როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და რატომ ეკრძალებოდათ ქალებს ჯიბეებიანი სამოსი?
16:10
თანამედროვე მოდის სამყაროში ჯიბეებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ, თუმცა XVI საუკუნემდე მათ არსებობის შესახებ არავინ იცოდა. ამ დროს ჯიბის დანიშნულებას ქამარზე ჩამოკიდებული ქსოვილის პატარა ქისა ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ ჯიბე პირველად მამაკაცის სამოსს დაემატა, ქალის ტანსაცმელზე კი გაცილებით გვიან გამოჩნდა.
ქამარზე დამაგრებული ჯიბის ყველაზე ადრეული პროტოტიპი მეცნიერებმა ეცის ყინულის კაცის მუმიაზე აღმოაჩინეს, რომელიც სპილენძის ხანაში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3350 წელს ცხოვრობდა. იმ დროისთვის ამ მეტად სასარგებლო ქისაში ეწყო: კაჟი, ცხოველის ძვლისგან დამზადებული სადგისი, საფხეკი და ხმელი სოკო.
ძველად, ახლო აღმოსავლეთში ჯიბეების მაგივრობას მილისებურად შეკერილი ქსოვილის ქამრები ასრულებდა. ამ მილის ერთ ბოლოს ამოკერავდნენ, მეორეს კი ღიას ტოვებდნენ, რათა შიგნით ფული, ძვირფასეულობა და სხვა წვრილმანი ნივთები ჩაელაგებინათ. იაპონიასა და ჩინეთში კი ჯიბეებად ტანსაცმლის ფართო სახელოებს იყენებდნენ, რომლებიც ტევადობით ბევრ ჩანთასაც კი სჯობდა.
ბრიტანელი მოდისა და დიზაინის ისტორიკოსი, კურატორი და მკვლევარი რებეკა ენსუორთი წერდა, რომ ტანსაცმელზე მიკერებული ჯიბეები XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. ხშირად მათ ღილებითაც კი კეტავდნენ, რაც ნივთებს ქურდებისგან იცავდა. ამბობენ, რომ ჩაკერებულმა ჯიბეებმა განსაკუთრებული პოპულარობა 1670-იან წლებში, მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლუი XIV-ის ჟილეტსა და კამზოლზე გამოჩნდა.
ჯიბეების მთავარი დანიშნულება სათუთუნეს კომფორტულად ტარება გახლდათ. XVIII საუკუნეში, ჯიბეებმა კოსტიუმის ჟილეტებზე გადაინაცვლა — იქ სათუთუნეებს, ჯიბის საათებს, ფულსა და უბის წიგნაკებს ინახავდნენ. XX საუკუნის პირველ ნახევარში მამაკაცის ჟილეტზე გულის ჯიბე გაჩნდა.
1921 წელს აშშ-ში სტუმრად მყოფმა უელსის პრინცმა ტანსაცმლის სარქველებიანი ჯიბეებით მიიქცია ყურადღება. იმ პერიოდში ასეთი ჯიბეებით სიარული მხოლოდ მუშებსა და მეტყევეებს შეეძლოთ, თუმცა პრინცის ვიზიტის შემდეგ ამერიკელმა მკერავებმა მასობრივად დაიწყეს სარქველებიანი ჯიბეებით დამშვენებული კოსტიუმების კერვა.
სანამ კაცები ახალ-ახალ ჯიბეებს ეჩვეოდნენ, ქალები კვლავ ქსოვილის ქისებით დადიოდნენ, რომლებიც მრავალფენიანი კაბების ჭრილებში ჰქონდათ დამალული. ეს 20–40 სანტიმეტრიანი ქისები საკმაოდ მოუხერხებელი იყო, თუმცა მოდის სტანდარტები ალტერნატივას არ ითვალისწინებდა. გარდა ამისა, ქალებს ნივთების ტარება ეკრძალებოდათ. ითვლებოდა, რომ კაცები „საქმეს აკეთებენ“, ქალები კი „უბრალოდ ლამაზები“ არიან და ნივთების ტარება არაფერში სჭირდებათ. ქისების დამალვა მანამდე ხერხდებოდა, სანამ ფუმფულა, განიერი კაბები მოდიდან გადავიდოდა, XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან კი, როცა მოდაში ტანზე მომჯდარი კაბები შემოვიდა, ქალების გარდერობში ქისისთვის ადგილი აღარ დარჩა.
1790-იან წლებში, საფრანგეთის რევოლუციის დროს, ქალებს ჯიბეები საერთოდ აუკრძალეს, რომ შიგნით რევოლუციურ-პროპაგანდისტული ლიტერატურა არ დაემალათ. მოგვიანებით, მაღალ საზოგადოებაში პატარა ჩანთები -„რედიკიულები“ დამკვიდრდა, რომელშიც გასაღები, ფული და ცხვირსახოცი ეტეოდა.
ქალებმა ჯიბეებისთვის ბრძოლა XIX საუკუნის ბოლოს დაიწყეს — ეს დეტალი პირდაპირ დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. ახალი პროფესიების ათვისებამ, სპორტში აქტიურმა ჩართვამ და 1930-იანი წლებიდან ჯინსის შარვლების დამკვიდრებამ ამ პროცესს დიდი ბიძგი მისცა. მიუხედავად ამისა, დიზაინერები და მკერავები ქალის კაბაზე ჯიბეების მიკერებას ეწინააღმდეგებოდნენ და ამის მიზეზად თარგის სირთულესა და ესთეტიკას ასახელებდნენ.
მართალია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქალის სამუშაო კომბინიზონებზე მოსახერხებელი ჯიბეები მაინც გაჩნდა, თუმცა საგარეო და ყოველდღიური ტანსაცმელი ჯიბეების გარეშე კიდევ დიდხანს რჩებოდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯიბეებთან ბრძოლა ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან დიორმა გააგრძელა. ის უჯიბო სამოსის პოპულარიზაციას ეწეოდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1899 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, The New York Times-მა ჯიბეებს ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი უწოდა — რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, მით მეტი ჯიბე სჭირდება.
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან