სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთავარი გატაცების ამბავი
16:45 ხუთ. 6 აგვისტო
დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი საყვარელი პემბროკ ველშ კორგების (Pembroke Welsh Corgi) ურთიერთობა ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ამბავია.
საუკუნის მანძილზე ჟღალი და მოკლეფეხება უელსური კორგები მხოლოდ უინძორების ოთხფეხა მეგობრები კი არა, სამეფო ტახტის იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყვნენ. მაინც, რატომ ინარჩუნებდნენ ბრიტანელი მონარქები ერთგულებას კორგების მიმართ, როდესაც ხელი მსოფლიოში ყველაზე იშვიათ და ეგზოტიკურ ჯიშებზე მიუწვდებოდათ?
სელექციის დასაწყისი
ელისაბედ II-ის კორგებით გატაცება 1933 წლიდან იწყება. სამეფო ოჯახის ბიოგრაფები დებორა და საიმონ სტეისები ნაშრომში „The Corgi and the Queen“ წერდნენ: შვიდი წლის პრინცესა ელისაბედი და მისი და, პრინცესა მარგარეტი, მისის თელმა გრეის ძაღლსაშენს ეწვივნენ, სადაც ლეკვი, სახელად „როზეილ გოლდენ ეგლი“ მოეწონათ.
სწორედ ამ კუდმოჭრილმა პემბროკმა, რომელსაც დუკი (Dookie) დაარქვეს, დასაბამი დაუდო სამეფო სელექციას. მომავალი დედოფლისთვის, რომლის ბავშვობის წლებმაც ბიძის გადადგომისა და მამის მეფობისთვის მზადების გამო სრულ იზოლაციაში გაიარა, ძაღლი სათამაშო კი არა, ემოციური საყრდენი გახდა. ამ კავშირს ჯონ ბოულბის მიერ შემუშავებული „მიჯაჭვულობის თეორია“ ზუსტად ხსნის: მკაცრი შინაგანაწესის სამყაროში კორგები ლილიბეთისთვის (დედოფლის მეტსახელი) ერთადერთ „თანასწორ“ არსებებად იქცნენ, რომლებიც მას უპირობო სიყვარულსა და სითბოს ჩუქნიდნენ.
კინოლოგიური თვალსაზრისით, უელსური კორგი პემბროკის არჩევა სამეფო კარისთვის შემთხვევითი არ ყოფილა. ამ ჯიშის გენეტიკური მრავალფეროვნების კვლევები, რომლებიც ჟურნალ „Journal of Heredity“-ში გამოქვეყნდა, კორგის სამუშაო თვისებებს ხაზს უსვამს. ეს არის მეცხვარე ძაღლი, რომელიც მსხვილფეხა რქოსანი საქონლის სამწყემსად გამოიყვანეს. მას სიმამაცე, მაღალი ინტელექტი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ბუნებრივად დაჰყვა.
ელისაბედ II-ისთვის, რომელიც ომის დროს სატვირთოს მართავდა და საჯინიბოებსაც თავად პატრონობდა, დეკორატიული ძაღლის ყოლა სრულიად მიუღებელი იყო, მათგან განსხვავებით, კორგი ნამდვილი პარტნიორია. ძაღლების ინტელექტის ექსპერტი, პროფესორი სტენლი კორენი თავის წიგნში „The Intelligence of Dogs“ პემბროკებს სამუშაო თვისებებით მე-11 ადგილზე აყენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ძაღლი სოციალური მანიპულირების უნარით ერთ-ერთ პირველ პოზიციაზეა, რაც ინტრიგებით აღსავსე სასახლის ცხოვრებას კარგად ეხამებოდა.
სიუზანი - დედოფლის პირველი კორგი
18 წლის იუბილეზე ელისაბედს აჩუქეს კორგი სახელად სიუზანი. სწორედ სიუზანი გახდა სამეფო დინასტიის „დედა ფუტკარი“ — დედოფლის ყველა მომდევნო კორგი (14 თაობის განმავლობაში) სწორედ სიუზანის პირდაპირი შთამომავალი იყო.

დედოფალს ის იმდენად უყვარდა, რომ 1947 წელს პრინც ფილიპთან ერთად თაფლობის თვეში წასვლისას, სიუზანი პლედის ქვეშ დამალული წაიყვანა.
ცხოვრების განმავლობაში ელისაბედ II-ს 30-ზე მეტი კორგი ჰყავდა. უინძორის ციხესიმაგრის ძაღლსაშენი კომერციული არასდროს ყოფილა — ლეკვებს არ ყიდდნენ, მათ ან დედოფალთან ტოვებდნენ, ან ნდობით აღჭურვილ პირებს (მეტყევეებს, სასახლის პერსონალს ან ოჯახის წევრებს) ჩუქნიდნენ.
დორგი - ახალი ჯიში
დედოფალი ელისაბედი და მისი და, პრინცესა მარგარეტი, სრულიად შემთხვევით ახალი ჯიშის შექმნის მიზეზი გახდნენ. მარგარეტის დაქსჰუნდი (ტაქსა) სახელად პიპინი და ელისაბედის ერთ-ერთი კორგი შეწყვილდნენ, რის შედეგადაც პირველი დორგები დაიბადნენ. დედოფალს ეს ნაჯვარი ძალიან მოეწონა და წლების განმავლობაში რამდენიმე ასეთი ძაღლიც ჰყავდა.
დედოფლის კორგების ყოველღიურობა
სამეფო კორგები ძაღლის საჭმელს არ ჭამდნენ. მათთვის კერძებს ბუკინგემის სასახლის შეფ-მზარეულები ამზადებდნენ. მენიუ ყოველდღიურად იცვლებოდა და მასში შედიოდა:
- ახალი სტეიკი, საქონლის ხორცი, ხბოს ხორცი ან კურდღელი.
- მოხარშული ქათამი და ღვიძლი.
- სპეციალურ სოუსები, რომლებიც ძაღლების საჭმელზე დედოფლის თანდასწრებით ისხმებოდა.
დედოფალს თავად უყვარდა ძაღლების გამოკვება და ხშირად ოთხფეხა მეგობრებს ვერცხლის ჯამებიდან, საკუთარი ხელით აჭმევდა.

კორგებს ბუკინგემის სასახლეში გადაადგილების აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ. მათთვის გამოყოფილი იყო სპეციალური „კორგების ოთახი“, სადაც იატაკიდან ოდნავ აწეულ ამოფენილ კალათებში ეძინათ, რათა ორპირ ქარს არ შეეწუხებინათ.
ელისაბედ II-ს თავისი ოთხფეხა მეგობრების ხასიათი იმდენად აინტერესებდა, რომ 1980-იან წლებში პრესაში გავრცელებული ცნობებით, ძაღლებისთვის ასტროლოგიურ რუკებსა და ჰოროსკოპებსაც კი უკვეთდა,მათი ქცევის უკეთ გასაგებად.

ლინკოლნის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა 2019 წლის კვლევაში დაამტკიცეს, რომ ძაღლები პატრონის ხასიათის შტრიხებს ითვისებენ. ელისაბედის კორგები ცნობილნი იყვნენ სიმტკიცითა და უცხოების მიუღებლობით — ზუსტად ისე, როგორც თავად დედოფალი, რომელიც საჯაროდ იშვიათად იღიმებოდა.
2022 წლის 8 სექტემბერს დედოფლის გარდაცვალებამ დღის წესრიგში დააყენა კითხვა — რა ბედი ელოდათ მის უკანასკნელ ოთხფეხა მეგობრებს? სიცოცხლის მიწურულს მას ორი წმინდა სისხლის კორგი (სენდი და მოიკი), დორგი (ფერგუსი) და მოგვიანებით შეძენილი კოკერ-სპანიელი (ლისი) დარჩა. საბოლოოდ, ძაღლები იორკის ჰერცოგმა, პრინცმა ენდრიუმ და მისმა ყოფილმა მეუღლემ, სარა ფერგიუსონმა შეიფარეს.
სასახლის ტერიტორიაზე (სანდრინგემში) არის სპეციალური სასაფლაო დედოფლის კორგებისთვის. თითოეულ ძაღლს საფლავის ქვა აქვს, რომელზედაც დაბადებისა და სიკვდილის თარიღები და დედოფლის მიერ შერჩეული წარწერაა ამოკვეთილი.
სელექციის დასასრული
ბრიტანელი ანთროზოოლოგიის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან ერთად კერძო სელექციის უნიკალური, 80-წლიანი პროგრამა დასრულდა.

მეფე ჩარლზ III ამ ჯიშის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არ განიცდის და უპირატესობას ჯეკ-რასელ-ტერიერებს ანიჭებს. ეს მხოლოდ გემოვნების ცვლილება კი არა, კულტურული გარდატეხაცაა: XXI საუკუნის მონარქია „სოფლის მწყემსური დინასტიის“ იმიჯს ჩამოშორდა და უფრო ტექნოკრატიულ,სტილზე გადავიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან