (მაგ. ტოკიო)
  2. მუნიციპალიტეტს ან რაიონს (მაგ. მინატო)
  3. უბანს (ჩო)
  4. კვარტალს (ჩომე 丁目) – მაგალითად, „როპონგი 3-ჩომე“ ნიშნავს როპონგის მე-3 კვარტალს.

მაგალითად: 125000, იაპონია, ტოკიო, ცენტრალური რაიონი, კიოტოს მიკრორაიონი 3-ჩომე, ბლოკი 5-7, ბინა 15.

მთავარი თავისებურება:

1962 წლამდე იაპონიაში შენობებს ნომრებს ანიჭებდნენ მშენებლობისა თუ მიწის რეგისტრაციის ქრონოლოგიის მიხედვით. ანუ, თუ უბანში პირველი სახლი XIX საუკუნეში აშენდა, ის იყო №1, ხოლო მის გვერდით 50 წლის შემდეგ აშენებული — №45.

1962 წელს მიიღეს სპეციალური კანონი, რომლითაც სისტემის მოწესრიგება სცადეს: ბლოკში შენობები საათის ისრის მიმართულებით დანომრეს, თუმცა ძველ უბნებში ქაოსური ნუმერაცია ნაწილობრივ მაინც შემორჩა.

ოსაკის საქმიან უბნებში ან იოკოჰამის ცენტრში მდებარე სახლს ჯერ კვარტალის ნომრით ეძებენ, შემდეგ ბლოკის ნომრით და მხოლოდ ამის შემდეგ - კონკრეტულ შენობას.

იაპონიაში ტერმინი „ჩომე“ (Chōme / 丁目) ქვეყნის უნიკალური მისამართების სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქალაქის რაიონის შიდა კვარტალს ან მიკრორაიონს (ბლოკს) აღნიშნავს.
ქალაქი პატარა ზონებად — ჩომებად იყოფა. თითოეული ჩომე ბლოკებისგან შედგება, რომლებსაც ხშირად მკაფიო საზღვრები აქვთ. კუთხეებში შეხვდებით აბრებს, რომლებზეც მითითებულია რაიონი და ბლოკის ნომერი — ზუსტად ეს არის ძებნის გასაღები.

ფაქტობრივად, ორიენტაცია ხდება პრინციპით „რომელ კვარტალში მდებარეობს შენობა“ და არა - „რომელ ქუჩაზე“.

მიუხედავად ამისა, იაპონიაში თითქმის თითოეული სახლის ან დაწესებულების ახლოს ნახავთ უბნის პატარა რუკას. მასზე აღნიშნულია მიმდინარე მდებარეობა („თქვენ აქ ხართ“) და ირგვლივ მდებარე შენობები, რაც ძალზე ამარტივებს ძებნას.

გარდა ამისა, იაპონელები აქტიურად იყენებენ ციფრულ რუკებსა და ნავიგაციას. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ნაგოია ან საპორო, სმარტფონი GPS-ით სრულად აგვარებს რთული ნუმერაციის პრობლემას.

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს ჩვეული და გასაგები სისტემაა. სირთულეები ძირითადად ტურისტებს ექმნებათ, მაგრამ დაფიქრდით, ჩვენთან, ქუჩის პოვნის შემდეგ, შესაძლებელია საჭირო სახლის საპოვნელად კიდევ ძალიან დიდხანს იაროთ, იაპონიაში კი საჭირო კვარტალისა და ბლოკის პოვნის შემდეგ რამდენიმე წუთში მიაგნებთ როგორც სახლს, ისე ბინასაც!

იაპონური მისამართების სისტემას კიდევ რამდენიმე თავისებურება ახასიათებს:

ა) ევროპისა და საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ჯერ სახელს/გვარს და ქუჩას ვწერთ და ბოლოს ქალაქსა და ქვეყანას, იაპონელი მისამართს ყველაზე დიდი გეოგრაფიული ერთეულით იწყებს: ინდექსი ➔ პრეფექტურა ➔ ქალაქი/რაიონი ➔ უბანი (ჩო) ➔ კვარტალი (ჩომე) ➔ ბლოკი (ბანჩი) ➔ შენობის ნომერი (გო) ➔ ადრესატის სახელი.

ბ) იაპონური მისამართების სისტემაში ქალაქები კიოტო და საპორო, სადაც ქუჩებს სახელები აქვს, იშვიათი გამონაკლისებია.

კიოტო ძველი ჩინური დედაქალაქების მიხედვით დაგეგმარდა, ამიტომ მას ბლოკური სისტემის ნაცვლად, მკაფიო, „ბადისებრი“ ქუჩების სისტემა აქვს. ადგილობრივები ორიენტაციისთვის ხშირად ქუჩების გადაკვეთებსა და მიმართულებებს იყენებენ (მაგალითად: „კარასუმასა და შიჩიჯოს გადაკვეთიდან სამხრეთით“).

ქალაქი საპორო XIX საუკუნის ბოლოს, ამერიკელი გეგმარებლების გავლენით დაპროექტდა, ამიტომ კომპასის მხარეების მიხედვითაა დაყოფილი (მაგ.: „ჩრდილოეთი 5, დასავლეთი 2“).

საფოსტო სიმბოლო 〒

იაპონიაში საფოსტო ინდექსის წინ ყოველთვის იწერება სპეციალური სიმბოლო 〒 (წარმოქმნილი იაპონური სიტყვიდან Teishin-shō — ფოსტის სამინისტრო). თუ გზაზე ან შენობაზე ამ ნიშანს დაინახავთ, იცოდეთ, რომ იქვე ახლოს ფოსტა ან საფოსტო ყუთია.

კუთხის აბრები (Jūkyō hyōji)

მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ ქალაქებში ქუჩის აბრები არ არის, ყველა კუთხის ბოძზე ან შენობის კედელზე ლურჯ/მწვანე მეტალის ფირფიტებს ნახავთ. მათზე დიდი იეროგლიფებითა და ციფრებით ბლოკის კოორდინატები წერია, რაც ფეხით მოსიარულეს ორიენტირებას უადვილებს.

***

იაპონიის 10 უცნაურობა

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელში მუშახელს ეძებენ

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელიც იაპონიაში გამოგზაურებთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს