საკნატუნო ამბები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავშირმა?

fun time

19:02

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

14
დაკოპირებულია

დღეს პომიდვრისგან დამზადებული ეს მოტკბო-მომწარე სოუსი ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება და ბევრისთვის მის გარეშე საუზმე, სადილი თუ ვახშამი წარმოუდგენელია, თუმცა საბჭოთა კავშირის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც კეტჩუპი  ოფიციალურად აიკრძალა.

სსრკ-ში ამერიკული კეტჩუპი იწარმოებოდა

ბევრმა არ იცის, რომ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კვების მრეწველობას სახალხო კომისარი ანასტას მიქოიანი ხელმძღვანელობდა, რუსეთში კეტჩუპის წარმოება დაიწყო. ამ დროს ამერიკული ტექნოლოგიით წარმოებული კეტჩუპი ყველა მაღაზიაში იყიდებოდა.

ანასტას მიქოიანი აშშ-ში ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა — 1936 და 1959 წლებში, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავდა და ამერიკულ ეკონომიკასა და კვების მრეწველობას ეცნობოდა.

მიქოიანს უცხოური სოუსის მასობრივი წარმოების იდეა აშშ-ში ვიზიტის დროს გაუჩნდა, როდესაც კეტჩუპიანი კერძები გასინჯა და ძალიან მოეწონა. იმ დროს საბჭოთა კავშირში პომიდორი საკმარისი რაოდენობით მოჰყავდათ, სოუსის დამზადებას კი რთული დანადგარები არ სჭირდებოდა.

ცნობისათვის - ამ ვიზიტების შემდეგ მიქოიანმა საბჭოთა კავშირში არაერთი სიახლე დანერგა, მათ შორის ნაყინის წარმოება.

ფოტოზე: ანასტას მიქოიანი აშშ-ში ვიზიტით 1959 წელს

კეტჩუპის ქსელში გაყიდვასა და გავრცელებას კვების მრეწველობის სამინისტროს „გლავკონსერვი“ ხელმძღვანელობდა. იმპორტულ სოუსს ტომატის პიურესგან, არომატული სანელებლებისა და სუნელების დამატებით ამზადებდნენ.

კეტჩუპის პოპულარიზაცია

1935 წლიდან სსრკ-ში კეტჩუპის აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ხალხში ამერიკული პროდუქტის პოპულარიზაციას იმ დროს ეწეოდნენ, როდესაც დასავლური ღირებულებების მომხრეებს ციხეში სვამდნენ ან დახვრეტას უსჯიდნენ.

საბჭოთა კეტჩუპი საკმაოდ იაფი ღირდა — 250-გრამიანი ქილა 1,60 მანეთი, ხოლო ნახევარი კილოგრამი — 2,25 მანეთი (შედარებისთვის - იმ დროს 1 კგ სოსისი 10 მანეთი ღირდა).

1930-იან წლებში სოუსი დიდი რაოდენობით იწარმოებოდა, თუმცა მოსახლეობა უცებ ვერ მიეჩვია. 30-იანი წლების ბოლოს კეტჩუპზე მოთხოვნა გაიზარდა, ბევრმა მისი განსხვავებული გემო შეიყვარა კიდეც, თუმცა სოუსმა საყოველთაო აღიარება მაინც ვერ მოიპოვა.

რატომ შეწყდა კეტჩუპის წარმოება?

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ამერიკული სოუსის წარმოება შეჩერდა — ხელისუფლებას სულ სხვა, განსხვავებული პრიორიტეტები გაუჩნდა. საწარმოო ხაზები, სადაც მანამდე კეტჩუპს ამზადებდნენ, სხვა პროდუქციის გამოშვებაზე გადავიდნენ.

1940-იანი წლების მეორე ნახევარში, ცივი ომის დაწყებასთან ერთად, გუშინდელი მოკავშირე აშშ საბჭოთა კავშირის მთავარ მტრად იქცა. შედეგად, ამერიკული ტექნოლოგიით დამზადებული ყველა პროდუქტის წარმოება აიკრძალა. საბჭოთა მოქალაქეებს სამუდამოდ უნდა დაევიწყებინათ პროდუქტი, რომელსაც 20 წლის წინათ ასე აქტიურად ურეკლამებდნენ.

1950-იანი წლების დასაწყისში იმ კულინარიული წიგნების გაყიდვაც კი აიკრძალა, სადაც კეტჩუპი იყო ნახსენები. საბჭოთა ხელისუფლებამ საკითხი ხისტად გადაჭრა — კეტჩუპი უბრალოდ აღარ არსებობდა.

ალტერნატიული სოუსები

კვების მრეწველობის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ამერიკული სოუსის ადგილობრივი ანალოგებით ჩანაცვლება სცადეს. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ლეგენდარული საბჭოთა სოუსები: „ოსტრი“, „იუჟნი“ და „კრასნოდარსკი“, თუმცა, მათ მაინც ვერ შეძლეს ნამდვილი კეტჩუპის ადგილის დაკავება

1950-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირში ბულგარული კეტჩუპი გამოჩნდა, რომელიც თვალის დახამხამებაში დეფიციტური საქონელი გახდა. ეს სოუსი მაღაზიებში იშვიათად ხვდებოდა და მის ირგვლივ ყოველთვის დიდი აჟიოტაჟი იყო. აშშ-სა და ევროპიდან კეტჩუპის იმპორტი კი საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1980-იან წლებში აღდგა.

დაბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი კეტჩუპის შესახებ:

კეტჩუპი თავიდან... თევზის სოუსი იყო

კეტჩუპის სამშობლო აზიაა. სიტყვა ჩინური დიალექტიდან მოდის — kê-tsiap, რაც დამარილებული თევზის სოუსს ნიშნავდა. XVII საუკუნეში ბრიტანელმა მეზღვაურებმა ეს მარილიანი, თევზისგან დამზადებული სოუსი აზიაში გასინჯეს და ევროპაში ჩამოიტანეს.

პომიდორი შხამიანი ეგონათ

პომიდვრის კეტჩუპში დამატება მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში (1812 წელს) მოიფიქრეს. მანამდე ევროპასა და ამერიკაში მიაჩნდათ, რომ პომიდორი შხამიანი მცენარე იყო.

კეტჩუპს წამლად ყიდდნენ!

1830-იან წლებში ამერიკელმა ექიმმა ჯონ კუკ ბენეტმა გამოაცხადა, რომ პომიდორს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების განკურნება შეუძლია. მან შექმნა „კეტჩუპის აბები“ და მათ აფთიაქებში სამკურნალო მედიკამენტად ყიდდა!

კოსმოსშიც კი გაფრინდა

კეტჩუპი იმ მცირერიცხოვან სანელებლებს შორის შორისაა, რომელიც NASA-ს ასტრონავტებს კოსმოსში მიაქვთ. კოსმოსში გემოს რეცეპტორები ცოტათი დუნდება, ამიტომ ასტრონავტები კეტჩუპს იყენებენ, რომ საჭმელს მძაფრი გემო მიეცეს.

***

როგორ უვლიდნენ საბჭოთა ქალები თმას შამპუნების გარეშე?

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად საბჭოთა კავშირში?

რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?